გაზაფხულის დასაწყისში “გურია ნიუსი” წერდა, რომ წელს, შარშანდელ სეზონთან შედარებით, მოსალოდნელი იყო, გურიაში ბევრად ნაკლები სიმინდის ფართობი დათესილიყო.
რა მდგომარეობაა დღეისთვის, როცა ხვნა-თესვის სეზონი უკვე სრულდება?
როგორც უკანასკნელი წლების სტატისტიკა მოწმობს, ყოველი წელი ამ მხრივ უკუსვლით აღინიშნება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის განყოფილების მონაცემების მიხედვით, გასულ წელს 1369 ჰექტარი ფართობი დაითესა, წელს კი ათას ჰექტარს თუ მიაღწევს დათესილი ფართობების რაოდენობა.
_ ივლისის პირველი კვირის ბოლოს უკვე გვექნება სრული მონაცემები და ზუსტი რიცხვი, თუ სად რამდენი და, აქედან გამომდინარე, მთლიანად რა რაოდენობის ფართობი დაითესა. კლება აშკარაა. როცა მიზეზებზე გვეკითხებით, ეს ერთი შეხედვითაც ჩანს _ უმეტესად, სახნავ-სათესი სავარგულები შეუღობავია. ამას ემატება სანაპირო ზოლების გასწვრივ მდებარე სავარგულების ყოველწლიური მიტაცება ადიდებული მდინარეების მიერ _ ეს განსაკუთრებით ეხება სუფსის გასწვრივ მდებარე სოფლების სახნავ-სათეს ზოლებს. ანალოგიური მდგომარეობაა, თუმცა, შედარებით ნაკლებად, სოფლებში, სადაც მდინარე ბჟუჟის კალაპოტია, _ ამბობენ სოფლის მეურნეობის განყოფილებაში.
_ წელს თუ ყანას ვერ დავთესავდი, აღარ მეგონა. ჩემზე მეტად, მგონი, ჩემს მეზობლებს უკვირთ, სიმინდს როგორ შეელიეო. ერთ ჰექტრამდე ფართობს ვთესავდი სულ, მერე ნახევარზე ჩამოვედი. წელს ესეც ვერ დავთესე.
ჩემი საყანე ფართობი ჩოლოქის პირას მდებარეობს. ადიდებულმა წყალმა ნაწილი მიწა მიიტაცა. ღობეებიც მოიშალა და ვეღარ შევღობე _ არ არის ადვილი. გლეხკაცის საქმე რომ თანდათან უკან მიდის, ამას თუ არ შეხედა მთავრობამ, იყვნენ მაშინ მარტო თვითონ და ჩვენ თანდათან გავქრებით, _ გვეუბნება ოზურგეთს მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის მკვიდრი ავთო ქავთარაძე.
_ გასაჭირი რომ თანდათან მატულობს და ეს, ძირითადად, სოფელში მცხოვრებ ადამიანებზეა ასახული, მარტო ხვნა-თესვის სეზონით მიხვდება კაცი. აქ ყველაფერი ხელისგულზე ჩანს. თუ გლეხმა ყანა არ დათესა, მოსავალი არ მოიწია, სოფელი რომ არსებობას წყვეტს, ძნელი მისახვედრია? როდემდე უნდა ვიძახოთ ეს? დათვალეთ, რამდენმა დათესა წელს ჩვენს სოფელში ყანა _ ოცი ოჯახი გამოვა? მთელი სათესი ფართობები რომ ცარიელია და გაველურებულია, ყველა ხედავს _ ვეღარც შეღობეს და ვეღარც დათესეს. მე დაგვიანებით ძლივს მოვახერხე დათესვა. ყველანაირ გასაჭირს წელს გვალვაც “შეეშველა”. ვინც დახნა, მერე თითქმის, 20 დღის განმავლობაში ვერ დათესა, ისეთი ამინდები იყო. ამ დროის მანძილზე კი პირველი გათოხნა უკვე დასრულებული იქნებოდა. ახლა სიმინდი ახალამოწვერილია და რა ვიცი, თუ ამინდმა არ შეუწყო ხელი, ვეგეტაციას ვერც მოასწრებს, _ გვეუბნება სოფელ ჭანიეთის მკვიდრი როლანდ ქიმუცაძე.
_ ხვნა-თესვის პროგრამა რომ ჰქონდა მთავრობას, რომ გაეგრძელებინა, ვითომ არ შეიძლებოდა? რატომ შეაჩერეს? აღარ მორჩათ? მართალია, ზოგმა დახნულ-დათესილსაც არ მიხედა, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა მადლიერიც იყო და წელში გამართული. ახლა ისეთი უკუსვლაა, რა ვიცი. შიმშილით, იქნებ, არავინ მოკვდეს, მაგრამ როდის უნდა გაძლიერდეს სოფლის ეკონომიკა?! წინსვლის ნიშანწყალიც რომ არ ეტყობა საქმეს, ამას ხელისუფლება ვერ ხედავს?! გზის გაკეთებას რა ჯობს ან სკოლის აშენებას, მაგრამ ნახეთ, ყოველ წელს რამდენი ბავშვია ამ სკოლაში და ან ამ გზაზე რამდენი ადამიანი დადის. გლეხი ვერ უშველის ამ პრობლემას! გულშემატკივარი, ხალხის და ქვეყნის სიყვარულით ანთებული ხელისუფლება სჭირდება, _ გვეუბნება პროფესიით ეკონომისტი, სოფელ ჭანიეთის მკვიდრი მზია სურგულაძე.
