ოპოზიციამ პარლამენტთან დღეს დაგეგმილი აქცია გადადო. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
უგულავას განცხადებით, საპროტესტო აქციის გადადება ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება.
ოპოზიციონერმა ლიდერმა სხდომის გადადებისკენ მოუწოდა პარლამენტსაც.
„მინდა მივუსამძიმრო პირველ რიგში ოჯახს, მათ ახლობლებს ჩემი და გაერთიანებული ოპოზიციის სახელით. ამ მძიმე ტრაგედიის ფონზე ჩვენ, პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო სექტორმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს აქცია, პიკეტი სირცხვილის კორიდორი არ ჩაგვეტარებინა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ასეთი ენით აღუწერელი ტრაგედიის ფონზე ჩვენ ყველას გვჭირდება დაფიქრება და გლოვა“, – განაცხადა უგულავამ.