ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რან გიდორი, სამუშაო ვიზიტით გურიაში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, რან გიდორმა დაათვალიერა ოზურგეთში სოფლის მეურნეობისა და სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილი. მან, ასევე, პარტნიორი ორგანიზაციის “შალომ კლუბის” წევრებთან ერთად მოინახულა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრიც დაბა ურეკში, რომელიც ისრაელის საელჩოსა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (MASHAV) მიერ გახორციელებული ქველმოქმედების ბენეფიციარია. ცენტრში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს ადრეული ასაკიდან ეხმარებიან.
ვიზიტის ფარგლებში რან გიდორი თანმხლებ პირებთან ერთად ჩოხატაურში “შალომ კლუბ გურიას” ბორდს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომლებსაც “შალომ კლუბ გურია” ახორციელებს MASHAV-ის მხარდაჭერით.
ელჩი, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გორაბერეჟოულსაც სტუმრობდა, სადაც ადგილობრივ სკოლამდელთა ჯგუფს შეხვდა. გორაბერეჟოულის დენდროლოგიურ პარკში გაიმართა ნახატების გამოფენაც.
“მიზეზი, თუ რატომ ჩამოვედი გურიაში, არის ის, რომ გურია ცნობილია თავისი მეგობრობით, სტუმარ-მასპინძლობით, ჩაით, ტურიზმით. გასული 17 წლის განმავლობაში, MASHAV და “შალომ კლუბ გურია” ძალიან აქტიურად მუშაობენ რეგიონში და მე აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ საკუთარი თვალით მენახა, მათ მიერ გაკეთებული საქმეები, რის შესახებაც აქამდე მხოლოდ მსმენოდა.
გურიაში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ, ღრმად დავრწმუნდი, რომ ჩვენ გვაქვს უდიდესი პოტენციალი ისრაელის სახელმწიფოსა და საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის, რეგიონში ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და სხვა მრავალი სფეროს განვითარების კუთხით”, _ განაცხადა ელჩმა.