ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აწუხებს, გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურაა. გამონაკლისი ამ შემთხვევაში არც სოფელი ჯურუყვეთია, რომლის მოსახლეობაც უკვე რამდენიმე წელია, სოფლის ცენტრალური გზის მოწესრიგებას ითხოვს.
“გზა კი არა, კურმუხეთია აქაურობა. ბავშვები წვიმაში ძლივს დადიან სკოლაში მაღალყელიანი “ვალინკით”. წლებია, ასეთი მდგომარეობაა. ორმოებია ყველგან, აუზი გეგონება. დავიჯეროთ, რომელიმე გამგებელს თუ მერს ერთხელ მაინც არ მოწევია აქ გავლა, რომ ენახა, რა მდგომარეობაა?! ჩვენი თუ არ სჯერათ, მოვიდნენ და საკუთარი თვალით ნახონ.
მანქანით რომ გაივლი, გეგონება გემში ზიხარ, ისე მიცურავ. ადრე ხრეშს მაინც ჰყრიდნენ, ახლა ესეც აღარაა. რა ისეთ დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული ამ გზის მოწესრიგება, რომ არ დაადგა საშველი?! ამ ეტაპზე ერთი გრეიდერი მაინც გადაატარონ, რომ ამ სიცივეში ხალხმა წყალში არ ვიცუროთ. სხვა თუ არაფერი, ბავშვები არიან ცოდვა. როდემდე უნდა ვიყოთ ასე უპატრონოდ?!” _ ამბობს უგზოობით შეწუხებული სოფლის მოსახლეობა.
ჯურუყვეთის მკვიდრის და საკრებულოს წევრის ამირან გიგინეიშვილის თქმით, შვიდი წლის წინ, როცა ის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა და სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსითაც სარგებლობდა, მაშინ აღნიშნული გზის მოსაწესრიგებლად თანხა მოძიებული იყო, თუმცა, ხელისუფლების ზოგიერთი მაშინდელი წარმომადგენლისგან საკითხი დაიბლოკა და პროექტი ვერ გახორციელდა.
ჯურუყვეთის მოქმედი დეპუტატი სპარტაკ კვაჭაძე ამბობს, რომ სოფელ ეწერიდან ჯურუყვეთის რკინიგზის გადასასვლელამდე გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს უნდა გახორციელდეს:
“უშუალოდ გზების დეპარტამენტიდან გვაქვს დაპირება, რომ 2020 წელს სოფელ ეწერიდან ჯურუყვეთის რკინიგზის გადასასვლელამდე უნდა გახორციელდეს გზის სრული რეაბილიტაცია და დაიგოს ასფალტის საფარი. თუ როდის დაიწყება პროექტის გახორციელება, ამ ეტაპისთვის ამის დაკონკრეტება არ შემიძლია, თუმცა, მიმდინარე წელს რომ შესრულდება სამუშაოები, ამას დანამდვილებით გეტყვით. ამასთან ეტაპობრივად მოწესრიგდება სოფლის შიდა გზებიც”, _ ამბობს სოფლის მაჟორიტარი.