კურორტ გომისმთას, რომელსაც დაბის სტატუსი 2020 წელს მიენიჭა და სრულიად საქართველომ, ძირითადად, უკანონო მშენებლობების ბუმით გაიცნო, თავისი პირველი და ძირძველი მცხოვრები ჰყავს. მას ეს სტატუსი კურორტზე საცხოვრებლად ასულ ადგილობრივთა ისტორიამ არგუნა და დოკუმენტაციასთან ერთად, სახალხო მეხსიერებამ შემოინახა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ წითელმთის მკვიდრი, დავით სადრაძე 50 წლის განმავლობაში, გომისმთის სატყეო სამსახურს ხელმძღვანელობდა და 2500 ჰა ფართობ ტყის მასივს ისე უვლიდა, ზიანი არაფერს მიდგომია.
დავით სადრაძეს უფრო სანდო „ადამიან_რუქად“ მიიჩნევენ და დღის განმავლობაში მის ჭიშკართან მრავალი მანქანა ჩერდება. ადამიანები მას სთხოვენ სწორი საზღვრების დადგენას _ სად რა იყო და როგორ ხდებოდა თუნდაც უმნიშვნელო გადაადგილება.
ძნელია „რკოლებით“ კურორტის მოწყობის ხანაში, როცა, ვისაც როგორ და სად გაუხარდება იქ არჭობს სანიშნეს, დავით სადრაძემ გაარკვიოს სამართალი. თუმცა, ბევრი რამ ახსოვს, იცის და სიმართლის დადგენაშიც არაერთს დახმარებია.
კაცი, რომელმაც ბავშვობა, მეხსიერების საწყისი ასაკიდან, გვიან, ჭარმაგ ასაკამდე მთაში გაატარა, „გურია ნიუსთან“ საუბარს ასე იწყებს:
_სამიოდე წლის ვიქნებოდი, როცა მთაში „გვარდით“ ამიყვანეს. ყოველ ზაფხულს იქ ვატარებდით, 15 ივლისიდან იწყებოდა გამგზავრების სეზონი. შუა ზაფხული ერთგვარი ზღვარი იყო _ დედა და ბებია ამ დროს აბრეშუმის პარკის ამოღებას ამთავრებდნენ და გამგზავრების დღეც დათქმული იყო, _ გვიამბობს ის და იხსენებს, როგორ ჩასვეს „გვარდაში“, მერე ხურჯინივით ცხენზე გადაკიდეს ორთვალა „გვარდა“ და „წაიყვანეს ღრუბლებისკენ“…
_ შიგ რომ ჩავეტეოდი, აი, რამდენი წლის უნდა ვყოფილიყავი? „გვარდა“ განსაკუთრებულად მახსოვს. მეგონა, დედამიწაზე ვერავინ მიპოვიდა, ისეთ სამალავში ვიყავი მოყუჩებული, _ ხუმრობით იწყებს ის ჩვენთან საუბარს და გვიხსნის, რა არის გვარდა.
_ გომისმთიდან მწყემსებს ან მათ მიერ დაქირავებულ ხალხს, ბარში ყველი და რძის ნაწარმი ჩამოჰქონდათ, ნაძვის ხის თხელი ფიცრებით დამზადებული ოთხკუთხა ან ოვალური კასრით. ძირითადად, ცხენზე გადაკიდული ჰქონდათ. უკან როცა ბრუნდებოდნენ ზაფხულში, აი, 15 ივლისის შემდეგ, ბავშვებს, ყველაზე პატარებს იმ „გვარდაში“ გვათავსებდნენ და ასე ავყავდით კურორტზე. იმის თქმა მინდა, რომ არ დავბადებულვარ იქ, თორემ გომისმთაზე გავიზარდე, _ გვიამბობს ბატონი დავითი.
თხოვნაზე, მთაში ნაწრთობი კაცის ბიოგრაფიიდან, განსაკუთრებით, საუკეთესო რომელი ეპიზოდებია, როგორც ბავშვობიდან, ისე 50-წლიანი სატყეო სამსახურის უფროსის პოსტზე, პასუხსაგებ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდიდან, კარგახანს ფიქრობს.
