გია გაჩეჩილაძეს შეურაცხმყოფელი განცხადებები რომ არ გაეკეთებინა ჩემი გუნდის წევრების მიმართ, ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებდი, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა კვირიკაშვილს ჰკითხა, რატომ ჰქონდა გია გაჩეჩილაძეს მოლოდინი, რომ პრემიერი მის პირად საკითხს მოაგვარებდა.
„ამ საკითხზე ბევრი საუბარი არ მინდა, მოლოდინი გამართლდა? ეს კითხვა მაქვს თქვენთან. მე მგონი, არ გამართლდა მოლოდინი. როდესაც გაჩეჩილაძემ მე მომმართა, ბუნებრივია, ურთიერთობიდან გამომდინარე, მისი გზავნილი მივიღე. მაშინვე დავავალე, ერთადერთი დავალება მივეცი ჩემი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, არა თანაშემწეს სხვათა შორის, რომ გარკვეულიყო დეტალებში, იყო თუ არა კონკურენტული პირობები დაცული.
რა თქმა უნდა, მან მოიკითხა შესაბამის ინსტიტუტებში და მისგან მივიღე ამომწურავი პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით. გამომდინარე აქედან, მე დავასკვენი, რომ ამ საკითხში აბსოლუტურად გამჭვირვალედ, კანონის დაცვით იყო ჩატარებული ტენდერი და რომ არ გაეკეთებინა გია გაჩეჩილაძეს შეურაცხმყოფელი განცხადება ჩემი გუნდის წევრების მიმართ, საერთოდ არ ვაპირებდი არანაირი კომენტარის გაკეთებას ამ თემაზე. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მინდა დავამკვიდრო სტანდარტი, რომ არ შეიძლება ადამიანების ასე შეურაცხყოფით მოხსენიება, როგორც ეს გააკეთა გია გაჩეჩილაძემ, მხოლოდ ამიტომ ვთქვი, რომ ეს არის მიუღებელი“,- განაცხადა პრემიერმა.
კვირიკაშვილის თქმით, კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული ტენდერი, რომელიც მან სპეციალურად შეისწავლა, აბსოლუტურად ზედმიწევნით იყო ჩატარებული.
„ტენდერზე ჩემი რეაგირება დასრულდა იქ, რადგან არავის არ უნდა ჩაეთვალა, რომ მე დაუშვათ მეგობარს დავეხმარე და ამისთვის ჩემი თანამდებობა გამოვიყენე.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ ყოფილიყო შეურაცხმყოფელი მოხსენიება ადამიანების, საერთოდ არ ვაპირებდი კომენტარის გაკეთებას და ამიტომ ვთქვი, რომ ჯანდაცვის ტენდერში თუ არის რამე დარღვეული, მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა.
ამ ტენდერთან დაკავშირებით დავამთავრე საქმიანობა, როდესაც მოვიკითხე და მითხრეს, რომ კანონი არის სრულად დაცული, ამით დამთავრდა ჩემი ჩარევა ამ საკითხში. ამას მოჰყვა მერე პოლიტიკური ქარიშხალი, არიქა გადადგება-გადმოდგება და ა.შ. მინდა გავაწბილო ყველა ის ადამიანი, ვინც ასეთ მოლოდინებს ატირაჟირებს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.