გასულ უქმეებზე სტამბულში, შოტოკანის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებ გუნდებთან ერთად ლანჩხუთელმა კარატისტებმაც მიიღეს მონაწილეობა.
ტრადიციისამებრ, წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ მერაბ თურქიას შეგირდებს, სადაც ჩვენმა ბიჭებმა 2 ოქროს,1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლის აღება მოახერხეს.
ტურნირის პირველივე დღეს გვყავდა მსოფლიოს ჩემპიონი. პატარა ასაკის კარატისტთა შორის ჩინებულად იასპარეზა დაჩი ბერიძემ, რომელმაც ყველა ორთაბრძოლა დამაჯერებლად ჩაატარა და ლანჩხუთს პირველი ოქრო მოუტანა.
მეორე დღეს საქმეში ახალგაზრდები და დიდები ჩაერთნენ, რომელთა შორის სამმა ჩვენებურმა გამოიჩინა თავი. გუგა ივანიშვილიმა კვლავაც დამტკიცა, რომ ახალგაზრდებში თავის წონაში აღიარებული ლიდერია. გუგამ სტამბულში ერთიმეორეს მიყოლებით ყველა მეტოქე დაჯაბნა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ისევ დაიცვა.
ახალგაზრდებში საჩემპიონოდ ცოტა დააკლდა გიორგი ჩხაიძეს, რომელმაც მხოლოდ ნახევარფინალში იწვნია მარცხი და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ძალები კვლავ მოიკრიბა, მეტოქეს შანსი არ მისცა და ბრინჯაოს მედლით გაგვახარა კიდეც.
რაც შეეხება დიდებს, აქ გარკვეული პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა გიორგი კეჭეხმაძემ ყველაფერი გააკეთა, შედეგი რომ მიეღო. ბევრიც იბრძოლა და რამდენიმე ძლიერი მეტოქე უშანსოდ დატოვა. მან ფინალშიც გააღწია, სადაც, სამწუხაროდ, მარცხი იწვნია. თუმცა, გიორგისთვის ვერცხლის მედალი რომ უდავოდ დიდი მიღწევაა, ეს ფაქტია.
სამწუხაროდ, უსახსრობის გამო ლანჩხუთის კარატისტთა გუნდის შემადგენლობა არასრული იყო და ეს რომ არა, დიდი შანსი იყო, ლანჩხუთს მსოფლიოს ჩემპიონი ან პრიზიორი კიდევ ჰყოლოდა.