მოგონების პირველ კადრს მაინც ბავშვობას უთმობს:
_ გომისმთაზე გზის გაყვანა ბჟუჟჰესის მშენებლობას უკავშირდება. 1954 წელს დაიწყო და 1962 წელს დასრულდა. ეს კარგად მახსოვს. ბავშვები მანამდე მთაში ცხენით ავყავდით. 150-ამდე სახლი იდგა. ყველა ზეპირად მახსოვს. არავის უშლიდნენ დადგმას. მასალის დამზადება იქვე ხდებოდა. ჰოო, „მამაიეს თოფი“ ყველაზე პოპულარული თამაში იყო ჩვენი თაობის ბავშვებში. რა თქმა უნდა, მთაში გავრცელებული. მოკლედ, ათი ბაღანა იყო ცხვარი. ჰყავდათ ერთი მწყემსი. მწყემსს ჰყავდა ჯოხის მიმწოდებელი, რომელიც თან დაიძახებდა, მგელი მოვიდაო. ჰოდა, ეს ჯოხის მიმწოდებელი მწყემსს აწვდიდა ჯოხს, რომელიც ტალახში იყო ამოსვრილი. მერე ეს მწყემსი უცებ გამოართმევდა ამ ჯოხს და დასცხებდა მოვარდნილ „მგელს“. აღმოჩნდებოდა, რომ ამ მწყემსს ხელი დაესვრებოდა და მერე „მგელსაც“ გასვრიდა. საბოლოოდ, ორივე გაითხუპნებოდა. მომდევნო თამაშზე მწყემსიც და მგელიც იქნებოდნენ მთაზე ახალამოსული დამსვენებელი ბავშვები, რომელმაც არ იცოდნენ დასვრილი ჯოხის, ზოგადად, ამ თამაშის წესი, უფრო სწორად, არავინ ეუბნებოდა მათ, რომ ადვილად მოტყუებულიყვნენ. ამიტომ მორიგ თამაშზე მათი გათხუპვნა ხდებოდა. ძალიან მხიარული თამაში იყო ლამპრობაც. მოვძებნიდით უამრავ კვარს და ვინც ყველაზე დიდ კოცონს დაანთებდა, ბოლოს იმ კოცონთან ვიყრიდით თავს. იწყებოდა შაირების თქმა, სიმღერები, ცეკვა. მოკლედ, თვენახევრის მანძილზე მთაში სიცოცხლის საოცარი ხალისი და ზეიმი იდგა. ნისლის მხრივ არაფერი შეცვლილა, მაშინაც მოულოდნელი სტუმრობით და წასვლით იყო ცნობილი გომისმთის ნისლი. მთავარი რა არის, იცით? _ სიცხე არ ვიცოდით რა იყო და წამლის დალევა. ვინც ახერხებდა წასვლას, მაშინდელ დროში, გურული ბავშვები, ყველა გომისმთაზე ვიყავით. ძირითადად, ეს იყო გომის, ლიხაურის, მაკვანეთის, ჭანიეთის და ქალაქის მცხოვრებლები. აგვისტოს ბოლოს ვბრუნდებოდით სახლებში და მერე სკოლა და მისი ჯანი… ჩხუბი იქ არ იყო და დაცინვა, ან მოტყუება. საოცარი ბავშვობა გვქონდა. გვყავდა ძმობილები, მაგალითად, ქობულეთელი ძმობილი მყავდა, გვარად ქათამიძე. ჩემი დედობილი იყო ფადიმე ქათამიძე. ძმობა გვქონდა ნამდვილი, იმ შორეული ბავშვობიდან შედუღაბებული. ჩვენ თავი ერთი დედმამისშვილები გვეგონა. ასე გვზრდიდნენ. ვინ გაბედავდა, ეთქვა, ის აჭარელია, ეს გურულიო და ასე შემდეგ… ცუდი ზნე დაგვჩემდა. არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს ამპარტავნება… _ დაფიქრებით გვიამბობს ბატონი დავითი.
რაც შეეხება სკოლის შემდგომ წლებს, სწავლას, სამხედრო სამსახურს და მერე სამსახურის დაწყებას, პირველივე ნაბიჯი შრომის წიგნაკის შევსებისა, როგორც თავად ამბობს, კვლავ გომისმთით დაიწყო. 26 წლის ასაკში სატყეო სამსახურის უფროსად დანიშნეს. ახლაც უკვირს, როცა იხსენებს, სულ ოთხკაციან სამსახურში, როგორ ახერხებდა 2500 ჰა ტყის მასივის ისე მოვლა-პატრონობას, რომ ბრაკონიერობა ან უკანონო ნადირობა არ მომხდარიყო.
სამ დღეში ერთხელ აღნიშნული ფართობი უნდ შემოეარათ. ხე-ტყის მოჭრის უფლებით, ბილეთის გაცემის შესაძლებლობა ჰქონდათ. ასევე, ჭრიდნენ გამხმარ და წაქცეულ ხეებს, რასაც მერე მოსახლეობას აძლევდნენ.
