ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ზოგადად გურიაში ,,ნაყოფიერებენ ყოველნი მარცვალნი”, ანუ ამ მხარეში ფართოდ ყოფილა გავრცელებული მარცვლელული კულტურები. ამასვე ამოწმებს გერმანელი მეცნიერ-მოგზაური აუგუსტ ჰაქსტჰაუზენი, რომელმაც საქართველოში 1843 წელს იმოგზაურა: ,,უპირველესად უნდა აღვნიშნო, რომ გურია, ალბათ, არის ყველაზე ნაყოფიერი ზოლი მთელ კავკასიაში. მიწას გაუნოყიერებლად ორი მოსავალი მოაქვს წელიწადში! შემოდგომაზე მიწას ადვილად აბრუნებენ ორწვერა კავის მსგავსი იარაღით, რომელშიც ორი ხარია შებმული; შემდეგ თესენ ხორბალს, რომელსაც უკვე აპრილში იღებენ. მერე მას ხელახლა ხნავენ და ფარცხით ფარცხავენ (შეკრულია ტოტებისაგან); ახლა კი თესენ ფეტვს ან სიმინდს, რომელიც სექტემბერში მოდის. აქ თამბაქოსაც აშენებენ”. სოფელ არჩეულის მკვიდრის ანტონ ტუღუშის გადმოცემით თუთუნი კარგად ხარობდა დაბლობ და მაღალ ადგილებში. ,,უყ და ქვაქვიშნარ ნიადაგზე”. (ჩაწერილია 1982 წელს). სიმინდისაგან კი მეფის მთავრობის დროს არაყსაც ხდიდნენ (გურული ბურბონი!), თურმე ერთი ფუთი სიმინდი 40-50 კაპიკი ღირდა, რაც იაფი იყო. ,,გაარჩევდი სიმინდს და ნალიაში შეყრიდი. გავამსებდით ნალიებს და გაზაფხულზე ამევიტანდით სიმინდს შინ. ზამთარში იქინე ვტიებდით. მარა იგი არ ყოფილა, ვინმეს მეეპაროს იქინე სიმინდი, ნალიები დაკეტილი არ იყო ბოქლომით…
40-50 კაპეიკი ღირდა ფუთი სიმინდი ნიკოლოზაის დროს. იეფი იყო. ჩვენ ზოგჯერ სიმინდიდან არაყს ვხთიდით. არ დაფუტროსო, დავღერღავდით სიმინდს, იქედან გამოვხთიდით არაყს და ვყიდდით. არაყიდან მეტ ფულს ვაკეთებდით. ბოთლი არაყი 10 შაური ღირდა. ერთი ფუთი სიმინდიდან 2-3 ბოთლი არაყი გემევიდოდა. ლანჩხუთის ბაზარზე ვყიდდით”. მთხრობელი ვალერიან ურუშაძე, სოფელი ორაგვე (ჩაწერილია 1982 წელს).
გაზეთი ,,ცნობის ფურცელი” (#76, 1897): ,,ლანჩხუთი განთქმულია მთელს გურიაში მოსავალით: სიმინდით, ღომით, ღვინით და ამიტომაც ლანჩხუთს ძლიერ ეტანებიან უცხოელი ბერძნები და სხვანი და საუცხოვოდაც ვაჭრობენ და დიდძალ ფულსაც იგებენ”. ამის გარდა ლანჩხუთში ძლიერ განვითარებული ყოფილა მეაბრეშუმეობა. საერთოდ, გურიაში სატანსაცმლე მასალის ნედლეული ადგილზე მოიპოვებოდა. მატყლი ძირითადად ახალციხიდან შემოჰქონდათ, ხოლო აბრეშუმის პარკი თითქმის ყველა ოჯახს ჰქონდა. სოფელ ჩიბათის მაგალითზე XX საუკუნის დასაწყისში გაზეთ ,,კვალის” ცნობით თითოეულ ოჯახზე ორი თუმნის პარკი მოდიოდა. იქ მოყვანილი აბრეშუმის პარკი საქართველოს ფარგლებს გარეთ – მოსკოვში, პეტერბურგში, ვარშავაში – იყიდებოდა. ამ საქმიანობის საუკეთესო ადგილად სწორედ ლანჩხუთი ითვლეობდა.
