გურია XIX საუკუნეში გამოირჩეოდა სკოლების რაოდენობით, ხოლო გურულები _ სწავლა-განათლებისადმი მისწრაფებით. “პეტერბურგის უწყებანი” წერდა, რომ არამცთუ ამიერკავკასიაში, არამედ რუსეთის მოწინავე გუბერნიებშიც კი ვერ შეხვდებით მოსახლეობის პროცენტული რაოდენობის მიხედვით იმდენ განათლებულ ადამიანს, რამდენსაც ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრაში. ამავეს წერდა “საქართველოს კალენდარი” 1895 წელს: მთელს საქართველოში წერა-კითხვის ცოდნაში პირველი ადგილი ოზურგეთის მაზრას უჭირავს, მეორე კი რაჭის მაზრასო.
გურია XIX საუკუნეში გამოირჩეოდა სკოლების რაოდენობით, ხოლო გურულები _ სწავლა-განათლებისადმი მისწრაფებით. “პეტერბურგის უწყებანი” წერდა, რომ არამცთუ ამიერკავკასიაში, არამედ რუსეთის მოწინავე გუბერნიებშიც კი ვერ შეხვდებით მოსახლეობის პროცენტული რაოდენობის მიხედვით იმდენ განათლებულ ადამიანს, რამდენსაც ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრაში. ამავეს წერდა “საქართველოს კალენდარი” 1895 წელს: მთელს საქართველოში წერა-კითხვის ცოდნაში პირველი ადგილი ოზურგეთის მაზრას უჭირავს, მეორე კი რაჭის მაზრასო.
სასულიერო-სამრევლო სასწავლებელი
1846 წელს დაარსდა გურიის სასულიერო სამრევლო სასწავლებელი. სასწავლებლის ზედამხედველი 1854 წლიდან იყო დეკანოზი სვიმონ ქიქოძე, ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის ძმა. წყაროების მიხედვით ზედამხედველი მეფის რეჟიმის ერთგული მსახური იყო. ქიქოძე, ამავდროულად, იყო მასწავლებელი გურიის საქალაქო სასწავლებელში, დეკანოზი გურიის კათედრის სობოროში, ბლაღოჩინი ეპარქიაში, ბახვის სოფლის სასწავლებლის მზრუნველი, პირუტყვების ექიმი. ქიქოძეს სურდა სკოლა საკუთარი შემოსავლის წყაროდ ექცია და სასწავლებელი საკუთარ სახლში მოათავსა, რათა მოსწავლეთა მშობლებისაგან ბინის ქირა აეღო. სკოლა იქცა ქიქოძის კერძო დაწესებულებად, მოსწავლეები მუშაობდნენ მის ბაღსა და ბოსტანში, უვლიდნენ შინაურ ცხოველებს. ეს გარემოება უკმაყოფილებას იწვევდა მოსწავლეებში.
მისი ფინანსური საქმიანობით უკმაყოფილო 40-მა მღვდელმა 1870 წლის გაზაფხულზე გაბრიელ ეპისკოპოსს თხოვნით მიმართა: ჩვენ ორ მღვდელს ავირჩევთ სასწავლებლის მზრუნველად, ქიქოძეს ზონარგაყრილ ბეჭდიან წიგნს მივცემთ შემოსავალ-გასავლის ჩასაწერად და გასაკონტროლებლადო, ხოლო ყველა ხარჯზე ჩვენი ხელმოწერა აუცილებელი იყოსო. შემდგომში, 1876 წლის 22 ნოემბერს ქიქოძის უკმაყოფილო მღვდლები დაუკითხავად შეიჭრნენ შენობაში და მოითხოვეს ეკონომიკური ანგარიშის ჩაბარება.
