ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაზე მომხსენებელმა გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, რას ითვალისწინებს კანონპროექტი.
„როდესაც გადავწყვიტეთ, რომ უნდა დაგვეინიცირებინა ეს კანონპროექტი, ამ მიზნებს და გამოწვევას აშშ-ის კანონმა უპასუხა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ აშშ-ში ეს კანონი იყო საკმაოდ მკაცრი. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა ყოფილიყო აშშ-ის საკანონმდებლო ბაზაზე, მაგრამ შედარებით ლოიალური. დავაინიცირეთ ისეთი კანონი საგაზაფხულო სესიაზე, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ ერთი მხრივ, უნდა ყოფილიყო ფინანსური გამჭვირვალობა და მეორე მხრივ, შედარებით უფრო ლოიალური, ვიდრე არის ეს აშშ-ში.
იმის გამო, რომ მაინც წავიდა სპეკულაციები, „ხალხის ძალამ“ გადავდგით ნაბიჯი და დავაინიცირეთ მეორე კანონპროექტი, რომელიც დღეს აშშ-ში მოქმედებს. ეს მოხდა იმისთვის, რომ სპეკულაციები ნულზე დასულიყო. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ამის შემდეგ, ისევ გაგრძელდა სპეკულაციები და სამწუხაროდ, აშშ-დანაც იყო ასეთი განცხადებები, რადიკალურ ოპოზიციას რომ თავი დავანებოთ, რომ ამერიკის კანონიც თურმე რუსული ყოფილა.
ამის შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავაკეთეთ განცხადება და ვთქვით, რომ როგორც ერთი, ისე მეორე კანონპროექტი ჩვენ პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე მივიღოთ. ვერავინ შემოვიდა ამ პოლემიკაში. ფინანსური გამჭვირვალობა არის კარგი, ამავდროულად, პირველი მოსმენის შემდგომ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამას ვენეციის კომისიაში გავაგზავნით. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე მოსმენა არ დაიწყება მანამ, სანამ პირველი მოსმენის შემდგომ ვენეციის კომისია არ მიიღებს დასკვნას და ეს დასკვნა ჩვენ არ მოგვივა. პრაქტიკულად, ამით ჩვენ უზრუნველვყავით ის, რომ ყოველგვარი სპეკულაციები, თითქოს ან ერთი ან მეორე კანონი იყო ე.წ. რუსული, მომსპარიყო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახსნებთ, რომ კანონპროექტის განსახილველი სხდომის დაწყებას წინ უძღოდა ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება. ხმაური პარლამენტის შენობაში და ასევე მის გარეთ, ამ დრომდე გრძალდება.
ცოტა ხანში კი პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის დაანონსებული აქცია უნდა დაიწყოს.