გურიაში წელს ციტრუსოვანთა უხვი და ხარისხიანი მოსავალია.
„გურია ნიუსი“ ხშირად აშუქებს გურულ მეციტრუსეთა გასაჭირის შესახებ, რომელთაც ახლახან ყუთების პრობლემა ჰქონდათ ყველაზე მეტად. მალე კი მყიდველთა ნაკადიც შეწყდა, რადგან, ცნობილი მოვლენების გამო, პანდემიის პირობებში, მიმოსვლა აკრძალული და შეფერხებულია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, სადაც კი ციტრუსოვანთა პლანტაციები აქვს მოსახლეობას, ნედლეულის რეალიზაციის უმწვავესი პრობლემა დგას.
„გურია ნიუსმა“ გუშინ სოფლების: მერიის და კონჭკათის მცხოვრებლებისგან წერილი მიიღო.
„გამარჯობათ. გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს ხომ ბედობის დღეა, ჩვენ კი დაგვებედა დასალპობად მოქცეული მანდარინით სავსე სახლი. ზოგი _ ყუთში, ზოგი კი იატაკზე დაყრილი ფუჭდება. რამდენიმე დღის წინ რომ გვესტუმრეთ, მაშინ გახარებული მაინც ვიყავით, ყუთები არ ჰქონდა ხალხს, მაგრამ „კლიენტი“ ბევრი დადიოდა. თუმცა, მას შემდეგ შეწყდა, გზა ჩაიკეტაო და არავინ მოდის. გავყიდეთ იმდენი, რითაც გავისტუმრეთ მუშები. ამ საახალწლოდ კი ვართ „მდიდარი“ მანდარინით ავსებული სახლით… მანდარინით, რომელიც უნდა დალპეს. ყურძნის და ვაშლის მოსავალს კი დაურჩა პატრონი, მაგრამ გურიას არასდროს ჰყოლია და არ ჰყავს პატრონი, იქნებ თქვენებურად იაქტიუროთ, ვინმეს მიაწვდინოს ხმა „გურია ნიუსმა“, _ გვწერს მერიისა და კონჭკათის მოსახლეობა.
როგორც გავარკვიეთ, სურათი არ შეცვლილა _ მომხმარებელთა ნაკადმა იკლო. ციტრუსოვნები კი მოსახლეობას, ან მოკრეფილი აქვს ან არ ჩქარობს მოკრეფას, რადგან, ვარაუდობენ, თუ არ გათოვდა, ცოტა ხანს ხეზე დატოვებული ნაყოფი უფრო საიმედოა.
_ ხავსს ვეჭიდებით, მეტი რა. ხეზე ცოტა ხნით მაინც შეინახავს თავს ნაყოფი, _ გვეუბნებიან აქაურები.
ვრცლად ამ უმწვავესი პრობლემის შესახებ „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ სტატიას.