“გუმათის მცხოვრებლებს გადაადგილების პრობლემები აქვთ და აქედან გამომდინარე მოხდა აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეებს შორის საუბარი. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა“, _ ამის შესახებ „გურია ნიუსთან“ რიონის ხეობის მცველმა მარიტა მუსელიანმა ისაუბრა.
მუსელიანის თქმით, გზა პოლიციელებმა ჩაკეტეს.
„ეს გზა ჩაკეტეს პოლიციელებმა _ გზა გადაკეტილი აქვთ სამართალ დამცავებს და არა აქციის მონაწილეებს. ამ ეტაპზე გუმათის მცხოვრებლებს შემოვლითი გზით უწევს ერთ ადგილიდან მეორე ადგილზე გადაადგილება.
ისე გამოვიდა, რომ ამ ხალხს ვითომ ჩვენ ვუშლიდით ხელს გადაადგილებაში, არადა, პოლიციას აქვს გაკეთებული კორდონი და გზა _ გადაკეტილი.
ეს ის ადგილია, სადაც რკინის ბარიერები არის აღმართული და აქედან გამომდინარე, რამდენიმე ადამიანს ეშლება ხელი გადაადგილებაში, რადგან ცენტრალური გზა ჩაკეტილია.
საუბარი გვქონდა და იმ ადამიანებმა, რომლებიც ითხოვდნენ გზის გახსნას, გაგვიგეს და ისინიც ჩვენ გვერდით არიან“, _ გვითხრა მარიტა მუსელიანმა.
მარიტა მუსელიანმა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ვარლამ გოლეთიანი მცირე ხნით იმყოფებოდა:
“ვარლამი არც გაჩერებულა დიდი ხნით“, _ გვითხრა მარიტა მუსელიანმა.