“ხელისუფლებამ დაუშვა მძიმე შეცდომა, რომელიც აღიარა, მაგრამ პოლიტიკური რეაგირება დააგვიანა. შედეგად სამართლიანად აზვირთებული მუხტი სახიფათოდ და დესტრუქციულად წარმართა ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების ნაწილმა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ჩაიდინა კიდევ უფრო მძიმე შეცდომა და რეზინის ტყვიებით დაცხრილა საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდები, ქვეყნის მომავალი თაობის წარმომადგენლები”, _ რუსთაველის გაზმირზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში, საგანგებო განცხადებით ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
“ოცნების” ხელისუფლების ყოფილი პრემიერი ივანიშვილს რჩევასაცა აძლევს:
“როდესაც მხოლოდ ერთი ათწლეული გაშორებს მოვლენებს (განსაკუთრებით თბილისის პოლიციის შენობის წინ საპროტესტო აქციას ვგულისხმობ), რომლის დროსაც უამრავი ადამიანი დასახიჩრდა პლასკიკური ტყვიით და რამდენიმემ მხედველობაც დაკარგა, ვფიქრობ იგივე ტყვიების გამოყენება გუშინდელ აქციაზე ხელისუფლების მიუტევებელი შეცდომა იყო. პროფესიულ პოლემიკაში ვერ წავალ, თუმცა არ მგონია, რომ თუნდაც მეტი პოლიციელის დროული მიყვანით ადგილზე, ან თუნდაც მხოლოდ ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით შეუძლებელი იქნებოდა იმ ადამიანების სამართლიანად შეჩერება, რომლებმაც პოლიციელების კორდონზე ყოვლად გაუმართლებელი შეტევა მიიტანეს.
დღეს ხელისუფლება აგრძელებს შეცდომების სერიას და ფიქრობს, რომ მუხტი მინელდება პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომით. ეს, შესაძლოა, დროებით ასეც მოხდეს, მაგრამ პირველივე შემდეგი უხეში შეცდომის შემთხვევაში გაცილებით უფრო ფართო და სახიფათო ფორმით გამოვლინდება. ამის მიზეზი კი იქნება, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების აცდენა მოსახლეობის განწყობებთან, ანუ ლეგიტიმაციის დეფიციტი, რომელიც გამომდინარეობს ხელისუფლების ბოლო პერიოდის შეცდომებიდან და შედეგად მოსახლეობის დიდი ნაწილის სულ უფრო მზარდი პოლიტიკური აპათიიდან, რაც, მათ შორის, გამოიხატება არჩევნებში მონაწილეობისგან თავშეკავებაში. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, პოლიტიკური დისკურსი დატოვოს ორპარტიულ პოლარიზებულ განზომილებაში და მიეცეს სახიფათო თვითდამშვიდებას.
შესაბამისად, სიტუაციის ჩიხიდან გამოსაყვანად და საზოგადოების დასამშვიდებლად, ერთადერთ გამოსავლად მიმაჩნია მოსახლეობაში ლეგიტიმაციის აღქმის გაჩენა და გაძლიერება, რის მისაღწევადაც ბიძინა ივანიშვილს ვურჩევ:
დაუყოვნებლივ გამოაცხადოს პოლიტიკური რეფორმა, რომელიც მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:
1. საკონსტიტუციო ცვლილება შემდეგი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე (ბოლო ცვლილებების გატარებისას პოლიტიკური კონტექსტი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დღევანდელისგან, თუმცა ალბათ სჯობდა მაშინვე განგვეხორციელებინა ეს ცვლილება თუნდაც ოპოზიციური ხმების გამოყენებით – და აქ საკუთარ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ, როგორც ქართული ოცნების მაშინდელი თავმჯდომარე);
2. საკანონმდებლო (ან საკონსტიტუციო) ცვლილება, რომელიც სხვა დანარჩენ ვალდებულებებთან ერთად, როგორიცაა გადასახადების გადახდა და ა.შ., სავალდებულოს გახდის საქართველოს მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობას (ადამიანის უფლებების ზოგიერთი დამცველი, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს ამ იდეას, თუმცა ეს კონცეფცია მუშაობს არაერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, და არ შეიძლება, 3.7 მილიონი მოსახლეობის ნახევარი ან უფრო ნაკლები ირჩევდეს ხელისუფლებას და განსაზღვრავდეს ქვეყნის მომავალს). ეს ცვლილება ასევე დაასრულებს გაუთავებელ საუბარს მმართველი ძალის პარტიული კოორდინატორების არაპროპორციულ გავლენაზე საარჩევნო პროცესზე და შედეგად პოლიტიკურ სპექტრს გაამრავალფეროვნებს.
3. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადება ახალი პრინციპების გათვალისწინებით.
4. შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა ასევე აიღოს პასუხისმგებლობა გუშინ დაზიანებული ჩვენი შვილების და საზოგადოების წინაშე და დატოვოს თანამდებობა.
ყოველივე ზემოთქმულის შედეგად, ქართული ოცნება შეძლებს, შეინარჩუნოს მოსახლეობის ნდობა არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესებისადმი, არამედ დაიტოვოს შანსი, იყოს პროცესის წარმმართველი, დაბოლოს, რაც უმთავრესია, ქვეყანას შეუნარჩუნოს შესაძლებლობა, დარჩეს დასავლურ ორბიტაზე რეგიონის ლიდერად“, _ აღნიშნულია კვირიკაშვილის განცხადებაში.