ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის ერთ-ერთი დიდი უბნის, გოგორეთის შიდა გზები, არაერთგან სერიოზულად გაუვალია, ისეა დაზიანებული.
_უბანი მთა-გორიანია. აქ ვაკე ადგილი არ არის. ამიტომ, ბუნებრივია, აღმართ-დაღმართები ხშირად ზიანდება. ზოგან კი დააგეს ბეტონის საფარი, თუმცა, გზების უმეტესი ნაწილი გასაკეთებელია.
გოგორეთში ახლა ციტრუსოვანთა ოქროს რთველია.
_ციტრუსოვანთა მოსავალი რომ გვიფუჭდება პლასტმასის ყუთების უქონლობის გამო, ერთი თავსატეხია. შიდა გზები რომ დანგრეულია და სატვირთოები კიარა, ადამიანს რომ უჭირს გავლა, ეს მეორე, უგზოობა და უყუთობა გვჭირს_ გვეუბნებიიან აქ.
ადგილობრივი ელგუჯა ვაჩეიშვილი კი გოგორეთის უბნის შიდა გზებზე მიგვიძღვება.
_რამდენჯერ დავსვით საკითხი, თუმცა ჯერ ვარ გაკეთებულა, ნახეთ, რა ხდება, – გვეუბნება ის.
მართლაც, გზები ზოგან ისეა დაზიანებული, დღისით გავლაც შეუძლებელია, დიდი სიფრთხილის და დაკვირვების გარეშე _ ჩამტვრეულია ნიაღვრის გამტარი მილები, რაშიც ადვილად შეიძლება, ჩავარდეს მანქანის საბურავი. ასევე, გზების ცალკეული მონაკვეთები დახეთქილია და ორმოებითაა მოფენილი.
ზოგან გზა მოსახლეობის სრული დაუდევრობით არის გაუვალი. მაგალითად, ერთ-ერთი შიდა გზა, რომლის გასწვრივაც გაზის მილებია გაყვანილი, როგორც აქ მცხოვრებლებმა გვითხრეს, სანიაღვრე არხი სწორედ ბოძების ჩარჭობის დროს ამოვსო. ნიაღვარი გზაზე გადმოვიდა და წვიმების შემდეგ, ისე დააზიანა, მაღალი გამავლობის მანქანებსაც უჭირთ აღნიშნული მონაკვეთის გადალახვა.
კითხვაზე, რატომ არ გაასწორა და არ მოაწესრიგა ეზოს გასწვრივ მდებარე კალაპოტი მიმდებარე ოჯახმა, ასეთ ალოგიკურ პასუხს ვისმენთ: „ გაზის გამყვანებმა გადათხარეს და გაასწორონო“ ?
ადამიანი უცქერის, როგორ აჭაობებს და აღმა-დაღმა დაბრეცილს ტოვებს კალაპოტშეცვლილი ნიაღვარი ასე სასიცოცხლო გზას. უყურებს და გულგრილადაა, თურმე, ვინც გაზი გაუკეთა, კალაპოტიც, თოხით ხელში, იმან უნდა გაუსწოროს… არადა, რამდენიმე საათი რომ გადაედოთ და არხი გაესწორებინათ, გზა ისე არ დაზიანდებოდა, ახლა რომ სერიოზული გაკეთება სჭირდება, საკმაო ფინანსის დახარჯვით.
„გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რაღაც გზა მოიძებნოს პლასტმასის ყუთების შესაძენად და როდის გაკეთდება გოგორეთის უბნის გზები, მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:
_ამ წუთში ჩვენ, ყუთების მხრივ, დახმარება არ შეგვიძლია. კი ვიკითხავ, რა შეიძლება მო ხერხდეს. სასურველია, მოსავლის აღებამდე, გაცილებით ადრე იქნეს თადარიგი დაჭერილი, თვით ციტრუსოვანი პლანტაციების მფლობელთა მიერ. გზებს რაც შეეხება, ახალი პრობლემა არ არის. ყველა სოფელში კეთდება, შესაძლებლობის ფარგლებში და მომავალშიც ასე გაგრძელდება, _ გვითხრა მან.