თბილისის საქალაქო სასამართლოში, დეკანოზ გიორგი მამალაძის პროცესზე მეუფე დიმიტრის დაკითხვა დასრულდა.
“აინტერესებდათ, რა ურთიერთობა მქონდა მამა გიორგისთან. მე მივეცი ჩვენება, რომ მქონდა მასთან ურთიერთობა როგორც მღვდელთმთავარს”, _ განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ დღეს დეკანოზის პროცესზე ჩვენების მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში. კითხვაზე, სჯერა თუ არა დეკანოზის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენა, მეუფე დიმიტრიმ უპასუხა, რომ მას შეფასების უფლება არ აქვს.
დღევანდელ პროცესზე ასევე პატრიარქის დისშვილი ქეთევან შიოლაშვილი, საპატრიარქოს ოქრომჭედელი და საქმის მთავარი გამომძიებელი დაიკითხებიან. პროკურორის განცხადებით, მოწმეები მკვლელობის მომზადების მოტივზე ისაუბრებენ, ანუ ჰქონდა თუ არა მამალაძეს ანგარების მოტივი.
დღესვე დაიკითხებიან ის ადამიანები, რომლებიც პატრიარქს გერმანიაში მკურნალობის დროს ახლდნენ. სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, ეს მოწმეები ისაუბრებენ რამდენად ხელმისაწვდომი იყო შორენა თეთრუაშვილი ბრალდებულისთვის.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.