C ჰეპატიტის – 307, აივ ინფექციის – 8 და ტუბერკულიოზის – 13 ახალი შემთხვევაC ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხარდაჭერით. ზემო აღნიშნული პროგრამის უფრო ეფექტურად განხორციელების მიზნით 2019 წელს დაიწყო სერვისების დეცენტრალიზაცია და მოსახლეობისთვის გეოგრაფიული ბარიერის შემსუბუქება, დაიგეგმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის აქტიური ჩართულობა.
სახელმწიფო რწმუნებულის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და მუნიციპალიტეტების ერთობლივი ჩართულობით, გურიის რეგიონი წარმოადგენს ე.წ. საპილოტე რეგიონს. პროგრამის მიზანს წარმოადგენს ტუბერკულოზის, აივ ინფექციისა და C ჰეპატიტის ადრეული გამოვლენის ხელშეწყობა, საზოგადოებაში მისი გავრცელების პრევენცია, მკურნალობა და რეგიონში 18 წელს ზემოთ მცხოვრები მოქალაქეების მინიმუმ 40 % -ის სკრინინგი. იგი გულისხმობს გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში -10 145; ოზურგეთის მუნიციპალიტეტში – 23 396 და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში- 6 248 თვრამეტ წელს ზემოთ მცხოვრები მოქალაქეების კვლევას. აღნიშნული სკრინინგისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განსაზღვრულია- 17 753 ლარი, ოზურგეთში- 40 943 და ჩოხატაურში- 10 934 ლარი ;
„ გურიის რეგიონის მასშტაბით, მიმდინარე წლის ბოლომდე სკრინინგი უნდა ჩაუტარდეს 18 წელს წელს ზემოთ მცხოვრები მოსახლეობის 40 % – 39 789 ადამიანს. ამ ეტაპზე გამოკვლეულია დასასკრინი მოსახლეობის 81,5 % – 32 447 ადამიანი. აღნიშნული კვლევის, ანუ 32 447 ადამიანის სკრინინგის შედეგად, რეგიონის მასშტაბით გამოვლინდა C ჰეპატიტის – 307, აივ ინფექციის – 8 და ტუბერკულიოზის – 13 ახალი შემთხვევა. C ჰეპატიტის, აივ ინფექციისა და ტუბერკულიოზის სკრინინგი და მკურნალობა უფასოა, იგი სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. დაავადებათა სრული განკურნების მაჩვენებელი შეადგენს 98 %“ – აღნიშნა გურიის მხარის რწმუნებულის მოადგილემ, ქეთევან მოისწრაფეშვილმა.