საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახაბერ ოქრიაშვილი ითხოვს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა არ შეუფარდოს და მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის რომელიმე ფორმა გამოიყენოს.
“მსურს, გამოვეხმაურო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის საქმეს, რომელიც ამ წუთებშიც გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს. უდავოა, რომ მისი ქმედებები პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სამართლებრივად უნდა შეფასდეს. მან პასუხი უნდა აგოს თითოეულ იმ მოქმედებაზე, რაც მთელმა საზოგადოებამ იხილა.
ამასთანავე, ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს უახლოეს წარსულში მომხდარი მსგავსი შემთხვევები _ სახელმწიფო მოხელეებზე გახორციელებული თავდასხმის ფაქტები, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები და სხვა გადაცდომები, რომელთა გამოც სასამართლომ ამ პირებს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა არა პატიმრობა, არამედ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება.
სწორედ სამართლიანი სასამართლოს პრინციპებიდან გამომდინარე, რათა არავის გაუჩნდეს ეჭვი, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი მოქმედებს, დავით კირკიტაძის მიმართაც შესაძლებელია არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება. ამიტომ ვთხოვ დავით კირკიტაძის საქმის განმხილველ მოსამართლეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, მას შეუფარდოს არასაპატიმრო სასჯელის რომელიმე ფორმა _ გირაო, ან შინაპატიმრობა, თუ ეს შესაძლებელია”, _ აღნიშნულია ოქრიაშვილის განცხადებაში.
რამდენიმე წუთის წინ, გურჯაანის სასამართლომ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.