დღეს მთელ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლა მიმდინარეობს.
ხელისუფლების თუ სხვა არაერთი ქველმოქმედის მხრიდან გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, რაც მიზნად ისახავს უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობის თუ მარტოხელა ხანდაზმულების ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, არსებობს საზოგადოების ნაწილი_ შშმ პირები, რომლებიც პანდემიანდეც არაერთი პრობლემის წინაშე იდგნენ.
კითხვებით _ როგორ აფასებთ ამ პერიოდში სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, არის თუ არა ეს საკმარისი შშმ პირების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რა გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ ეს ადამიანები დღეს და როგორ უნდა მოხდეს თქვენი შეფასებით, მათი საჭიროებების ბოლომდე დაკმაყოფილება?
ვინ უნდა იზრუნოს მათზე? რას ეტყოდით იმ ოჯახებს, რომლების წევრიც, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია (ვიცით რომ ეს სტიგმად რჩება და ბევრ ოჯახში, სამწუხაროდ, დიდ აგრესიას, არასათანადო დამოკიდებულებას იჩენენ მათ მიმართ) _ „გურია ნიუსმა“ „ღვთისშვილთა კავშირის“ ხელმძღვანელს, ნონა კენჭუაშვილს მიმართა.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის საზოგადოებისაგან დისტანცირება და იზოლირება უცხო არ არის. COVID-19-ის გავრცელებამდეც მათ მიმართ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობდა სტიგმა.ნურც იმით მოვიტყუებთ თავს, რომ აქტივობები, რაც იმართებოდა შშმ პირთათვის და მათი მონაწილეობით, მისაწვდომი იყო ამ სტატუსის მქონე ყველა ბავშვის, მოზარდისა თუ 18 წელს გადაცილებული პირისთვის. პანდემიამდეც უმძიმესი იყო ასაკოვან, ეტლს ან საწოლს მიჯაჭვულ პირთა მდგომარეობა, რომლებიც საჭიროებდნენ ოჯახის წევრთა მუდმივ მეთვალყურეობას და ზრუნვას, რაც ამ ოჯახებისთვის სულაც არ იყო იოლი, როგორც ფსიქო-ემოციური თვალსაზრისით, ისე ფინანსურად.
ცალსახად და სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არც მანამდე, ახლა კი მით უფრო, საჭირო ინფორმაცია და სხვა სიკეთეები, რისი მიღების უფლებაც აქვთ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ყოველდღიური ცხოვრებისთვის, არ აღწევს რაიონული ცენტრებიდან მოშორებულ სოფლებში მცხოვრებ შშმ პირებამდე.
„შშმ პირები ისე გრძნობენ თავს, თითქოს ისინი დატოვეს პროცესს მიღმა“ _ შეშფოთებით აღნიშნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საკითხებზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა კატალინა დევანდასმა. ექსპერტმა ასევე ხაზგასმით მიუთითა შშმ პირთა და მათი ოჯახების სიღარიბისა და მოწყვლადობის დონის გაზრდის რისკის შესახებ“,_ ამბობს კენჭუაშვილი.
„ღვთისშვილთა კავშირის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ დღეს, როცა თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა საფრთხის ქვეშ, რასაკვირველია, პირველ რიგში, ისმის კითხვა სამკურნალო დაწესებულებები, მათ შორის ე.წ. ცხელების ცენტრები რამდენად არიან მზად შშმ პირთა მომსახურებისთვის, პასუხი არსად არც შესაბამისი უწყებების მიერ გამოცემულ დოკუმენტებში და არც ზეპირ განცხადებებში არ იკითხება.
„გაცხადებულია, რომ საკარანტინე ზონებიდან ერთი ობიექტი მზადაა შშმ პირთა მისაღებად, აქ ნაგულისხმევია, რომ შენობა ადაპტირებულია, თუმცა, არავის განუმარტავს, თუკი სამედიცინო დაწესებულებაში ან კარანტინში მოხვდება სმენისა და მეტყველების არმქონე პირი, რა რესურსი არსებობს მათთან კომუნიკაციისთვის.
