გუშინ “გურია ნიუსმა” ვებგვერდზე გაავრცელა “სამართლიანი არჩვენების“ მიერ მომზადებული წინასაარჩევნო მონიტორინგის III შუალედური ანგარიში, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ბათუმის დრამატულ თეატრში ირმა ინაშვილის, „პატრიოტთა ალიანსისა“ და კომპანია „კარფურის“ სახელით თეატრის თანამშრომლებს 77 სასურსათო კალათა დაურიგდა. კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა აღნიშნა, რომ დახმარება სწორედ ირმა ინაშვილისა და „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდაჭერით გაიცა. ოზურგეთში, ინაშვილისა და „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდაჭერით, ადგილობრივი ფოლკლორის ცენტრის და ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრის თანამშრომლებმა, ასევე, მიიღეს სასურსათო კალათები.
“გურია ნიუსის“ მიერ გავრცელებული სტატიის შემდეგ ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა:
“საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას 6 აგვისტოს პარტია ,,პატრიოტთა ალიანსის” სასაჩუქრე კალათების მიღებასთან დაკავშირებით. ასევე, არ შეესაბამება სინამდვილეს არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო მონიტორინგის III შუალედურ ანგარიშში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნული პარტიისაგან მიღებული ხუთი სასაჩუქრე კალათის გადაცემის ფაქტი დაადასტურა. ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა – ვასილ ჩიგოგიძემ ,,გურიანიუსთან” უკვე განაცხადა, რომ სასაჩუქრე კალათები თეატრისა და ფოლკლორის სფეროს წარმომადგენლებს არა პარტია ,,პატრიოტთა ალიანსისაგან” არამედ, კულტურის პალატის ხელმძღვანელის – დავით ოქიტაშვილისაგან გადაეცათ. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ 6 აგვისტოს სასაჩუქრე კალათები ჩვენს ხუთ თანამშრომელს კულტურის პალატის ხელმძღვანელის – დავით ოქიტაშვილის ინიციატივით გადაეცათ”, _ წერია განცხადებაში.