“გპირდებით, რომ ამას მე გავასაჯაროებ, მაგრამ გავასაჯაროებ, როდესაც იქნება რაღაც საგამოძიებო ორგანო შექმნილი”, _ ასე უპასუხა ,„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის შეკითხვას შინაგან საქმეთა მინისტრისგან გიორგი გახარიასგან მიღებულ წერილის თაობაზე.
“სიმართლე გითხრათ, იმედი არ მაქვს, რომ რაღაცები გაირკვევა ამ ქვეყანაში. ამიტომ პირდაპირ გეუბნებით, გპირდებით, რომ ამას მე გავასაჯაროებ, მაგრამ გავასაჯაროებ, როდესაც იქნება რაღაც საგამოძიებო ორგანო შექმნილი, სადაც ამაზე რეაგირების და გამოძიების საშუალება იქნება. რადგან ვთქვი ამ მაღალი ტრიბუნიდან, მე პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი ვარ და გარწმუნებთ, რომ ამ წერილს გავასაჯაროებ, მაგრამ არა ამ ფორმით, არა ჟურნალისტებთან და არა იმიტომ, რომ რაღაც ორთქლი გამოვიდეს და მერე ეს თემა დამთავრდეს.
გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და ეს ყველაფერი სიტყვიერად არ გვითხრეს. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევასრულეთ, ამიტომ ახლა მე გეტყვით, ბოლოს დასკვნაში, როგორ მინდა გთხოვოთ, რომ ეს პროცესი წავიდეს. ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება რაც მოხდა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.