მე მივესალმები ონლაინ სწავლებას, რაშიც აქტიურად არიან ჩართულნი სპეციალური საგანმნათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, ასევე, მივესალმები ტელეგაკვეთილებს, როგორც სასწავლო პროცესის ხელშემწყობ პლატფორმას, ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მართალია დაგვიანებით, მაგრამ გაკვეთილებს თან ახლავს სურდო თარგმანი, თუმცა კვლავ პრობლემად რჩება ტიტრები, რაც ბევრი სმენის პრობლემის მქონე მოზარდისთვის მნიშვნელოვანია.
კარგია, რომ სახელმწიფომ მიიღო რიგი გადაწყვეტილებები დღის ცენტრებისა და სხვა სოციალური სერვისების შენარჩუნების მიზნით, მათ შორის, გაკეტდა განცხადება ბენეფიციართა კვების ვაუჩერებით უზრუნველყოფის შესახებ, თუმცა განსაკუთრებით მტკივნეულია ის ფაქტი, რომ ბავშვები, გნებავთ 18 წელს გადაცილებული პირები რომელთაც დღემდე „ვერ ხედავდა“ სახელმწიფო ზრუნვის სისტემა, კვლავ რჩებიან ყურადღებისა მიღმა და მხარდაჭერის გარეშე“,_ ამბობს „ღვთისშვილთა კავშირის“ ხელმძღვანელი.
ნონა კენჭუაშვილი აღნიშნავს, რომ ჰიგიენის დაცვისა და სახლში დარჩენისკენ მოწოდებები ხშირად ისმის, მაგრამ არავინ საუბრობს იმ ოჯახებზე, რომლებსაც ნორმალური საცხოვრებელი არ აქვთ.
„დარჩით სახლში“, „დაიცავით ჰოგიენა“ ისმის ყოველ წამს და ყველას მიერ, მაგრამ რატომღაც არავინ საუბრობს იმ ოჯახებზე, რომლებიც ცხოვრობენ (თავშეფარებულნი არიან) „სადღაც“ მიტოვებულ შენობებში, ფარდულში, მოქოხილ სადგომში, ისეთ გარემოში, რასაც სახლს ვერ დაარქმევ, აღარაფერს ვამბობ იმ ფაქტზე, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ და ვერ ექნებათ დამცავი საშუალებები თუკი ვინმემ არ მიაწოდა. ეს „ვინმე“ უნდა იყოს უპირველესად სახელმწიფო და შემდეგ საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ სამოქალაქო აქტივისტები. ყველა დროში და ნებისმიერ სიტუაციაში სიღარიბე აზიანებს ჯანმრთელობას და აფერხებს განვითარებას. ხანდაზმულ და შშმ პირებთან ერთად, განსაკუთრებულად საყურადღებო და მოწყვლად ჯგუფს ეს ოჯახები და ბავშვები წარმოადგენენ.
რაკიღა სიღარიბით მოცულ შინამეურნეობებს შევეხეთ, აუცილებლად უნდა შევნიშნოთ, რომ მუნიციპალიტეტები, ბიზნესსექტორის შემოწირულობებით საინიციატივო ჯგუფები და კერძო პირები უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ახორციელებდნენ სასურსათო და გადაუდებელი დახმარების პროგრამას, რაც უდაოდ მისასალმებელი ფაქტია, თუმცა ეს ყველაფერი ხდებოდა უსისტემოდ, არავის უფიქრია და არ შექმნილა მაკოორდინირებელი პასუხისმგებელი სტრუქტურა, რომელიც აღრიცხავდა (უნდა აღერიცხა) სად, რამდენ, ზუსტად რა კატეგორიის ადამიანებს მიეწოდათ ეს დახმარება, ამ დახმარებაში როგორი იყო საბიუჯეტო სახსრების წილი, გაანალიზებდა სისტემატიზებულ მონაცემებს რაც საფუძვლად დაედებოდა შემდგომი პროგრამების დაგეგმვას, მაგრამ არა! ალბათ საამისო დრო არ არის?!“_ ამბობს კენჭუაშვილი და აღნიშნავს, რომ „და მაინც, მე სოციალური სოლიდარობის იმედი მაქვს. სოციალური კაპიტალი არის უმნიშვნელოანესი რესურსი. სწორედ სოციალურმა კაპიტალმა ( მეზობელი, მეგობარი, ნათესავი, ნაცნობი, უბრალოდ კეთილისმყოფელი) გადაატანინა ჩვენს ერსა და ქვეყანას 90-იანი წლები.
„ღვთისთვის სათნო საქმე“ მორწმუნეობით კეკლუცობაზე ბევრად მეტია“.