სასწავლებელი მოთავსებული იყო ქიქოძის ორსართულიან ხის სახლში (იქ, სადაც დღეს ფოსტის შენობა დგას). სასწავლებელს ეჭირა ხუთი ოთახი ამდენივე კლასისთვის პირველ სართულზე და ზემო სართულში მოთავსებული იყო არქივი. შენობას არ ქონდა კარები, ფანჯრები, ჭერი, ბუხრები იყო მხოლოდ პირველ სართულზე, მეორეზე კი ადიოდა კალმები.
სასწავლებელი 1874 წელს გადააკეთეს სამკლასიან, ხოლო 1876 წელს ოთხკლასიან სასწავლებლად. 1876 წელს თბილისის სასულიერო სემინარიისადმი გაგზავნილ წლიურ ანგარიშში ნ. ტატიშვილი წერდა, რომ ოზურგეთის სამრევლო სასწავლებელში სწავლა-აღზრდის საქმე ჩამორჩენილია, საჭიროა იქ დავნიშნოთ სემინარია დამთავრებული ხალხი, რომ ავამაღლოთ ოზურგეთის ჩამორჩენილი დონეო. 1876 წლის სექტემბერში სკოლას შეემატა რამდენიმე შესაფერისი უნარის მქონე მასწავლებელი, მათ შორის იყო თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ახალგაზრდა მასწავლებელი ივანე ლიაძე, რომელიც სამეგრელოდან მიავლინეს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში ინსპექტორად. მასთან ერთად სკოლაში მივიდა მასწავლებელი ანდრო ბენაშვილი. ამ ცვლილებას მოსახლეობა სიხარულით შეხვდა. მათ იმედი ჰქონდათ, რომ უწესრიგობას და ჩამორჩენილობას ბოლო მოეღებოდა. ლიაძე სემინარიელი ახალგაზრდების იმ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელიც გატაცებული იყო პროგრესული ლიტერატურით. ის აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ “დროებაში”. ახალგაზრდა ინსპექტორმა სცადა სასწავლებელში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამოსწორება. მან ამხილა დეკანოზ ქიქოძის თვითნებობა და მოსწავლეთა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.
1877 წელს ზედამხედველმა მოითხოვა დაეცალა სკოლას სახლი და ეს მაშინ, როცა ყველა შენობა დაკავებული იყო რიონის რაზმების მიერ 1877-78 წლების ოსმალეთ-რუსეთის ომის გამო. სასულიერო სასწავლებელს დიდ დახმარებას უწევდა გრიგოლ გურიელი. გურიელმა საკუთარი სახლი, რომელიც სპეციალურმა კომისიამ 28 ათას მანეთად შეაფასა, 13 ათასად მიჰყიდა მთავრობას სასულიერო სასწავლებლისთვის. სასწავლებელი ზედამხედველის სახლიდან გურიელის სახლში გადავიდა სერზე 1878 წლის შუაში.
სასწავლებელი ხშირად იყო მაშინდელი პრესის კრიტიკის საგანი.
(ივერია, 1878, 12 იანვარი, #2, გვ 1-3)
_ ეს იყო ერთადერთი სასწავლებელი მთელ გურიაში. მასზე დიდ იმედს ამყარებდა სამღვდელოება. მაგრამ, საუბედუროდ, ეს პირველი ნაბიჯი განათლებისა მრუდე გზით წავიდა. მან ვერ აღასრულა თავისი დანიშნულება
დეკანოზი ქიქოძე კი ეპისკოპოსთან ჩიოდა, რომ მღვდლები უკანონოდ მოქმედებენ და საკუთარი გაიტანა კიდეც. მან, ასევე, შეძლო მოსწავლეთა მფარველი მასწავლებლის თავიდან მოცილება. 1878 წლის თებერვალში სასწავლებლის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება ლიაძის გაძევების შესახებ. ლიაძის მოხსნამ მოსწავლეთა უკმაყოფილება გამოიწვია, ისინი გაიფიცნენ და ერთ დღეს სკოლაში სრულიად არ გამოცხადდნენ; გაფიცვის მიზანი იყო საყვარელი მასწავლებლის უკანვე დაბრუნება და სწავლის პირობების გაუმჯობესება. ინფორმაცია მოსწავლეთა გაფიცვის შესახებ მთელ პრესას მოედო. გაფიცვების ორგანიზატორები ნინოშვილი და ჯიბლაძე სასწავლებლის ადმინისტრაციამ 1878 წლის სექტემბერში გარიცხა.
ლიაძემ თავისი სიმართლე მაინც დაადასტურა, რევიზორმა, თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებელმა თედორე ფავორსკიმ აღწერა ის სიტუაცია, რაც სასწავლებელში იყო. ლიაძე დააბრუნეს, ქიქოძეს კი საყვედური გამოუცხადეს. იმავე წელს კიდევ ერთმა რევიზორმა გრიგორევსკიმ კიდევ უარესი დასკვნა დაწერა ქიქოძის საქმიანობათა შესახებ. მისი დასკვნის საფუძველზე მოხსნეს ქიქოძე.
1896 წლის 1 იანვრისთვის სასწავლებელში 208 მოსწავლე ირიცხებოდა. მის შენახვაზე გურიის სამღვდელოება წელიწადში 11 120 მანეთს ხარჯავდა
1910 წლისთვის სასწავლებელში გალობას ფილიმონ ქორიძე ასწავლიდა. 1917-1922 წლებში სასწავლებელს ოზურგეთის გიმნაზია ეწოდა. 1918 წლის 18 დეკემბერს ოზურგეთის გიმნაზიის გამგე განათლების მინისტრს დეპეშით ატყობინებდა მასწავლებელთა გაჭირვების შესახებ, მასწავლებლებს 4 თვის ხელფასი ჰქონდათ მიუღებელი.
1922 წლიდან მას ეწოდა #1 შვიდწლიანი სკოლა და 1928 წელს შეიერთა საქალაქო სასწავლებლის მოსწავლეების ნაწილი. დღეს სკოლას #1 საჯარო სკოლა ეწოდება.
სამაზრო (საქალაქო) სასწავლებელი
ოზურგეთში პირველი სამაზრო სასწავლებელი ოფიციალურად გაიხსნა 1850 წლის 21 თებერვალს. სასწავლებელი მოთავსებული იყო ოზურგეთის სამხედრო სკოლისათვის ახლადაგებულ შენობაში. სასწავლებლის გახსნის ინიციატორი, მმართველი და მოსამზადებელი კლასის მასწავლებელი იყო თავადი ივანე გიორგის ძე ნაკაშიძე, მგალობელ მელქისედეკ ნაკაშიძის ძმა. სასწავლებლის ზედამხედველი იყო ივანე განგესოვი, საღვთო სჯულისა და ქართული ენის მასწავლებელი იყო გიორგი ქიქოძე.
1860 წელს წერს ბარონი ნიკოლოზი, რომელსაც დაუთვალიერებია ქუთაისის გუბერნიის სკოლები მეფისნაცვლისადმი მოხსენებაში წერდა: “ოზურგეთის ორწლიანმა სასწავლებელმა ყურადღება მიიქცია თავისი მრავალრიცხოვანი 150 მოსწავლით”. 1870 წელს სასწავლებელი გადაკეთდა სამკლასიანად.
1874 წლის პირველ ივლისს სამაზრო სასწავლებელი ექვსკლასიან საქალაქო სასწავლებლად გადაკეთდა. 1875 ითვლებოდა 175 მოსწავლე და 4 მასწავლებელი. ამ პერიოდში იზრდებოდა ინტერესი სწავლა-განათლებისადმი. “წელს ოზურგეთის სასწავლებელში მისაღებად იმდენი ბავშვი მოგროვდა, რომ მთელი ოზურგეთი გააკვირვა”, _ წერდა “დროება”. 1877 წლიდან სასწავლებელი ოთხკლასიანი გახდა.
1880-იან წლებში სკოლის დირექტორი იყო ბირშეტი. მას ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლის დირექტორმა არლოვმა მიანდო ოზურგეთში საქალებო სკოლის გახსნა, რომლისთვისაც 1000 მანეთი იყო შეგროვებული. თავდაპირველად ამ საქმეს ხელმძღვანელობდნენ სოფიო გურიელისა და მაკა წულუკიძისა. ფული მაზრის უფროსს, ოტია დადიანს, ჰქონდა მიბარებული, მაგრამ ქალები არ სთხოვდნენ, ვაითუ ეწყინოსო. მას შემდეგ, რაც საქმე ბირშეტს მიანდეს, მან ფული დადიანს გამოართვა და პირადი საჭიროებისთვის მოიხმარა. ამისთვის მხოლოდ 10 დღე დატყვევევბა მიუსაჯეს.
1890-95 წლებში სკოლაში ასწავლიდა ივანე გომელაური. მან 1895 გამოსცა საბავშვო წიგნი “საჩუქარი”. 1896 წლისთვის სასწავლებელში სწავლობდა 303 მოსწავლე. წლიური ხარჯი იყო 8205 მანეთი.
1917-1928 წლებში საქალაქო სასწავლებელი განთავსებული იყო დიმიტრი გურიელის სასახლეში. 1928 წელს სასწავლებელი გაიყო ორად. მოსწავლეთა ერთი ნაწილი შეუერთდა ყოფილ სასულიერო სასწავლებელს სერზე, ხოლო მეორე ნაწილი გადავიდა ზვანის სკოლაში.
1921-34 წლებში მას ოზურგეთის #1 შვიდწლიანი სკოლა ერქვა, ხოლო 1934-36 წლებში სახელწოდებაში “შრომის სკოლა” დაემატა. 1936-38 წლებში #1 არასრული საშუალო სკოლა ერქვა. 1938 წლიდან ეწოდა მეორე საშუალო სკოლა. 1945-54 წლებში ქალთა სკოლა იყო.
ზვანის სკოლა
1900 წელს ზვანში, რომელიც უკვე ქალაქის გარეუბანი იყო, გაიხსნა დაწყებითი, ორკლასიანი სკოლა. სკოლისთვის შენობა ვერ გამოიძებნა, ამიტომ ის კერძო სახლებში განთავსდა. კლასების ნაწილი სწავლობდა კესარია კვაჭაძის სახლში ნატანების (კოსტავას) ქუჩაზე, ნაწილი კი მოსე ტუღუშის სახლში (ლესელიძის ქუჩა). მოგვიანებით, მოსწავლეთა რაოდენობის ზრდის გამო აშენდა ხის ერთსართულიანი სახლი ექვსი საკლასო ოთახით ზვანის ჩაის ფაბრიკის შენობის აღმოსავლეთით. ზვანის ორკლასიან სასწავლებელში სწავლობდნენ კონსტანტინე ლესელიძე და პორფილე ჩანჩიბაძე. ზვანის სკოლის მემკვიდრეა ქალაქ ოზურგეთის #3 საჯარო სკოლა.
ქალაქის სხვა სკოლები
1879 წელს ოზურგეთში გაიხსნა ქალთა ერთკლასიანი სკოლა, რომელიც 1882 წლიდან ორკლასიანი გახდა და სადაც ნინო ქიქოძე და მარიამ დემურია ასწავლიდნენ. ამ სკოლაში სწავლობდა ნინო ნაკაშიძე. 1896 წლისთვის აქ სწავლობდა 112 მოსწავლე. წლიურად მისი შენახვა 1400 მანეთი ჯდებოდა.
1893 წელს გაიხსნა სამრევლო სკოლა. 1896 წლისთვის იქ სწავლობდა 58 მოსწავლე.
1895 წლისთვის ოზურგეთში უკვე ოთხი სასწავლებელი იყო. სულ მათში სწავლობდა 681 მოსწავლე, რაზეც იხარჯებოდა 20 145 მანეთი.
გრიგოლ მახარაძე