3 წლის დათა ღურჯუმელიძემ საათის ცნობა ჯერ არ იცის, თუმცა, ხშირად კითხულობს: რომელი საათია? ამ კითხვით ბებიას და ბაბუას ბაღიდან დაბრუნების შემდეგ თითქმის ყოველ წუთს მიმართავს. ასე ხდება ყოველ სამუშაო დღეს _ დათას აინტერესებს, როდის გახდება 6 საათი და როდის მოვლენ სახლში დედა და მამა, რომლებიც მუდმივად ენატრება.
დათა, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ღურჯუმელიძის და საკრებულოს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სპეციალისტის, ნათია ზედგენიძის ერთადერთი ვაჟია.
ღურჯუმელიძეების ოჯახი დღეს ჩვენი ახალი რუბრიკის _ “პოლიტიკოსები პოლიტიკის მიღმა” _ სტუმარია.
გურიის ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსი გიორგი ღურჯუმელიძე, დაბა ანასეულში, ოთხოთახიან ბინაში ცოლ-შვილთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს.
გიორგი პოლიტიკაში 2012 წელს გამოჩნდა _ მაშინ 24 წლის იყო.
“მომწონს საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობა და აქტიურობა. ამ ყველაფერმა გადამაწყვეტინა პოლიტიკაში ჩავრთულიყავი. თან 2012 წელს ქვეყანაში დაიწყო ახალი პროცესები. მივიჩნევ, რომ მაშინ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ვმდგარიყავი იქ და მებრძოლა ხალხთან ერთად”, _ გვიყვება გიორგი, რომელიც სტუდენტობის დროს თბილისში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირში მუშაობდა.
ვთანხმდებით, რომ პოლიტიკაზე არ უნდა ვისაუბროთ, თუმცა, გვერდს ვერ ვუვლით, რადგან მის პირად ცხოვრებაში პოლიტიკამ დიდი როლი ითამაშა _ მომავალი მეუღლე, ნათია ზედგინიძე 2012 წელს, “ქართული ოცნების” ოფისში გაიცნო.
_ ჩემი და ნათიას ურთიერთობა 2012 წელს, მძიმე პოლიტიკური პროცესების დროს დაიწყო. ერთმანეთი პარტიაში გავიცანით და ყოველდღიურმა შეხვედრებმა სხვა გრძნობებში გადაიყვანა ჩვენი ურთიერთობა. თუმცა, ამ ყველაფერს არჩევნების შემდეგ მივხვდი, _ იხსენებს გიორგი.
_ ნამდვილად არ გვეცალა იმისთვის, რაღაც გრძნობებს ჰქონოდა ადგილი. მოგეხსენებათ, ძალიან დაძაბული ვითარება იყო, 24 საათიდან 18 საათი მაინც ერთად ვიყავით და ერთ საქმეს ვაკეთებდით. ნამდვილად არ ვიცოდით და არ ვფიქრობდით, მეგობრული ურთიერთობა თუ გადაიზრდებოდა სიყვარულში, _ საუბარში გვერთვება ნათია, რომელსაც დათა თამაშს სთხოვს და ცდილობს, პროტესტი, მისი კუთვნილი დროის წართმევით რომ არის გამოწვეული, გამოხატოს.
წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს _ ბავშვი მართალია. მას სახლში პოლიტიკა არ სჭირდება და ამიტომ ინტერვიუც თამაშთან ერთად იწერება.
ნათია გვიყვება, რომ მათი დაქორწინება ტრადიციულად, ყველა წესის დაცვით მოხდა _ ნიშნობა, ჯვრისწერა.
“ქორწილი არ გვინდოდა და ეს იყო მხოლოდ არატრადიციული. გაცნობიდან ერთ წელიწადში დავქორწინდით. მანამდე გიორგი გაეცნო ჩემს ოჯახს და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება“, _ ამბობს ნათია.
