როგორც კი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ახალი მდგენლები დაფიქსირდება, საქმე აბსოლუტურად ღია და ტრანსპარენტული იქნება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პირველი არხის გადაცემაში „ახალი კვირა“ სტუმრობისას განაცხადა.
„შსს–ში ამ საქმეზე გამოძიება დასრულებულია და პროცესი უკვე სასამართლოშია. შესაბამისად, ახალი კომპონენტები იქ დადასტურდება, გამყარდება ან გაჩნდება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რა თქმა უნდა, სასამართლოში ხდება ადვოკატირებას და ბრალდებას შორის გარკვეული პოზიციების კონკურენცია, რასაც სხვადასხვა ვერსიების გაჩენა მოჰყვება, რომლებიც სამწუხაროდ, დღეს საზოგადოებაშიც არის და მასმედიის საშუალებებშიც. თუმცა, ერთმნიშვნელოვნად მინდა გითხრათ, რომ ეს საქმე გახსნილია და ის სასამართლოშია“, – განაცხადა გახარიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გადაწყვეტილებას, რომელსაც სასამართლო მიიღებს, ყველა უნდა დაემორჩილოს.
„თუმცა, ასევე ერთმნიშვნელოვნად, ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ამ საქმესთან მიმართებით ბრალეულობა მაღალი დონის ჩინოსნის იქნება, თუ სხვა სახის ადამიანისა, პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, რადგან ეს საქმე ჩვენი საზოგადოებისთვის, ქალაქისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ბოლოს და ბოლოს, საქმე არასრულწლოვნებს ეხება და აქ მართლმსაჯულება ტრანსპარენტული, ღია და ძალიან მკაცრი უნდა იყოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.