ქართველი ხელოვანები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და სხვადასხვა კურიოზულ მდგომარეობაშიც ხშირად ვარდებიან. დღევანდელ წერილში ტრადიციულად ამ პროფესიის ხალხზე და მათ თავს გადამხდარ, “კადრს მიღმა” დარჩენილ სახალისო სიტუაციებზე ვისაუბრებთ.
ჩვენი დღევანდელი „მოგონებების“ პირველი სტუმარი ცნობილი კომპოზიტორი, ბატონი გოგი ცაბაძე იქნება.
კომუნისტების დროს ყველაზე კარგი ლუდი „ჟიგულოვსკაია“ იყო და ვინც ამ ლუდს მიირთმევდა, კაციც ის იყო და ქუდიც მას ეხურა. სახელიც ჰქონდა და გვარიანი ღიპიც უთამამებდა.
ბატონ გოგის თავის აპარატში ერთი ერთგული თანამშრომელი ჰყავდა – რეზო ჯინჯოლია. გიორგი, როგორც ჩვენი ყველა ხელოვანი, ყველას ეხმარებოდა თავისი ავტორიტეტით.
ერთხელ ეს რეზო გიორგის კაბინეტში შეიძურწა თხოვნით:
– „მოსკვიჩი“ მყავს, ბატონო გიორგი. აბა, დღეს „მოსკვიჩით“ ვინღა დადის?
– რა გინდა, კენზო?
– კენზო არა, ბატონო გიორგი, რეზო მქვია მე, რეზო.
გოგი ცაბაძეს ერთი უცნაური თვისება ჰქონდა. ადამიანების სახელებს ვერაფრით ვერ იმახსოვრებდა. აიდარს ავლაბარს ეძახდა, ოლიას – თოლიას. ეგ კი არა ნუგზარ კვაშალს – ნუგზარ „კაშხალს“ ეძახდა.
– ჰო… რა გინდა, რეზო?
– ბატონო გიორგი, „ჟიგული“ მინდა – „03“ და თქვენ ხელი მიგიწვდებათ, თან თავის ფასში.
– თავის ფასში – ხილ-ბოსტანში! – გადაბჟირდა კომპოზიტორი. სადაა, კაცო, ეგრე?!
– მინდა, ბატონო გიორგი და რა ვქნა? დამეხმარეთ!
– „ხარაშო, სლუშ, პადუმაემ!” – დაპირდა ცაბაძე.
გულმოწყალე კომპოზიტორმა კაბინეტიდან რეზოს გასვლისთანავე აკრიფა ტელეფონის ნომერი.
– „ზავტრა (რუსული ლაპარაკი უყვარდა) კვამ პრიდიოტ მოი ზნაკომი ჯონჯოლია. „ჟიგული” ხოჩეტ…
კარებიდანვე მობრუნდა მიყურადებული მთხოვნელი:
– „ნე ჯონჯოლია, ბატონო გიორგი ა– ჯინჯოლია“.
– „ნუ, ნე ადინ ხ… ი?!” – გადაბჟირდა კომპოზიტორი.
რეზოს სხვა გზა არ ჰქონდა და „წაუპადხალიმა“.
– „კანეშნა, ადინ ხ… ი,” ბატონო გიორგი, „ტოლკო, როსტ რაზნიე”!
ცაბაძემ იმდენი იცინა, ძლივს მოაბრუნეს.
– „ხარაშო, ხარაშო”, ჩემო კვებზო, „სდელაემ.. სდელაემ”?!
– დაბადების დღე მაქვს ორ თვეში და მაშინ გამახარეთ, იუბილეზე.
– „ხარაშო, ხარაშო”, ჩემო რემზო.
ორმა თვემ მალე გაიარა.
გულაფანცქალებული იუბილარი სტუმრად მოსულ, საგანგებოდ დაპატიჟებულ ცაბაძეს მიეგება ორსართულიანი სახლის დიდ ეზოში.
გიორგი მანქანიდან გადმოვიდა.
– „პალუჩაი, ზაკაზ”! – მიათითა თავისი მანქანის საბარგულისკენ.
ძნელი მისახვედრი არაა…
მანქანიდან ერთი ყუთი ლუდი „ჟიგული“ გადმოიღეს.
– ეს რაა, ბატონო გიორგი? – პირი გააღო რეზო-კენზომ.