მისივე თქმით, მათ ცხოვრებას პოლიტიკა მუდამ თან სდევს:
“საპრეზიდენტო არჩევნები იყო, როდესაც გავიგეთ, შვილი გვეყოლებოდა. 2014 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე გიორგი შტაბის ხელმძღვანელი იყო, სწორედ იმ წელს გაჩნდა დათა. მე თბილისში ვიყავი და გიორგი _ ოზურგეთში. ვხუმრობთ ახლა, მეორე ბავშვს მაშინ გავაჩენ, როდესაც ქვეყანაში საარჩევნო პროცესი არ იქნება. დათა არის, ჯერჯერობით, პირველი სიხარული, რომელმაც უფრო შეგვცალა და ახალ ეტაპზე გადაგვიყვანა”, _ გვიყვება ნათია.
“ყველანაირად ვცდილობთ, თავისუფალი დრო დათასთან გავატაროთ. მიუხედავად დაღლილობისა, ყოველთვის მაქვს დათასთვის დრო და ეს ასე იქნება მუდამ. ბავშვს აუცილებლად სჭირდება მშობლების ყურადღება და კარგია მისი გაზრდის პროცესებში მშობლები აქტიურად თუ არიან ჩართულები”, _ ამბობს გიორგი.
“3 თვის იყო, როდესაც ბებიასთან და ბაბუასთან ერთად დარჩა მარტო. მე მუშაობა დავიწყე. ის გაიზარდა ასე და იცის, რომ დილით ჩვენ უნდა წავიდეთ და საღამოს კი ძალიან გველოდება. გიორგის მშობლები ძალიან გვეხმარება და აქედან გამომდინარე, შევძელი მე პირადად საჯარო სამსახურში ვყოფილიყავით”, _ აღნიშნავს ნათია ზედგენიძე.
კითხვაზე, ხომ არ უჩენთ უხერხულობის განცდას ერთ უწყებაში მუშაობა, გიორგი ასე გვპასუხობს: “კანონმდებლობით ეს შეზღუდვა არ გვაქვს, ნათია საკრებულოს აპარატში 2014 წლიდან მუშაობს და კონკურსის წესით არის დანიშნული. უბრალოდ, მას მისი საქმე და მოვალეობები აქვს, მე _ ჩემი და მაქსიმალურად პროფესიული თვალსაზრისით ვუდგებით ამ თემას”.
_ პირველი კამათი ან კონფლიქტი როდის მოგივიდათ?
ნათია: ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათი გვაქვს და შეიძლება ხანდახან რაღაცის გამო ვიკამათოთ. კონფლიქტი ნამდვილად არ გვქონია და არც სურვილი გვაქვს ამის. გიორგი უფრო მშვიდი ადამიანია და ხანდახან მაღიზიანებს ეს, ხშირად გამკვირვებია ამის გამო.
გიორგი: კამათი კი, მაგრამ ამას დიდი ინტერესი არ უნდა ჰქონდეს მკითხველს.
ნათია: ჩვენ როლები ისე გვაქვს განაწილებული, რომ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ერთმანეთს, რათა ყველაფრის გაკეთება მოვასწროთ.
_ თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
ნათია: ბავშვთან ერთად ვატარებთ თავისუფალ დროს. ერთ წუთს არ ვკარგავთ და ერთად ვწყვეტთ ყველაფერს. გიორგი ძალიან აქტიურად არის ჩართული ბავშვის აღზრდაში.
გიორგის დედა ირინა ღურჯუმელიძე ამბობს, რომ მის რძალთან ჰარმონიული დამოკიდებულება აქვს და ამით ის კიდევაც ამაყობს.
“ხუთი წელია ჩვენს ოჯახში ცხოვრობს და ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს. ყველანაირად ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ და ხელს ვუწყობთ. ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნათიას უნდა ემუშავა. მე და ჩემი მეუღლე დათო დათას ვუვლით და აქტიურად ვართ ჩართული მის აღზრდაში”. _ გვითხრა ირინა ღურჯუმელიძემ.
გიორგის მამა, დათო ღურჯუმელიძე ამბობს, რომ ახალგაზრდა წყვილს ყველანაირად ეხმარება:
“როგორც ირინამ თქვა, ახალგაზრდებს ვუწყობთ ხელს და ჩვენ გადმოვინაცვლეთ სახლში. ჩემი აზრით, ახალგაზრდებს აუცილებლად სჭირდებათ მშობლების მხარდაჭერა და ჩვენც ამაზე თანახმა ვართ”, _ თქვა ჩვენთან საუბრისას დათო ღურჯუმელაძემ.