_ უფრო ჰუმანური ხასიათი მქონდა. ბრაკონიერობაზე თუ წავასწრებდი ვინმეს, ჯერ ვაფრთხილებდი. მაშინ ასე ეშმაკებივით კი არ იყვნენ ტყე-ღრეს შესეული და შეშის თუ ხის საშენი მასალის გასაჭირი არ იყო. თუ ადამიანი ძალიან არ გაწუწკდებოდა, სამყოფად ჰქონდათ ყველაფერი. ყოფილა შემთხვევები, დაგვისჯია კიდეც ესა თუ ის პირი. სხვანაირად არც გამოვიდოდა. თითქმის, 50 წელი ვიმუშავე სატყეო სამსახურის უფროსად გომისმთაზე. იყო უკანონო ჭრის და მიტაცების მცდელობები, თუმცა, რაც დღეს ხდება, ეს ვანდალიზმია. სახელიც არ აქვს…_ ამბობს ის და კითხვაზე, უნახავს თუ არა გარეული ნადირისგან თავდასხმის ფაქტი ან ზოგადად, რას გაიხსენებს ცხოველთა სამყაროსთან შეხების შესახებ მთაში ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე, ბატონი დავითი საოცარ ისტორიებს გვიამბობს:
_დათვი ბევრჯერ შეგვხვედრია, თუმცა, საშიშია, როცა შვილებთან ერთად არის. ერთ-ერთი შემოვლისას დავინახე, დედა დათვი როგორ მოდიოდა ბელებით. შემხვედრ ხაზზე გასწორდა, ბელები გაიქნ-გამოიქნია და უკანა ფეხებზე დადგა… მეც უკანმოუხედავად გავიქეცი, მაგრამ უკან მაინც ვიხედებოდი… დავიმალე ჩემი თოფიანად. კარგა ხნის შემდეგ გამოვძვერი სამალავიდან და სახლისკენ სხვა გზით დავეშვი. ძალიან შემეშინდა, _ გვიამბობს გამოცდილი ტყის მცველი და განსაკუთრებულ ეპიზოდად მაინც შვლის ნუკრის პოვნას მიიჩნევს.
_ კიდევ ერთ-ერთი შემოვლისას, შვლის ნუკრს წავაწყდი. ახალგალოკილი შუბლით, ნახევრად სველი იყო. ვიფიქრე, დედა სადღაც აქ არის და დაიმალა-მეთქი. მოვშორდი იქაურობას და დავბრუნდი კარგა მანძილზე. ერთი საათის შემდეგ ისევ მივბრუნდი. ნუკრი კანკალებდა. არ ვიცი, რა მოხდა. ჩემთან შვლის მოკვლას ვერავინ გაბედავდა. ჩავისვი უბეში, ჩამოვიყვანე სახლში. ცეცხლთან დავსვით და სასწრაფოდ ვეტექიმს მივმართეთ. გვირჩიეს, თხის რძეში ცოტა გადადუღებული წყალი შეგვერია და საწოვარათი მიგვეცა. წავედი ბაზარში და თხა ვიყიდე. ასე სასოებით გავზარდე. გემახსოვრებათ, „ბუნების კარი“ იყო, სატლევიზიო გადაცემა. აი, იმას რომ ჩავურთავდი და დავსვამდი ხალიჩაზე, იჯდა და უცქეროდა. ერთხელ დედაჩემი გამეხუმრა, ადრე ცხვარი მყავდა და ისე მივიჩვიე, შინ შემომყვა და სარკე გამიტეხა, „ნუკრიას“ სანამ მაგ ტელევიზორს არ გაატეხინებ, არ გაჩერდებიო… დედაჩემი „ნუკრიას“ ეძახდა. დაუძახებდა: „მოი, ნუკრია, პური უნდა გაჭამოო“ და ესეც მიირბენდა. მამალი იყო, პატარა რქები ამოუვიდა. ოთხი წლის იყო, როცა ეზოში აზოტი ალოკა… ჩაის რამდენიმე მწკრივი გვქონდა დარგული და როცა მივუყარეთ, ეტყობა, ეზოშიც დაიყარა. ასე მოგვიკვდა სასოებით გაზრდილი ნუკრი. მანამდე კი მონკავშირში აღრიცხვაზე ჰყავდათ. ყველა აღლუმზე გამოგვყავდა ჩვენი „ნუკრია“. მისთვის თხა ვიყიდე, საწოვარათი ვაჭმევდი რძეს… მთიდან გმერხლის ფოთლები ჩამომქონდა სპეციალურად. საოცრად ახრამუნებდა გმერხლს. რომ დაინახავდა, გეგონებოდა, მეტი არაფერი უნდოდა… რას იზამ, ასეთია ცხოვრება, _ სინანულით იხსენებს ჩვენი მასპინძელი.
