გერმანიასა და საქართველოს შორის სეზონური დასაქმების შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაცია ახალ ეტაპზე გადავიდა: გერმანიიდან ვაკანსიების გამოგზავნის და კონკრეტულ ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევის პროცესი დაიწყო, _ ამის შესახებ ინფორმაცია „გურია ნიუსს“ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტომ მოაწოდა.
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ამ დროისთვის დასაქმების , დაახლოებით, 300 ვაკანსიაა შემოსული. მათგან 50 ვაკანსიაზე კანდიდატები გერმანიაში აპრილის დასაწყისში უნდა გაემგზავრონ, დანარჩენი ვაკანსიები კი მაისსა და მეტწილად ივნისში დასაქმებას გულისხმობს. თუმცა, სააგენტოში ვაკანსიებს კვლავ ელიან. თითოეული ვაკანსია 3-თვიან სამუშაო პერიოდს მოიცავს. ველთაურის თქმით, ვაკანსიები შეეხება მოსავლის აღებას, შემდეგ დასაწყობებას, დახარისხებას, შეფუთვას.
დღეს აპლიკანტებთან ჯგუფური კონსულტაციები დაიწყო გურიაში.
შეხვედრის მიზანია კანდიდატებს უფრო დეტალურად გააცნონ, რას გულისხმობს გერმანიაში სოფლის მეურნეობის სექტორში დროებითი, ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა. ასევე, საუბარი შეეხება ცირკულარული შრომითი მიგრაციის დადებითი მხარეები; რა შედეგები მოყვება შენგენის სივრცის წესების დარღვევას/ქვეყანაში არალეგალურად დარჩენას (მაგ: დეპორტი, ფულადი ჯარიმა, შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვა 5 წლით და სხვა); აპლიკანტებს კიდევ ერთხელ ეცნობებათ, რომ ისინი შერჩევის შემდეგ ეტაპზე მოხვდნენ და საბოლოო შერჩევისთვის, რომელ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ (სასურველია გერმანული ან ინგლისური ენის გერმანული ან ინგლისური ცოდნა და სოფლის მეურნეობის სფეროში გამოცდილება) და რა საჭირო ცნობებს/საბუთებს უნდა ფლობდნენ – ნასამართლეობის შესახებ ცნობა, სოციალური დაზღვევის გადასახადისგან გათავისუფლების ფორმა; მიეწოდებათ ინფორმაცია კონკრეტული ვაკანსიის შესახებ (მაგ: გერმანიის რომელ ნაწილში მდებარეობს კომპანია, საცხოვრებლისა და კვების პირობები, საქმიანობის ტიპი, სამუშაო დრო და ანაზღაურება და ა.შ.).
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ბოლო მონაცემებით, გურიიდან პირველადი რეგისტრაცია გავლილი აქვს 4000-მდე ადამიანს, ამ ეტაპზე კი შეტყობინებები გაგზავნილია 450 აპლიკანტთან.
სულ, დღეისათვის, სპეციალურ პორტალზე _ დროებითი დასაქმება საზღვარგარეთ workabroad.moh.gov.ge-ზე დარეგისტრირებულია 95 632 პირი.