ქალაქ ოზურგეთში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მწვანე ნარგავებზე პოლიტიკური სააგიტაციო მასალის (პლაკატების) გაკვრა აკრძალულია. მიუხედევად ამისა, პლაკატები მწვანე ნარგავებზე რამდენიმე ადგილზე მაინც გვხდება.
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალის განთავსების რეგულირების შესახებ 2017 წლის N53 განკარგულება განსაზღვრავს ადგილებს, სააგიტაციო მასალების გასაკრავად და გამოსაფენად. ამ განკარგულების დანართში მითითებულია საარჩევნო უბანში მდებარე ობიექტები, რომლებზეც შესაძლებელია სააგიტაციო მასალების განთავსება. 2016 წლის 15 ივნისის N41 განკარგულებისგან განსხვავებით, მათ შორის არ არის მწვანე ნარგავები“, _ გვითხრეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
მწვანე ნარგავებზე პლაკატების გაკვრა შესაძლებელია ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში.
“სამწუხაროდ, ასეა, რადგან არ არის ბევრი ადგილი, სადაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეეძლება პლაკატების გაკვრა. ოღონდ მსუბუქი საშუალებებით (მაგალითად, სკოტჩით) უნდა მოხდეს პლაკატების გაკვრა ისე, რომ არ დააზიანოს მწვანე ნარგავები“, _ გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ აკრძალულ ადგილას ვინც გააკრავს პოლიტიკურ სააგიტაციო მასალას, 50 ლარით დაჯარიმდება.
მისივე თქმით, ამჯერად ჯარიმდება პირი, ვინც ხეზე პლაკატი გააკრა.