გომისმთაზე მუშაობის და ცხოვრების ყველაზე სერიოზულ და შედარებით გაუხმაურებელ ეპიზოდად, მთაზე 48-კაციანი სამხედრო დანაყოფის ასვლას და მათ ლოკაციას მიიჩნევს:
_ მთაზე სამხედროები 1970 წელს გამოჩნდნენ. 8 ოფიცერი იყო, დანარჩენები რიგითი სამხედროები. ლოკატორები ედგათ და აჭარიდან ლენინაკანამდე საზღვრებს აკონტროლებდნენ. 12 საათის განმავლობაში ამუშავებდნენ ერთ ლოკატორს. მერე გათიშავდნენ და მეორეს ჩართავდნენ. ჩვენთან საუცხოო დამოკიდებულება ჰქონდათ. მიგვქონდა ხილი და არაყი. ისე, ადვილად ვერავინ მიუახლოვდებოდა. რიგით დამსვენებელს იქ არავინ მიუშვებდა. იყო ასეთი შემთხვევა, რომ თურქეთის ცაზე მოძრავ ერთ ვერტმფრენს მარშრუტი აერია. როგორც მერე გაირკვა, გზამკვლევი მოწყობილობა გაჩერდა. ჩვენი მხრიდან სასწრაფოდ მოხდა რეაგირება, რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავმა მერიის აეროდრომზე დაჯდომა აიძულა. მერე უკან მშვიდობიანად დააბრუნეს. გაირკვა, რაშიც იყო საქმე… ასეთი ამბების მომსწრე ვარ. ძირითადად, საინტერესო და კარგი ამბების მომსწრე. მაშინ ცხენებით დავდიოდით და მთას ვუვლიდით. ახლა ჯიპებით დაქრიან და პალოებად აქციეს იქაურობა. „დარკოლილ“ გომისმთას რომ ვხედავ, გული მიწუხს, მაგრამ გამოსწორდება, ალბათ, საქმე. მე იმედიანი ადამიანი ვარ. ასაკში კი ვარ, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს, მომავალს რწმენით ვუყურო. შვილები და შვილიშვილები მყავს, მინდა ყველას ჰქონდეს მომავალი და ყველა კარგად იყოს,_ ასე ასრულებს მორიგი საინტერესო ეპიზოდის თხრობას დავით სადრაძე.
მისი მეუღლე, მედეა კონჯარია, ხუმრობის შეხსენებას ცდილობს: „დათული ხშირად ამბობს, გომისმთა ჩემი მეორე სახლია და იქ დამასაფლავეთო“…
დასაფლავებისგან დიდხანს ჯვარი სწერია, ბატონ დავითს და მალე, მომავალ გაზაფხულზე მას 80 წელი უსრულდება. შვილები აღუნიშნავად არც ერთ იუბილეს არ ტოვებენ და მით უფრო, 80 წლის მამას საგანგებო დღეობას ჰპირდებიან შვილიშვილებთან ერთად.
„გურია ნიუსის“ კითხვაზე, ავა თუ არა მომავალ გაზაფხულზე გომისმთაზე თავის 80 წლის იუბილეზე, ბატონი დავითი ამბობს: „ოღონდაც შევიძლო და ვის დავეკითხებიო“. თან სასწრაფოდ იხსენებს _ ერთიც დამრჩა უთქმელი, უმეტეს გომისმთის მცხოვრებლებთან ერთად, სამეგობროს ინიციატივით, 1987 წელს ფეხით ავედით გომისმთაზე, სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემადო… თან საოჯახო ალბომის ფოტო გამოაქვს.
გურულ ხუმრობას, დამშვიდობების დროსაც არ იშლის ჩვენი მასპინძელი: „ეეჰ, ამხელა ხომ ვარ, მარა, ორი ამხელა ვიქნებოდი, ამას რომ არ მოვეკალიო„ და მეუღლისკენ სიყვარულით გამთბარ მზერას აპარებს. ქალბატონი მედეაც ხუმრობითვე პასუხობს: „50 წელი მალე გახდება, რაც ერთად ვართ და ამხელა თუ არის შემორჩენილი 80 წლის მიჯნაზე, ჩემით არისო…“ .
ბედნიერ იუბილეს და ჯანმრთელ სიცოცხლეს ვუსურვებთ გომისმთის პირველ მცხოვრებს, „მთის პასპორტს“, დავით სადრაძეს, რომლის უტყუარი კაცობის ყველაზე დიდი დასტური იმ ნდობის არსებობააა, ადამიანებს რომ გააჩნიათ მის მიმართ. ხშირად რომ სტუმრობენ მის ჭიშკარს და ყველანაირ დოკუმენტზე მეტად, შენ გენდობითო, რომ ეუბნებიან…