რაც შეეხება ღომს _ სოფელ არჩეულის მკვიდრის, ბენია მოისწრაფიშვილის გადმოცემით:
,,უწინ ჩვენთან, სანამ სიმინდი შემოვიდოდა, თესავდენ ღომს. ჩვენთან იყო ღომის შემდეგი ჯიშები: თეთრი, ყვითელი ღომი, ბარამულაი, ძირდაბალაი. ძირდაბალაი დაბალს იზდებოდა, თეთრი მაღალზე ადიოდა. ბარამულაი და ყვითელი ღომი საშვალოს იზდებოდა. თეთრი ღომი სხვილკაკლება იყო, ორ მეტრომდი იზდებოდა. თეთრი ღომის ჩალას ინახავდენ. სტუმარი რომ მევიდოდა, ცეხლის პირში დუუგებდენ და დააწვენდენ. სიმინდის შემოსლამდე ხალხი ამით იკვებებოდა”.
ახლა შუხუთელ გიორგი ლომაძეს მოვუსმინოთ:
,,ღომს ყველგან ვთესავდით. 6 ურემი გადმომქონდა. კაცები ვმღეროდით ქვეით, ჩხავერის ღვინო, ხაპს შევწვადით და ზეით ღომი ხმებოდა. ღომს ჩალას მოვაყრიდით დავბურდნიდით, ერთი ღამე უნდა წყობა, მერე გამევიღებდით და ხულაში ვინახავდით. ორი კაცი გავაწყობდით, ცეხლმა ნალია არ დაწვასო. წყალიც კი გვედგა რომ დაგვჭირვებოდა… ხელით ვშინჯავდით გამხმარი იყო თუ არა. მერე გავხსნიდით, დოუდგამდით გოდორს და გამევიტანდით. მერე როცხა ცეხავდენ გააწყობდენ ჩელტზე…”
იმავე სოფლის მკვიდრის კოსტა ორაგველიძეს თქმით:
,,…ცეხვთენ მერე საცეხველით. ქვაი იყო ამოთლილი, გვალი ქვაი. წრილი ფსკერი ქონდა და თავი ფართო და დამარხული მიწაში, აგერ იყო გაკეთებული ხეი, უმ დასცემოდა, მორე იყო გაყრილი და აი წოწინარობდა. ქალც უნდა გიეცეხვა. შედგებოდა ქალი ზეთ და ქი იყო გამოკიდული, ფეხეფს ათამაშებდა და ცეხვდა”.
რაიონის ტერიტორიაზე ადგილი აქვს ნიადაგების ვერტიკალურ ზონალობას. შავი ზღვის სანაპიროზე ვიწრო ზოლად გვხვდება ქვიშიანი ნიადაგები, რომლის წარმოშობა ზღვისა და მდინარეების მოქმედებას მიეწერება. ქვიშიან ნიადაგებს მოსდევს ჭაობი და ჭაობტორფიანი ადგილები, რომლებიც უმეტესად პალიასტომის ტბის აღმოსავლეთით და იმნათის ტბის სანაპიროებზე გვხვდება.
რაიონის მდინარეთა ხეობებში ფართოდ არის გავრცელებული ახალგაზრდა ალუვიური ნიადაგები . მათ კარგი გამოყენება აქვთ სიმინდის, ბოსტნეულის და საერთოდ ერთწლიანი კულტურების მოშენებისათვის. რაიონის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი უკავია ეწერ ნიადაგებს. გორაკ-ბორცვიან ნაწილში 50 მეტრიდან 500 მეტრამდე გავრცელებულია წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგები, რომელთა წარმოშობა ვულკანური ქანების გამოფიტვის პროცესს მიეწერება.
ეს ნიადაგები დიდი რაოდენობით შეიცავენ რკინისა და ალუმინიუმის ქანებს, რომელიც წითელ ფერს აძლევს მას. რაიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ნიგოითის ქედის ჩრდილოეთ ფერდობებზე კირქვებისა და გავრცელებამ ხელი შეუწყო ნეშომპალა-კარბონატული ნადაგების განვითარებას, რომელზეც კარგად ხარობს თამბაქო, დაფნა და ვაზი.