ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვასო ჩიგოგიძის გადაწყვეტილებით, გიზო ჟორდანიას მიერ დადგმულ „ბოშებს“ მთელ საქართველო ნახავს.
“ეს თეატრის მხრიდან მადლიერების გამოხატვაც არის რეჟისორ გიზო ჟორდანიას ხსოვნისადმი“, _ ამბობს ვასილ ჩიგოგიძე.
„ბოშები“ უკვე ნახა ჩოხატაურის, გორის, ბათუმის და ქუთაისის მაყურებელმა. სპექტაკლი 12 ოქტომბერს, 17 საათზე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე გაიმართა და ქუთაისელი მაყურებლის გულიც მოიგო, რაც ქუთაისის თეატრის ხელმძღვანელმა ბატონმა კოტე აბაშიძემ ხაზგასმით აღნიშნა.
„ბედნიერი ვარ, რომ ოზურგეთის თეატრის მასპინძლები ვართ. თეატრში სხვა თეატრის სტუმრობა არის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა ქალაქის ცხოვრებაში. სპექტაკლის დასაწყისიდან წამებში დამყარდა ემოციური კონტაქტი მაყურებელთან, რაც ნადვილად არ არის ადვილი. დიდი მადლობა ოზურგეთის თეატრს ამ სპექტაკლისათვის, რომელსაც უზარმაზარი სევდაც თან ახლავს, რადგან ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი დიდი ქართველი რეჟისორის, დიდი ქართველი პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის გიზო ჟორდანიას უკანასკნელი ნამუშევარია“, _ თქვა კოტე აბაშიძემ.
კოტე აბაშიძემ, ასევე, შესთავაზა ოზურგეთის თეატრს, რომ ყველა პრემიერის მესამე ჩვენება ქუთაისში გაიმართოს. სპექტაკლის სცენოგრაფია ლომგულ მურუსიძე, მუსიკალური გაფორმება ცნობილ კომპოზიტორს გომარ სიხარულიძეს ეკუთვნის. სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის დასის თითქმის მთელი შემადგენლობა მონაწილეობს. სპექტაკლი აერთიანებს თეატრის ოთხივე თაობას.
გიზო ჟორდანიას დადგმა გაჯერებულია მუსიკალური ფოლკლორითა და ნოდარ დუმბაძის მახვილგონივრული იუმორით.