„ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა ნეგატივი ასახა ეკონომიკაზე და ამას თითოეული მოქალაქე ხვდება,” – ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა, რითიც 20 ივნისის მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა:
„ჩვენი ვალდებულება არის, რომ კიდევ უფრო ორიენტირებული ვიყოთ შედეგებზე. გუშინ განვაცხადე, რომ ასეთ ვითარებაში კერძო სექტორთან კიდევ უფრო აქტიურ კომუნიკაციაზე ვართ გადასული. დღესაც ეკონომიკის მინისტრი წარმოადგენს შეჯერებულ წინადადებებს, რომელიც მივიღეთ კერძო სექტორიდან. ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი წინადადება მოვისმინოთ და განსაკუთრებული აქცენტი მინდა გავაკეთო ტურისტულ სექტორზე.
გვაქვს მნიშვნელოვანი შეხვედრა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, რომ შევკრათ ისეთი პორტფელი, რათა შევძლოთ მინიმიზება ამ გამოწვევის. ტურისტული სექტორი არის ძალიან სწრაფად მზარდი და ის ასაქმებს ძალიან ბევრს. საოცრად უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინე, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისგან, გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება,”- ამბობს ბახტაძე.