საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციამ (GMHC) ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის დიფერენცირებულ პროგრამებსა და სათემო ფსიქიატრიული ამბულატორიულ მომსახურებასთან დაკავშირებით ფინანსური გათვლების და რეკომენდაციების პრეზენტაცია გამართა, რომელიც ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროს საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებს, დარგის სპეციალისტების, ფსიქიატრიული სერვისების მომხმარებლების და მათი ოჯახის წევრების საჭიროებებს ეფუძნება.
რეკომენდაციების მიზანია, ხელი შეუწყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს რეფორმირებას, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებისათვის თანამედროვე სტანდარტების შემუშავება–დანერგვას, სერვისის მომხმარებლების ფსოქოგანათლებას, კომუნიკაციისა და სოციალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე ფსიქო-სოციალური სერვისების ორგანიზებას როგორც ფსიქიკური აშლილობების მქონე პირთა თავშესაფრებში, ასევე სტაციონარებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში.
„ჩვენს მიერ მომზადებული რეკომენდაციები და თანდართული ფინანსური გათვლები დახმარებას გაუწევს საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს დაგეგმვაზე მომუშავე პასუხისმგებელ პირებს და ვიმედოვნებთ, რომ იგი ასახვას ჰპოვებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროზე ორიენტირებულ სახელმწიფო პროგრამებში“, – განაცხადა GMHC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარინე კურატაშვილმა.