ჰაიტიზე 7,2 მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებში უკვე 724 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, დაშავებულია სულ მცირე 2 800 ადამიანი. უცნობია დაკარგულების ზუსტი რაოდენობა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 304 დაღუპულის შესახებ.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სენ-ლუი დუ სუდიდან 12 კილომეტრში იყო. ბიძგები იგრძნობოდა მჭიდროდ დასახლებულ დედაქალაქ პორტ-ო-პრენსშიც.
კუნძულზე ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო აღმოფხვრილი 2010 წელს მომხდარი მიწისძვრით გამოწვეული ზარალი. მაშინ სტიქიამ 200 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.