– „ტი ჟე გავარილ – „ჟიგული“? – ვოტ, პრინიოს”…
– ია, ია, ალუღლუღდა მასპინძელი იუბილარი, – „მაშინუ პრასილ, მაშინა „ჟიგული”.
– „ვოტ, ვ მაშინე პივა „ჟიგული“, ა ჩტო ტი ხაწელ?”
– „ია მაშინა „ჟიგული“ პაპრასილ, ბატონო გიორგი“.
– „აა, მაშინა „ჟიგული“? ეტო ჟე ოჩენ დოროგა სტოიტ, პარენ”, მომინდომე რა შენც, ჩენზოო!
ჯინჯოლიას პირი გაუშრა.
ბატონი გოგი ცაბაძის შემდეგ მისი არანაკლებად ცნობილი კოლეგა რეზო ლაღიძეც გავიხსენოთ.
ეს ხელოვანი ადამიანი ბუნების ნამდვილი შვილი გახლდათ. როგორც კი თავისუფალი დრო მიეცემოდა თავის ბადე ანკესებს ამზადებდა და სათევზაოდ, ასევე სანადიროდ დადიოდა.
ერთხელ, წინა საუკუნის 70-იან წლებში ლაღიძე ლაგოდეხის ნაკრძალის მაშინდელმა დირექტორმა სანადიროდ და დროის სატარებლად მიიწვია.
რეზო მარტო არ დადიოდა, მეგობრები სულ თან ახლდა – ცნობილი კომპოზიტორ-მუსიკოსები.
რამდენიმე მანქანა მწკრივად მიადგა ლაგოდეხის ნაკრძალს.
გამოეგებნენ ადგილობრივები საპატიო სტუმრებს. თბილისიდან ჩასულებს „ცეკას“ ერთი კურატორიც ახლდათ თავისი პერსონალური „ვოლგით“ და, მძღოლითურთ.
„შოფერი“ ერთი ავეტიქა გახლდათ, სომხურად შავი და წვერმოშვებული (გაპარსვას ვერ ასწრებდა ხოლმე).
რომ წაითევზავ-წაინადირეს, ჩასულები სუფრასთან მიიპატიჟეს. შუა ქეიფია.
„სიურპრიზი“ – პატარა, გულაფანცქალებული შველი შემოიყვანა ავეტიქა-მძღოლმა.
რადგანაც იმ დღეს რეზოს დაბადების დღე დაემთხვა – ვითომ „პერსონალნი“ პატივი სცეს. შემოიყვანა ეს შველი ავეტიქამ და ბატონ რეზოს მიუფხარკალა ფეხებთან:
– ბატონო რეზო, დღესა თქვენი დენ რაჟდენიაა, რა…
– მერე? – გაუკვირდა დიდ ხელოვანს, – რაშია საქმე, ავეტიქ?
– აი, ეს შველი უნდა დავკლა ეხლა და ხუთმეტ წუთში ამისი მწვადი უნდა დაგიდოთ სინზე.
ეშხში შესულ კომპოზიტორს თვალები ჩაუქრა. შველს ხელი შეავლო, თვალებში ჩახედა, მსუბუქად უბიძგა და, ისიც, გახარებული, კუნტრუშით შევარდა ტყეში.
– ეს რა ქენით, ბატონო რეზო?! – პირი გაუშრა ავეტიქა შოფერს.
– ბიჭოო! – მოხრილი თითი თავზე მიუკაკუნა ავეტიქას, – როგორ, როგორ შეიძლება, შენნაირმა სიმახინჯემ ასეთი სილამაზე შეჭამოს?
ჩვენი მომდევნო სტუმარი დიდი ფალავანი ლევან თედიაშვილი იქნება. ბატონი ლევანი გამოჩენილი სპორტსმენი კი გახლდათ მაგრამ მიმაჩნია რომ არანაკლებად ჩინებული მსახიობიც იყო. გაიხსენეთ მის მიერ უბადლოდ განსახიერებული როლი ფილმში „ხარება და გოგია“. სიტყვას ბატონ მიხეილ სალაძეს გადავცემ.
