გურიაში დღის ბოლოს თოვას ელოდებიან,_ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
„დღეს ჯერჯერობით გურიაში წვიმს, მაგრამ დღის ბოლოს შესაძლებელია სუსტ თოვაში გადავიდეს. ტემპერატურა დაიკლებს. დაბლობ რაიონებში დღეს +4, +6 გრადუსი სითბო დაფიქსირდება დღის განმავლობაში, მთიან რაიონებში +2, მაღალ მთაში კი -1, -3.
რაც შეეხება შემდეგ დღეებს, არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. უფრო ცივდება. თოვა შენარჩუნდება 22 იანვრის ჩათვლით. დღის მაქსიმალური ტემპერატურა 3 გრადუს სითბომდე იქნება დაბლობ რაიონებში, ღამით ყინვა მოიმატებს. 20 იანვარს -3 დაფიქსირდება, 21-22-23 იანვრის ღამის საათებში მოსალოდნელია ყინვა მიუახლოვდეს 6 გრადუსს დაბლობ რაიონებში, მაღლობ რაიონებშიც მოიმატებს ყინვა, მთაში ღამით -6, -8 გრადუსი, მაღალ მთაში კი შესაძლებელია -10, -12 გრადუსიც კი იყოს.
სადენებზე სველი თოვლის შემოფენვა იქნება და მოიყინება გზები, რაც მოძრაობას შეუქმნის პრობლემებს.
შედარებით გამოიდარებს 22 იანვრიდან. მაქსიმალური ტემპერატურა 23-24 იანვარს შესაძლებელია 10-12 გრადუსი იყოს და უმეტესად უნალექო ამინდი“,_ გვითხრა გვაზავამ.