როგორც ვიუწყებოდით, ორი დღის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში უცებ გაჩენილმა ხანძარმა მთლიანად შთანთქა მერაბ და მაგული კომახიძეების ოჯახი.
სამწუხაროდ, სახლში შესული ქალბატონი, მაგული კომახიძე ხანძარს ემსხვერპლა.
_ უსაზღვროდ შრომისმოყვარე, კაცთმოყვარე ოჯახი. შეძრწუნებული ვართ. იშვიათი ქალბატონი იყო. სტუმართმოყვარეობის სიმბოლო. გურიანთას ასეთი ტრაგედია ნაკლებად ახსოვს. იშვიათად შეხვდებით ასე სრულყოფილ, ყოველმხრივ შემკულ ოჯახს. თავდაუზოგავად შრომობდნენ. ქვეყანას სამი ვაჟკაცი გაუზარდეს. არაფერი აკლდათ. საკუთარი შრომით შექმნილი დოვლათით, მუდამ სავსე ჰქონდათ ოჯახი. ახლა კი, ხანძრისას დაღუპული ქალბატონის, მხოლოდ სხეულის ფრაგმენტები შეაგროვეს… ვწუხვართ, ძალიან ვწუხვართ… _ ამბობს გურიანთის წარმომადგენელი ოზურგეთის საკრებულოში მაია ზოიძე.
მეზობლების, უშუალოდ თვითმხილველთა ნაამბობით, მერაბ კომახიძე დილით სამსახურში წავიდა. თვითონ ქალბატონი მაგული კი ახლო მეზობელმა დაინახა, ეზოში გამოსული როგორ აგროვებდა ჩამოცვენილ კაკალს.
_ გავიგონეთ რაღაც ტკაცუნის მსგავსი ხმაური. ალბათ, პლასტიკური მასალის ხმა იყო, როცა იწვოდა… კი ვიფიქრეთ, ნეტა, რას ტეხს მაგული ამ დილაადრიანო. მერე დავინახეთ ცეცხლის ალიც. სახლთან რომ მივედით, უკვე ცეცხლი მოდებული ჰქონდა შენობას. გამოვიძახეთ სამაშველო სამსახური. სახლისგან არაფერი დარჩა…ნეტა, ეს ღვთისნიერი ქალბატონი არ დაგვღუპვოდა და ვინ დაეძებდა სახლს, _ ამბობენ მეზობლები.
მათივე ვარაუდით, ეტყობა, ქალბატონი ხმაურზე შევარდა სახლში და ცეცხლს უკან ვეღარ გამოასწრო.
ქალბატონ მაგული კომახიძეს შაბათს, 2 ოქტომბერს, გურიანთაში დაკრძალავენ. ცხედარს ოჯახის ბიძაშვილის სახლიდან გამოასვენებენ.
„გურია ნიუსი“ იზიარებს ოჯახის დიდ მწუხარებას და თანაუგრძნობს მეუღლეს და შვილებს.
[sexy_author_bio]