,,არის თუ არა ეს სასამართლოსთვის მითითების მიცემა და პირადად ჩემი და ჩემი მედიის ღია პოლიტიკური დევნა?“ _ ასე გამოეხმაურა facebook-ზე ,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას.
“როცა პრემიერი კრიმინალად, თან მთავარ კრიმინალად გაცხადებს, იმ ვითარებაში, როცა არც ერთი გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა ჩემზე და როცა ჩემ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში მიმდინარეობს, როგორ უნდა იქნეს ეს აღქმული და შეფასებული? არის თუ არა ეს სასამართლოსთვის მითითების მიცემა და პირადად ჩემი და ჩემი მედიის ღია პოლიტიკური დევნა?” _ წერს ნიკა გვარამია.
მან აღნიშნული სტატუსით სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ევროკავშირისა და ამერიკის საელჩოს მიმართა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა, რომ „ერთ-ერთი მთავარი გამოკვეთილი დამნაშავე, კრიმინალი არარაობა გვარამია გვევლინება მედიის მამად“.
„ერთ-ერთი მთავარი გამოკვეთილი დამნაშავე, კრიმინალი არარაობა გვარამია გვევლინება მედიის მამად, ასე ვთქვათ. პროკურორი კაცი, რომლის დროსაც „იმედის“ დარბევა, ძალადობრივი გზით დახშობა, გათიშვა განხორციელდა. ამაზე გვაქვს საუბარი, მეგობრებო. აი, აქ ვართ დღეს, დღესაც აქ ვართ. ამაზე ვსაუბრობთ. სად გვინდა რომ ვიყოთ ხვალ? როგორი სახელმწიფო გვინდა შევქმნათ ჩვენ. ჩვენ თუ მეტი კრეატიული ნაბიჯი არ გადავდგით, ასე მდორედ გაგრძელება სწორედ შეუძლებლად მიმაჩნია“, _ განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.