„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“ სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები იგეგმება. საუბარია, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია გურულის დანიშვნა იგეგმება. ცნობისთვის, მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან „გურიას“ გიგლა იმნაძე და გიალო ჩხაიძე წვრთნიან.
გავრცელებულ ინფორმაციას გურულის „გურიაში“ მოსვლასთან დაკავშირებით არც უარყოფს და არც ადასტურებს კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ვლადიმერ გვარჯალაძე.
„საუბრები ზოგადად ბევრ საკითხზეა, თუმცა, რეალურად ჯერჯერობით არაფერია. ვნახოთ რა იქნება“, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრისას გვარჯალაძე.
აღსანიშნავია, რომ გია გურული წლების განმავლობაში ლანჩხუთის „გურიას“ ღირსებას იცავდა. ასევე გამოდიოდა თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
რაც შეეხება მის სამწვრთნელო კარიერას, გურულის მწვრთნელობის პერიოდში ბათუმის „დინამომ“ უმაღლესი ლიგაში დაიდო ადგილი. ასევე მუშაობდა ხობის „კოლხეთში“. ბოლოს, მიმდინარე სეზონში უმაღლესლიგელ ქობულეთის „შუქურას“ წვრთნიდა, თუმცა წარუმატებელი გამოსვლის გამო, პოსტის დატოვება მოუხდა.
გურული მწვრთნელის რანგში საფრანგეთშიც მოღვაწეობდა ალენ ჟირესთან ერთად, რომელტანაც ერთად შემდგომში საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა.