„გურია ნიუსის“ გამომცემელი ია მამალაძე, მთავარი რედაქტორი გიორგი სიხარულიძე და ჟურნალისტი ნინო ნანიტაშვილი კორონას საწინააღმდეგო ვაქცინებით _ „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“ აიცრნენ.
_ ქვეყანა მხოლოდ საყოველთაო ვაქცინაციით დააღწევს თავს ამ რთულ ინფექციურ, ეკონომიკურ ვითარებას. საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უმთავრესია და უნდა ავიცრათ, ქვეყნის რაც შეიძლება მალე გათავისუფლება ამ კოშმარული მდგომარეობისგან ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და უნდა ავიცრათ! სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს! რაც შეეხება ვაქცინას, მე “ასტრაზენეკათი“ გავიკეთე აცრა და მიმაჩნია, რომ ნებადართული ყველა ვაქცინა კარგია, რომელიც ხელმისაწვდომია, – ამბობს ია მამალაძე და კოლეგებს სამოქალაქო აქტიურობისკენ და დროულად ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
_ ოზურგეთში, “მედალფას“ კლინიკაში გავიკეთეთ აცრა. მაღალპროფესიული, მშვიდი, აკადემიური განწყობაა, წინასწარ გამოკითხვაც მიმდნარეობს და წნევის კონტროლიც… ამგვარი გარემოს შექმნა ხელმძღვანელის დავით მდინარაძის და თითოეული თანამშრომლის – ყველა მათგანის დამსახურებაა… ვერ ვიტყვი, რომ არაფერს ვუჩივი, მაგრამ არავითარი გართულება არ მოჰყოლია აცრას, _ ამბობს „გურია ნიუსის“ მთავარი რედაქტორი გიორგი სიხარულიძე, რომელიც ასევე, „ასტრაზენეკათი“ აიცრა.
_ ქუთაისის N-4 შერეულ პოლიკლინიკაში ჩავიტარე ვაქცინაცია ჩინური ,,სინოფარმით“. ვაქცინას გვერდითი ეფექტები არ აქვს და დაყოვნების ოთახში, სადაც სხვა პაციენტებთან ერთად ვიყავი, არ გამოვლენილა გართულების არც ერთი შემთხვევა. მადლობა მინდა გადავუხადო მედპერსონალს, პოლიკლინიკის დირექტორს ნინო ჩალაძეს, ექიმებს ნატო როხვაძეს და სოფიო დოგრაშვილს, მედდას ნატო უგულავას ვაქცინაციის პროცესის სწორად წარმართვისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას,“ – ამბობს „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი ნინო ნანიტაშვილი.