გროზნოში მშენებარე მეჩეთს რესპუბლიკის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის სახელს დაარქმევენ. ამის შესახებ ინფორმაციას Grozny-inform-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მეჩეთი ახმატოვის რაიონში შენდება და ის 2 000 მლოცველს დაიტევს.
როგორც გამოცემა წერს, რესპუბლიკის მკვიდრნი და ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის გუნდის წევრები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ მეჩეთს წმინდა ყურანის მსახურის, ისლამის გმირის, ისლამის წმინდა ნაწილების მცველის, სუნას და წინასწარმეტყველი მუჰამედის დამცველის რამზან კადიროვის სახელი უნდა დაერქვას.
როგორც ცნობილია, ჩეჩნეთში კადიროვის ოჯახის წევრების, ნათესავებისა და წინაპრების სახელები უკვე ასობით ქუჩას, კულტურულ და სპორტულ ობიექტს ჰქვია. გროზნოს მერიის ბოლო ინიციატივით, სახელი შესაძლოა დედაქალაქის ოთხივე რაიონს გადაარქვან, ცენტრალურ რაიონს კი, რომელიც ლენინის სახელს ატარებს, ახმატის რაიონი დაერქმევა.