ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, წარსულში არსებულის ბაზაზე, ბიბლიოთეკის საკმაო წიგნადი ფონდი არსებობს, რომლის გამოყენებას და ასევე, მისი ახლით შევსებას გეგმავენ სოფლის ახალგაზრდები.
_ ახალგაზრდებთან ერთად შევარჩიეთ ოთახი, სადაც მომავალში ბიბლიოთეკა განთავსდება. ჩვენ საკმაოდ დიდი წიგნადი ფონდი გვაქვს. სოფლის ახლგაზრდობას ძალიან უნდა, რომ ბიბლიოთეკა მალე გაიხსნას. ამიტომ ვმუშაობთ განსაკუთრებით დაჩქარებულად, _ ამბობს მაია ზოიძე, ოზურგეთის საკრებულოს წევრი სოფელ გურიანთიდან.
როგორც ზოიძე განმარტავს, ოთახი ბიბლიოთეკისთვის ნაწილობრივ სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში რემონტდება, წიგნებითა და ინვენტარით კი საქალაქო ბიბლიოთეკაც დაეხმარებათ.
_ ჩვენ გვინდა, ჩვენს სოფელში „გურიანთობის“ დღესაწაულზე ბიბლიოთეკა უკვე გახსნილი გვქონდეს, ერთად ვართ და რომელიმეს გვარ-სახელის გამოკვეთა არ გვსურს, _ თქვეს გურიანთელმა გოგო-ბიჭებმა „გურია ნიუსთან“.