გავრცელებული ინფორმაციით, ლანჩხუთში „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი ლელა ჩახვაძე იქნება.
როგორც ამბობენ, პარტიის გადაწყვეტილება ლანჩხუთში მერობის კანდიდატთან დაკავშირებით მიუღებელია ადგილობრივი ორგანიზაციის ახლადდანიშნული თავმჯდომარისთვის, ელგუჯა ჩხაიძისთვის. არ არის გამორიცხული, რომ ჩხაიძემ ამის ფონზე „პატრიოტების“ რიგები დატოვოს.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ელგუჯა ჩხაიძეს დავუკავშირდით, რომელმაც ჩვენთან სატელეფონო საუბრისას არც უარყო და არც დაადასტურა პარტიაში განვითარებული მოვლენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
„გამორიცხული არაფერია, ღმერთმა მოახმაროს „პატრიოტებს“ ჩახვაძე. წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა, ყველა დეტალს ვაზუსტებ და ხვალისთვის ვგეგმავ პრესკონფერენციის გამართვას, სადაც ღიად ვისაუბრებ, რა როგორაა და რა სამომავლო გეგმები მაქვს“, _ გვითხრა ჩხაიძემ.
ცნობისთვის, ჩახვაძის შვილმა გვანცა ჩხარტიშვილმა, რომელიც მმართველი გუნდის მხრიდან ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მაჟორიტარობის კანდიდატადაც კი მოაზრებოდა, რამდენიმე დღის წინ პრესკონფერენცია გამართა და ხმაურიანი განცხადების ფონზე „ქართული ოცნების“ რიგები დატოვა. ჩხარტიშვილი ამის მიზეზად პარტიაში გამეფებულ უსამართლობასა და განუკითხაობას ასახელებდა.
რაც შეეხება უშუალოდ ლელა ჩახვაძეს, იგი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელია და წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ აქტიური წევრი იყო.