_ საშუალებაც რომ ჰქონდეს, დათესვაც მობეზრდა ადამიანს, რადგან თესვის და მოვლა-მოყვანის ხარჯი, მგონი, მოსავლის რაოდენობის ფასს ჭარბობს ან უტოლდება. ჩალა რომ დარჩება ან ათი კილო სიმინდი “მოგებად”, ეს ჭამოს?! _ ამბობს სოფელ ლიხაურის მკვიდრი ირმა გორდელაძე.
სოფლის მეურნეობის სერვისების ლოჯისტიკის კომპანიის ოზურგეთის სერვისცენტრის მენეჯერი, ბესიკ გოგიტიძე “გურია ნიუსთან” საუბრობს წლევანდელი ხვნა-თესვის სეზონის შედეგებზე:
_ რომ არა გვალვა, ხელი არაფერს შეუშლია. პირიქით, გეტყვით, რომ წელს გაცილებით მეტი ფართობი დაიხნა და დაითესა, ვიდრე გასულ წელს. ჩვენი მონაცემებით ასეა. დღეისთვის დახნული ფართობები, რომლებიც გვალვის გამო ვერ დაითესა, დარჩენილია სოფლებში: ნაგომარში, ასკანასა და მთისპირში _ ამ სოფლების ფართობები დახნული არის. როგორც იქნა, გაწვიმდა და ამ ფართობებში გაგვყავს ტრაქტორები, რომ დათესვა მოხდეს. უკვე დათესილია სოფლების ლაითურის, ნატანების, კონჭკათის და შრომის სახნავ-სათესი ფართობები. ზუსტი რიცხვი, თუ რამდენია სულ დათესილი, კვირის ბოლოს გვეცოდინება, ათ ივლისამდე. ახლა მთავარია, ამინდის მკვეთრი უარესობა არ იქნეს სიმინდის ვეგეტაციის პერიოდში, რისთვისაც მცენარეს 182-186 დღე სჭირდება, _ გვითხრა გოგიტიძემ.
მიუხედავად იმისა, რომ ბესიკ გოგიტიძე წელს გაცილებით მეტი ფართობის დათესვაზე საუბრობს, ეს მხოლოდ მათი სერვისცენტრის მომსახურების ზონით არ შემოიფარგლება და საერთო სურათი სხვაა.
_ ამ სერვისცენტრმა კარგად იმუშავა, ბევრი დაკვეთა ჰქონდა, დახნეს და დათესეს კიდეც, თუმცა, სრული სურათი სხვაა. თითქმის მეოთხედით მაინც შემცირდა შარშანდელთან შედარებით დათესილი ფართობების რაოდენობა მთლიანად მუნიციპალიტეტში. ყოველივე ამას, როგორც გითხარით, აქვს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური მიზეზები. საყანე ფართობების საუკეთესო და ნოყიერნიადაგიანი ნაწილის დიდი რაოდენობა მდინარეების სანაპიროებზეა. ადიდებისას თანდათან წყალი იტაცებს. ძალიან ბევრი ნაპირსამაგრი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ მოხდეს ამ ფართობების “დაჭერა”, ეს კი ვერ ხერხდება. ძალზე მასშტაბური სამუშაოები და ხარჯებია ამისთვის საჭირო. არის სხვა ობიექტური მიზეზებიც, ძირითადად, გასაჭირია ხალხში, მძიმე სოციალური ფონია, _ გვეუბნება ოზურგეთის მერიის სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსი ამირან გირკელიძე.
გამოკითხული მოსახლეობის სრული უმრავლესობა გამოთქვამს სურვილს, რომ ჰქონდეს მოწესრიგებული სახნავ-სათესი ფართობი და იმის შესაძლებლობა, რომ მოსავალი მოიყვანოს, თუმცა, ამას ეკონომიკური გასაჭირის გამო ვერ ახერხებენ. ისინი პრობლემის დასაძლევადაც ხელისუფლებისგან ყურადღების მოპყრობის აუცილებლობაზე საუბრობენ და გამუდმებით საყვედურს გამოთქვამენ:
“ხვნა-თესვის დროს ერთხელ გავახსენდით, მერე ის პროგრამაც შეგვიწყვიტეს. სამაგიეროდ, დიდ ყურადღებას “გვითმობენ” ყოველ არჩევნებზე. ხალხმა კი ჭკუა ვერ ვისწავლეთ, რომ სწორედ ამ არჩევნების დროს არ გავიკაროთ სიახლოვეს არც ერთი მათგანი”, _ ამბობენ ისინი.