კონსტიტუციაში იყო უამრავი ხარვეზი, მათ შორის, ტექნიკური, შინაარსობრივი ხასიათის, გრამატიკული შეცდომებიც კი იყო ქვეყნის ძირითად კანონში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღეს ძალიან დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემაა ჩამოყალიბებული და თავის დროზე ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობა დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემით შეგვეცვალა და „ეს რეკომენდაცია სათანადოდაა გათვალისწინებული“.
„კონსტიტუციაში იყო უამრავი ხარვეზი, მათ შორის, ტექნიკური, შინაარსობრივი ხასიათის, წარმოიდგინეთ, გრამატიკული შეცდომებიც კი იყო ქვეყნის ძირითად კანონში. ყველა ეს ხარვეზი დღეს გამოსწორებულია. წარმოიდგინეთ, რომ მუხლების დასათაურებაც კი შეუძლებელი იყო იმდენად აღრეული იყო სტრუქტურა ქვეყნის ძირითად კანონში, მაშინ როდესაც კონსტიტუცია უნდა იყოს მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი იურისტებისთვის, განსაკუთარებით ახალგაზრდა იურისტებისთვის. დღეს მომზადდა ისეთი დოკუმენტი, რომელიც სრულად შეესაბამება იურიდიული ტექნიკის ფუნდამენტურ სტანდარტებს“, _ განაცხადა კობახიძემ.