“გურია ნიუსის” ვებ-გვერდზე ჰაკერულ თავდასხმას შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო ორი მუხლით იძიებს.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის284-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც კანონით დაცულ კომპიუტერულ ინფორმაციასთან, ესე იგი მანქანამატარებელზე, ელექტროგამომთვლელ მანქანაზე (ეგმ-ზე), ეგმ-ის სისტემაში ან მათ ქსელში ასახულ ინფორმაციასთან არამართლზომიერ შეღწევას გულისხმობს, რამაც ინფორმაციის განადგურება, ბლოკირება, მოდიფიცირება ან მოპოვება ანდა ეგმ-ის, ეგმ-ის სისტემის ან მათი ქსელის მოშლა გამოიწვია. ასევე მობილური მოწყობილობის საერთაშორისო იდენტიფიკატორის შეცვლა. ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით გარდა ამისა, გამოძიება მიმდინარეობს ამავე კოდექსის 286-ე მუხლით, რაც ეგმის, ეგმის სისტემის ან მათი ქსელის ექსპლუატაციის წესის დარღვევას ( ეგმის, ეგმის სისტემის ან მათი ქსელის ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ხელი მიუწვდებოდა ეგმზე, ეგმის სისტემაზე ან მათ ქსელზე, რამაც გამოიწვია ეგმის კანონით დაცული ინფორმაციის განადგურება, ბლოკირება, მოდიფიცირება ან გადაღება ანდა რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ანდა თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. ხოლო იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
ცნობისთვის, “გურია NEWS“-ის ვებ-გვერდი ჰაკერებმა გატეხეს _ წაშლილია ინფორმაცია და ბაზები.