„როგორც იცით, ფილმში „ხარება და გოგია“ ძირითადად სპორტსმენები ვმონაწილეობდით, მოჭიდავეები და ველოსპორტის ჯადოქარი, უსაყვარლესი ვაჟკაცი ომარ ფხაკაძე (ხარება). გოგიას როლი შესანიშნავად მოირგო დიდმა მოჭიდავემ და კოლორიტულმა პიროვნებამ ლევან თედიაშვილმა.
იმ ეპიზოდს ვიღებთ, ხარებას ძმა რომ უნდა მოვიტაცოთ ციხიდან.
შესვენება გამოცხადდა.
– პური ხო უნდა ვჭამოთ, მამაძაღლი! – შემოგვძახა თედიაშვილმა.
– რა თქმა უნდა, ყველანი მომშეულები ვართ, – დავუკარით კვერი.
– აბა, ერთი კარგი სამწვადე ვიცი, ჩემი ახლობელია გამგე, – კვლავ გააქტიურდა ლევანი.
დრო რომ არ დაგვეკარგა გახდა-ჩაცმაში, ეგრევე, ჩვენი ჩოხებით, ხანჯლებითა და მაუზერებით ჩავცვივდით ორ მანქანაში და იმ სამწვადეს მივადექით. ჭამა-სმა კახეთში არ ეშლებათ და სამწვადეში იქაური დარდიმანდები ქეიფობდნენ რამდენიმე მაგიდასთან.
მუდამ მოუსვენარმა ლევანმა რაღაც ჩაიფიქრა „თათარიახნად“. წაგვიძღვა წინ და შევლაგდით დარბაზში.
იქ მყოფები ჩვენს დანახვაზე ცოტათი დაიბნენ, საიდან უნდა სცოდნოდათ, რომ გადაღების ხალხი ვიყავით! გაოცება ვინ აცალა, ლევანმა „მაუზერი“ ამოიღო და დასჭყივლა:
– ახლა კი დაგაჯდათ სიკვდილის ბუზი! აიტ! – დასცხო კიდევაც მათი მიმართულებით „ხალასტოი“ ტყვიები.
სროლაო?! აირია მონასტერი. ვინ დახლის ქვეშ შეძვრა, ვინ მაგიდის ქვეშ, ატყდა ერთი გნიასი.
– კაცო, არ დაგვხოცოთ, კაცო! ქრისტიანები არა ხართ? – აბღავლდნენ „ვაჟკაცი“ მოქეიფეები, სადღეგრძელოში რომ ყველა გმირობაზე დებდა თავს. ოღონდ არ დაგვხოცოთ და სულ აღარ ვჭამთ მწვადსა! – ყვირის ერთი მაგიდის ქვემოდან.
– საერთოდ, მარხვაზე დავჯდებით! – ყვირიან მეორე მაგიდის ქვემოდან.
– სუფრა გაგვიშალეთ, თორემ მოვიდა თქვენი აღსასრული! – არ წყნარდება ლევანი, – თქვე მუქთამჭამელო ბობოლებო, თქვენი დედა კი ვატირე! – და დასცხო ისევ ტყვიები.
„ხალასტოი“ ტყვიებით, რა თქმა უნდა, არავინ დაჭრილა, მაგრამ ხმასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონია და ისე შეშინდნენ – ენა ჩაუვარდათ.
ლევანის ახლობელმა სამწვადეს „ხაზეინმა“ სასწრაფოდ გააშლევინა სუფრა ჩვენთვის, გვარიანად შეშინებულმა.
– აიტ! კვლავ დასჭყივლა ლევანმა და აქ მოხდა სასწაული… სამწვადის უფროსმა ხმაზე იცნო თედიაშვილი. დამალვა-დაფარვას რა აზრი ჰქონდა და რომ მოტვინა, რაც მოხდა, სულით კახელმა „ხაზეინმა“ ჩვენი მისამართით ისეთი კახური „მრავალსართულიანი“ გინებები დაახვავა, ყურში არ შეიშვებოდა.
– ესაა, ბიჭო, ახლობელი?! – ვიცინოდით დანაყრებულები, – ასე უნდა გვაგინოს ახლობელმა?!
– ახლობელმა ახლა უნდა გიჩვენოთ თქვენა! – გაიქაჩა „მეპატრონე“ და წამოვიდა და რა წამოვიდა პურმარილი.
გადაიდო გადაღება მეორე დღისთვის…“
ავტორი