საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოსალოდნელ შედეგებზე “გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა გია ნოდიამ ისაუბრა.
_ ბატონო გია, მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიხვდა, რომ ხალხს ჩამოსცილდა და ახლა, ამომრჩევლის გულის მოსაგებად, ქვეყანაში არსებული პრობლემების აღმოფხვრის გზებზე ალაპარაკდა. როგორ ფიქრობთ, ერთი თვის განმავლობაში შეძლებს „ქართული ოცნება“ იმედგაცრუებული ამომრჩევლის შემორიგებას?
_ ხალხის შემორიგება ძალიან რთული იქნება, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ერთი თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა გარკვეული რაოდენობის მობილიზება შესძლოს.
მმართველი პარტია ამჟამად ხალხის შემორიგების ნაცვლად, საზოგადოების შეშინებას ცდილობს. პარტიაში ამბობენ, „ნაციონალები“ მოდიან, რაც სამოქალაქო ომსა და დაპირისპირებას გამოიწვევსო.
პრაქტიკულად, რასაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი გედევან ფოფხაძე ამბობს, აბსოლუტურად მიუღებელია მინიმალური დემოკრატიული სტანდარტის თვალსაზრისით. ამ დაშინების იმედი აქვს ხელისუფლებას, საზოგადოებაში კი ასეთი ტიპის განცხადებები არ მუშაობს.
_ ქართულ ოცნებაში“ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას ბევრი ადამიანი ეწინააღმდეგებოდა. ბოლოს, გვახსოვს ივანიშვილმა როგორ დაუქნია ხელი, ე.წ. „კეკლუც თანაგუნდელებს“, მხარი დაუჭირეთ მის კანდიდატურასო.
როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებელი იქნება მეორე ტურშიც ზურაბიშვილის შესაძლო წარუმატებლობაზე?
_ „ქართული ოცნება“ არის ერთი კაცის პარტია. ვერც ერთი დეპუტატი ბედავს, წინააღმდეგობა გაუწიოს ბიძინა ივანიშვილს. მეორე ტურის წაგების შემთხვევაში, თანაგუნდელები და აქტივისტებიც ამ წარუმატებლობას პირადად ბიძინა ივანიშვილს დააბრალებენ.
სალომე ზურაბიშვილი ძალიან სუსტი კანდიდატია, მისი საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება კი პირადად ბატონი ივანიშვილის იდეა იყო. ზურაბიშვილის დამარცხებამ შეუძლებელია, მმართველ პარტიაში კრიზისი არ გამოიწვიოს. ივანიშვილს, რბილად რომ ვთქვათ, პარტიის მართვა ძალიან გაუჭირდება.
_ ახლა, როცა თანაგუნდელების ნაწილი იმედგაცრუებულია, საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება, შესაძლოა, კრიზისის გამომწვევი და საბოლოო ჯამში, მმართველი პარტიის დაშლის მიზეზი გახდეს?
_ თუ მეორე ტური გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებით დასრულდა, რისი ალბათობაც არსებობს, „ქართული ოცნების“ ბევრი მომხრე ამ ფაქტს შეაფასებს მმართველი პარტიის დამარცხების დასაწყისად.
ბევრი ადამიანი ჩათვლის, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობა მილევად რეჟიმშია. შანსი იმისა, რომ პარტიაში ერთგულება და დისციპლინა მოირყეს, საკმაოდ მაღალია. გარკვეულმა პირებმა, შესაძლოა, სხვა პარტიაში გადასვლა ან ახალ ძალად ჩამოყალიბება გადაწყვიტოს, რადგან წაგებულ პარტიას მომხრეების შენარჩუნება ყოველთვის უჭირს.
_ გრიგოლ ვაშაძე თუ სალომე ზურაბიშვილი _ როგორ ფიქრობთ, საზოგადოება რომელ კანდიდატს მიანიჭებს უპირატესობას ?
_ ვითარება ასეთია, ფავორიტი არის გრიგოლ ვაშაძე, რომლისთვისაც პირველი ტური იყო გამარჯვება, ხელისუფლებისთვის კი მარცხი, რადგან არჩევნების შედეგებმა ხელისუფლებას ყოვლისშემძლეობის მითი დაუმსხვრია.
ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა კანდიდატმა დავით ბაქრაძემ გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა. ჯაფარიძემაც თქვა, რომ ვაშაძეს უჭერს მხარს. დიდი შანსია, რომ ამ და სხვა ოპოზიციური კანდიდატების ხმები გრიგოლ ვაშაძესთან წავიდეს.
საქართველოში მიხელ სააკაშვილის ჩამოსვლა მიწისძვრას ნამდვილად არ გამოიწვევს, მაგრამ მხარდამჭერებს მისი ყოფნა უფრო შეაგულიანებთ.