“გურია ნიუსის” ვებგვერდზე წერილების _ პანიკა ჩოხატაურში კორონავირუსის გამო _ “მთელი ჩოხატაური დაისვრება” და “ურჩი ადამიანია“ – იტალიიდან ჩამოსული ოზურგეთელი თვითიზოლაციის წესებს არ ემორჩილება გამოქვეყნების შემდეგ, რედაქციაში არაერთი ზარი და წერილი შემოვიდა. საზოგადოება იმ ადამიანების დასახელებას ითხოვს, რომლებიც იმ დროს, როცა თვითიზოლაციაში უნდა იმყოფებოდნენ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავისუფლად გადაადგილდებიან.
“გვითხარით, ვინ არიან ეს უპასუხისმგებლო ადამიანები და ჩვენ გამოვკეტავთ”;
“შეგნება არ აქვთ, გვითხარით, რომ ჩვენ მოვერიდოთ”;
“ვინ არიან, რატომ არ ამბობთ, სად დაბოდიალობენ, დაეტიონ სახლში”, _ ამბობენ ისინი.
მკითხველები, ასევე, მადლობას გვიხდიან, ინფორმაციის რეალურად მიწოდებისთვის.
_ მადლობა თქვენ. თქვენი იმედი მაქვს. თუკი ამ მიმართულებით რამე კარგი მოხდება, თქვენი დამსახურებაა, _ გვწერს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ოზურგეთიდან.
ჩვენ, ჩვენის მხრივ, მოვუწოდებთ თვითიზოლაციაში და მათთან კონტაქტში მყოფ პირებს, გამოვიჩინოთ მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნება და ნუ ჩავაგდებთ ერთმანეთთის ჯანმრთელობას საფრთხეში. მოვუსმინოთ სპეციალისტებს და გავითვალისწინოთ მათი რეკომნდაციები!