საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, გორში, სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა შიდა დაპირისპირების ტემპერატურის დასაწევად მისასალმებელი, დროული და მხარდასაჭერია.
მისი თქმით, ბუნებრივი იქნებოდა შემდეგი შეხვედრა სამივე პრეზიდენტის მონაწილეობით შედგეს და აღნიშნა, რომ ეს სავსებით შესაძლებლად მიაჩნია, სამი პრეზიდენტის შეხვედრა.
„ორივე ვთანხმდებით, რომ ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე არის საქართველო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტების და მთავარსარდლების გაერთიანება და შიდა დაპირისპირების თვალსაზრისით ტემპერატურის დაწევა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიერ არის ინიცირებული, უაღრესად მისასალმებელი, დროული და მხარდასაჭერია. ამ თვალსაზრისით, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით და გამოვხატეთ ორივემ მზაობა, რომ როდესაც ვსაუბრობთ ახალი ფურცლის გადაშლაზე, ახალი ტრადიციის შექმნაზე, ახალი გამოწვევების მზადყოფნაზე, ბუნებრივი იქნებოდა ჩავატაროთ სამი პრეზიდენტის ფორმატი. სამი პრეზიდენტის ფორმატმა ყველა განსხვავებულობის მიუხედავად, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს სამივეს ერთმანეთის მიმართ, ქართველ ხალხს უნდა გაუგზავნოს გზავნილი, რომ საერთო დაპირისპირების, საერთო მტრის წინააღმდეგ ჩვენ ყოველთვის ვერთიანდებოდით და ვიქნებით გაერთიანებულები, მიუხედავად იმისა, რომ შევინარჩუნებთ განსხვავებულობებს და შესაძლოა, სხვადასხვა პოლიტიკურ პრეფერენციებსაც“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
[sexy_author_bio]