შხამიანი ქვეწარმავლის მიერ ორი ადამიანის დაკბენის ფაქტი დაფიქსირდა. შემთხვევა გარდაბანში მოხდა. პაციენტებს შესაბამისი აცრა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიულ კაბინეტში ჩაუტარდათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რა ვითარებაა საქართველოს დედაქალაქში ქვეწარმავლებთან დაკავშირებით, თბილისის რომელ უბანში უფრო მეტად ჩნდებიან ისინი, როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა თუ ქვეწარმავალს დაინახავს _ ამ საკითხებთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს ესაუბრა.
როგორც გვითხრეს, ქვეწარმავლებთან დაკავშირებით გამოძახებები მაისიდან ივლისის ჩათვლით ხშირია.
„მაისში, ივნისში და ივლისში ხშირია გამოძახებები. ჩვენმა მაშველებმა 2017 წლის მარტში _ 3, აპრილში _ 16,მაისში _ 79, ივნისში- 134, ივლისში- 87 და აგვისტოში- 50 გველი დაიჭირეს. რაც შეეხება მიმდინარე წელს,მარტში _ 3, აპრილში _15 და მაისში _ 100. გასული წლისა და წლევანდელ მაისის მონაცემებში სხვაობაა, თუმცა, ეს ცვლილება საგანგაშო არ არის“,_ ამბობენ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში.
მათივე თქმით, ყველაზე მეტი შემთხვევა მოსახლეობის მიერ ქვეწარმავლის შენიშვნის კრწანისში და დიდ დიღომშია, თუმცა, ამ სეზონზე შხამიანი ქვეწარმავლები ჯერ არ აღმოუჩენიათ.
რამდენად სახიფათოა ადამიანისთვის მისი ნაკბენი, როგორ უნდა აღმოვუჩინოთ მას პირველადი დახმარება _ ამ საკითხებზე „გურია ნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი, ევროპის კლინიკურ ტოქსიკოლოგთა და ტოქსიკოლოგიის ცენტრების ასოციაციის ნამდვილი წევრი, თეიმურაზ კობიძე ესაუბრა.
ტოქსიკოლოგი რჩევას აძლევს მოსახლეობას, თუ როგორ უნდა დაეხმარნონ დაშავებულს საველე პირობებში:
„დააწვინეთ ავადმყოფი და შეძლებისდაგვარად დაამშვიდეთ.
ნაკბენი წყლით ჩამობანეთ.
ნაკბენის ადგილზე ხელით აიღეთ კანი ფართოდ, ისე რომ შეიქმნას ნაოჭი და კბილების კვალი ანუ ორი ნაჩხვლეტი მოხვდეს ნაოჭის ზედა ზედაპირზე.
ხელის მოძრაობით „გამოწველეთ“ კანი, ჭრილობა „პირს დააღებს“ და დაიწყებს გამოსვლას სისხლნარევისითხე-ლიმფა, მასთან ერთად კი შხამი.
ავადმყოფს დაუფიქსირეთ ნაკბენი კიდური ორი სახსრის დონეზე არტაშანით ან რაიმე სახელდახელო საშუალებით, მაგალითად, ხის ტოტით.
შეშუპების საზღვარი მონიშნეთ მელნით.
მიეცით დასალევად შეძლებისდაგვარად ბევრი სითხე-წყალი.
თუ გაქვთ, გაუკეთეთ შრატი.
ავადმყოფი დააწვინეთ საკაცეზე ან მსგავს სახელდახელო მოწყობილობაზე და რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანეთ საავადმყოფოში ან დარეკეთ 112-ზე და შეძლებისდაგვარად ზუსტად გადაეცით თქვენი ადგილმდებარეობა.
არ გათიშოთ ტელეფონი პირველმა, ოპერატორს შეიძლება კიდევ ჰქონდეს შეკითხვა, გარდა ამისა, თუ ტელეფონს არ გათიშავთ, შესაძლებელი იქნება თქვენი ადგილმდებარეობის დადგენა“, _ ამბობს თეიმურაზ კობიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას.