სახალხო გმირი, გაბრიელ, მეტსახელად ბუღარა მამალაძე ლეგენდად არის ქცეული. უცნობია ბუღარა მამალაძის დაბადება-გარდაცვალების თარიღი, დოკუმენტებისა და გადმოცემების მიხედვით ის XIX საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და გურიის 1841 წლის ჯანყის დროს, უკვე მოხუცებული, ჯანყშიც მონაწილეობდა თურმე.
მამალაძე XIX საუკუნის პირველ ნახევარში გურულების დამცველი და ოსმალების დაუძინებელი მტერი იყო, განსაკუთრებით კი ტყვეებით მოვაჭრეებისა. ჟურნალისტი ხათუნა პაიჭაძის ბებიის მონაყოლის მიხედვით, ,,…კაძახი ვარო მაგას უნდა ეთქვა… მაგი რომ არ ყოფილიყო მაგფერი გადარეული შენ და მე და კიდო ბევრი სულ თუ ვიქნებოდით ამ ქვეყანაზე? ბუღარა მამალაძის ამბავი ალბათ ქართველების 80 პროცენტმა არ იცის”.
საქართველოში ოდითგანვე ყმების გაყიდვა და მათი გადაცვლა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ყმების გაყიდვა საქართველოში მრავალი საუკუნის განმავლობაში ხდებოდა, ეს საკმაოდ სარფიანი ბიზნესი გახლდათ, ტყვეებს ყიდდნენ ყველანი, ვისაც კი არ ეზარებოდა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. მეფეები (`იყო ესე ალექსანდრე მეფე… (1683-1695) ხელად მქცევი, ცუნდრუკი, უღვთო ტყვის მსყიდველი~), მთავრები, თავად-აზნაურები, გლეხები და თვით მღვდელმთავრებიც (`გაბრიელ ჭყონდიდელი იყო უღვთო, მეძავ-მემრუშე, სოდომია, და ტყვის მსყიდველი და სავსე ბოროტითა~). ქართველი მოვაჭრენი სარგებლის მოლოდინში არაფერს ერიდებოდნენ. იტალიელ მისიონერს არქანჯელო ლამბერტის მოჰყავს ერთი ფაქტი, თუ როგორ შეიტყუა ოდიშის დიდებულმა ვინმე ჭილაძემ თორმეტი ქართველი მღვდელი, ბორკილები დაადო, თმა და წვერი გაპარსა და თურქებს მიჰყიდა.
ნოე ჟორდანია თავის მემუარებში ერთ საინტერესო ამბავს ყვება: ,,ოსმალოს დამარცხების შემდეგ ჩოლოქზე ჩვენი ჯარები შევიდა აჭარა-ქობულეთში. გურული მილიციის ერთი რაზმი ანტონ ქარცივაძის მეთაურობით დაბანაკდა ქ. ართვინში. ანტონმა მიიღო დაპატიჟება სადილად თავისი რაზმით ერთ ბერძნის ოჯახში. სტუმრები გამოცხადდენ, შეხვდა ახალგაზრდა ლამაზი დიასახლისი, რომელმაც დაახვედრა ჩვენებური სადილი. ქმარი შინ არ იყო. შუა ჭამაში რომ არიან ანტონს ფერი ეცვალა. დაკვირვებით ათვალიერებს დაისახლისს, უცებ იცნო და იქვე სტოლის ქვეშ ჩაიკეცა. მივარდენ, ააყენეს, გაიყვანეს მეორე ოთახში საყვედურებით _ ბევრი დაულევიაო. მაგრამ ქალი მიხვდა რაშიდაც იყო საქმე. მიხვდა რომ ქარცივაძემ ის იცნა, შევიდა მასთან ოთახში და ანუგეშებს _ წარსული მე უკვე დიდი ხანია დავივიწყე, ხომ ხედავ ღმერთმა არ მომიძულა, მოვესწარი გურულების ნახვასაც… გამოჩნდა, რომ ეს ქალია გურიანთელი გლეხის შვილი, მოტაცებული და გაყიდული სწორეთ ანტონ ქარცივაძის მიერ”.
სარგის კაკაბაძის თქმით, მალაქია კათალიკოსის გავლენის მიუხედავად, ის უძლური იყო შეეჩერებინა ტყვეთა გაყიდვა გურიაში. ,,ეკლესია და მალაქია კათალიკოსი ებრძოდნენ ამ ბოროტმოქმედებას, მაგრამ საერთო სტიქიურ მოვლენას მარტო ზნეობრივი ხასიათის ზომები, რასაკვირველია ვერ შეაჩერებდა”. ტყვეთა გაყიდვის ამ აღმაშფოთებელ ტენდენციას წერტილი მხოლოდ რუსეთ-თურქეთის (1877-78) ომის შემდეგ დაესვა.
გურიის მთავარს გურიელს არ ეპიტნავებოდა ბუღარას გამოსვლები ტყვეთა გამყიდველების წინააღმდეგ, როგორც ოსმალების ასევე მებატონეების წინააღმდეგ, მას სარფიანი საქმე, შესაბამისად, დიდი შემოსავალი ეცლებოდა ხელიდან და ერთხლაც მამალაძე თავისთან დაიბარა – საქმე მაქვსო. ბუღარამ იცოდა რაც მოელოდა, არ მივიდა და შეუთვალა გურიელს: ,,თხის ჯოგივით რომ ჰყიდი ყმებს, ერთიც ვნახოთ და ომი გამოგიცხადონ, მერე ვიღას იმედი გაქვს დაცარიელებულ ქვეყანაშიო?”
ვინმე ნესტორ მამალაძის გადმოცემით ,,ბუღარა არ ემორჩილებოდა ბატონებს. იგი რომ გურიელს დამორჩილებოდა, ჩვენ სულ თხის ფასად გევიყიდებოდით და აი სოფლები, სადაც ახლა ჩვენ ვართ ნასოფლარები იქნებოდა”. ვინ მოსთვის რამდენი შეტაკება ჰქონია ბუღარა და მის რაზმს მომხდურებთან და რამდენი გურული გადაურჩენია უბედურებას. ერთხელ ოსმალები გამუსულმანებული ქართველის დადიან-ოღლის მეთაურობით ბუღარას მშობლიურ ხევს (ძველი სახელია მამალაძე) და სხვა სოფლებს თავს დაესხნენ, ააწიოკეს, ქალები, ბავშვები და მოხუცები ერთმანეთს გადააბეს და ოსმალეთისკენ გასაყიდად წაასხეს. ბუღარა, მისი ძმები სხვებთან ერთად დაედევნა მძარცველებს და ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე დაეწია მათ. მოულოდნელად დააესხნენ თავს. ბუღარა ისე დარევია ოსმალებს, ,,როგორც მგელი ცხვრის ფარას”. ხელჩართულ ბრძოლაში მოკლა დადიან-ოღლი. ადგილს, სადაც ეს ბრძოლა მოხდა ,,დადიან-ოღლის ნაკლავი” შეარქვეს. სახალხო გმირის შესახებ შექმნილ ლექსში ეს ამბავი ასეა აღწერილი:
იქ, სადაც ახლა ხევია,
მის შორს, გადაღმა, სერია
სერს იქით კიდევ მთა არის
ბუღარას ნაბრძოლებია.
იქ მოჰკლა დადიან-ოღლი,
ასე გვიყვება ამბავი;
და შერჩა იმ მთას სახელად
დადიან-ოღლის ნაკლავი.
სხვათაშორის, ოსმალების ერთ-ერთ შემოსევას ბუღარას მამა, ოთია ემსხვერპლა.
ბუღარა მამალაძე თურმე ტანად არც თუ ისე მაღალი ყოფილა, მხარბეჭიანი და ,,მორგვის სიმსხო” მკლავები ჰქონია; ამასთან გოლიათურად ღონიერი ყოფილა. ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებდა: ,,ბებიაჩემი ღონიერზე იტყოდა: ბუღარა ხომ არ არისო? მას საოცარი მჭექარე ხმა ჰქონია”. გადმოცემის მიხედვით, როცა ბუღარა დასჭყივლებდა მისი ყიჟინა ახლო-მახლო სოფლებს სწვდებოდა, თუ სადმე ორსული ქალი იყო, აუცილებლად მუცელი მოეშლებოდაო. ამიტომ მას ხშირად აფრთხლილებდნენ, ამა და ამ ადგილას ფეხმძიმე ქალი არისო.
ეს კი მის შესახებ შექმნილი პოემის ბოლო სტროფებია:
კუდიგორიდან გამოჩნდა კაკო,
მარაბდის მთებს კი გასცდა არსენა,
ზემო გურიამ ბუღარა აქო,
ქვემომ -სისონა ტკბილად ახსენა.
ბუღარას შემდეგ სხვებს უბუღია,
ნასაკირალზე ქროდა დათიკო,
ვისაც ხალხისთვის კარგი უქნია,
მასზე ამბობენ ,,ვაჟკაცი იყო”.
(ცნობისათვის: ლექსში დასახელებულნი არიან ცნობილი ფირალები სისონა დარჩია და დათიკო შევარდნაძე).
ვინმე ი. ჩანტლაძის გადმოცემით, გურიის 1841 წლის ჯანყის დროს ბაბუამისი ბუღარას მეთაურობით იბრძოდა ჩოხატაურში, ,, ძლიერ ხნოვანი იყო სულკურთხეული, მარა მაშვინ მაინც ძაან იჯამაგაო”. ამასვე ადასტურებს ონჭიქეთელი ილარიონ ჯინჭარაძე. აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილს კი ყმაწვილობაში გაუგონია ჯანყის მომსწრე ერთი ფარცხმელი გლეხისაგან, რომ ,,ბუღარა ჯანყში თაობდაო”.
წერილში გამოყენებულია შემდეგი მასალები: მამია დუმბაძე ,,გურიის სახალხო გმირი ბუღარა მამალაძე”, იური სიხარულიძე ,,გლეხთა აჯანყება გურიაში 1941 წელს”.