დარჩნენ ქორები, რომლებიც ჰაერში არიან დარჩენილი, მაგრამ ფრენა არ იციან, ეს თვალების ფრიალი მათთვისვე დასრულდება ძალიან ცუდად, _ ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ღარიბაშვილის დანიშვნა ბიძინა ივანიშვილის პირადი ტრაგედიაა და ხელის გადაგრეხვის პოლიტიკის გაგრძელება ხელისუფლებისთვის დამაზიანებელი იქნება.
“ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამები რომ შევაფასოთ, ღარიბაშვილის მეორედ დანიშვნა არის ივანიშვილის პირადი ტრაგედია. მას მართლა სურდა, რომ რაღაც პროფესიული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე გუნდი შეექმნა, მაგრამ წასვლა-მოსვლაში ატარებს თავის წუთისოფელს. ღარიბაშვილის დანიშვნა ნიშნავს სახელისუფლებო აფექტს, როდესაც არ უნდათ საკუთარი შინაგანი სისუსტის გამოვლინება და უნდათ, რომ სულ იყვნენ შეტევაში. ქორების ფრთამ გაიმარჯვა და ურა პატრიოტიზმზე აგებული ძალისმიერი პოლიტიკის გატარებას აპირებენ. ახლა ყველა მთავარი ქორი გამოიყვანეს არენაზე და ვინც დღეს ქორობანას თამაშობს, წინა ხელისუფლების დროს ბუჩქებში ისხდნენ. ხელისუფლებაში მყოფები თავის პოზიციონირებას ახდენენ თითქოს მაგარი ბიჭები არიან და ძალიან გაერთნენ ამ მაგარი ბიჭობანას თამაშში.
მათ ელექტორალური ბაზა აღარ აქვთ, იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ შედეგი იყო განპირობებული ორი ადამიანის მიერ, ეს იყო ბიძინა ივანიშვილი და გიორგი გახარია. დარჩნენ ქორები, რომლებიც ჰაერში არიან დარჩენილი, მაგრამ ფრენა არ იციან, ეს თვალების ფრიალი მათთვისვე დასრულდება ძალიან ცუდად. რაც უფრო აგრესიული იქნება ხელისუფალი, ამით სახელმწიფო დაზიანდება და თვითონაც ვერ იქნება არხეინად. აბრიალოს თვალები და დაველოდოთ შედეგს, რა მოყვება ამ თვალების ბრიალს. ამ ხალხმა ხელის გადაგრეხვის გარდა არაფერი არ იციან, გახარია წავიდა რადგან დაინახა, რომ სახელმწიფოს მშენებლობის მთავარი მშენებლობის ინსტრუმენტი ამ ხელისუფებაში არ არის პოპულარული“, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.