ჰაშიში, ჰეროინი, კოკაინი, მარიხუანა და ექსტაზი _ ამ ნარკოტიკული ნივთიერებების შეკვეთას და შეძენას “ვაიბერის“ ქართველ მომხმარებლებს სმს შეტყობინებით სთავაზობენ.
შეთავაზებები მათ რამდენიმე დღის განმავლობაში მისდიოდათ. სმს რუსულენოვანია და მისი ავტორები ნებისმიერ მსურველს ნარკოტიკის შეძენას ან კურიერად დასაქმებას სთავაზობენ.
“თუ გსურს, შეიძინო ნარკოტიკული საშუალებები, მოგვწერეთ სმს–ის საშუალებით და შესაბამისი თანხის ჩარიცხვის შემდეგ ჩვენი კურიერი მოგაწვდით”, _ აღნიშნულია შეტყობინებაში.
„ევას“, „ალინას“ და სხვა სახელწოდების „ექაუნთიდან“ სმს შეტყობინება არაერთმა მომხმარებელმა მიიღო, აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელშიც წერენ.
„ნარკოტიკების სარეკლამო გზავნილი ჩემმა გოგომ, თათამ ვაიბერში მიიღო. ის 15 წლისაა. უკვე ასე, საერთო მაილებით ავრცელებენ და მოსახლეობას ჰაშიშის, გეროინის, კოკაინის და მოსაწევის ფართო ასორტიმენტს სთავაზობენ. მეტიც, აქვეა შეთავაზება ნარკო კურიერის პოზიციაზე. შეგნებულად წავშალე ტელეგრამის მისამართიც და ტელეფონის ნომერიც. ამ ნაბიჭვრებს რეკლამა რომ არ გაუკეთო. WTF??? გძინავთ ხალხო? რა ჯანდაბაა ესა???“ _ წერს ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში.
შეტყობინება მიიღო „გურია ნიუსის“ ჟურნალისტმაც. ტექსტი უცვლელია, თუმცა, ამ შემთხვევაში მას არა „ალინა“, არამედ „ევა“ აგზავნის.
„გურია ნიუსი“ მზად იყო აღნიშნულ შეტყობინებას წერილობით გამოვხმაურებოდა და ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა, რათა მეტი ინფორმაცია გაგვერკვია, სად როგორ და რა ფასად შეგვეძლო შემოთავაზებული ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, თუმცა, ექსპერიმენტის ჩატარება იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ გადავიფიქრეთ.
როგორც იურისტები განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარების უფლება ჟურნალისტს აქვს, შესაძლოა, ეს ქმედება სამართალდამცავებმა მაინც კანონდარღვევად მიიჩნიონ.
როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ლევან ვეფხვაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
„მსგავსი შინაარსის შეტყობინების მიღებისთანავე მოქალაქე უნდა დაუკავშირდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების დაწყების მოთხოვნით. თუ მოქალაქე დაინტერესდება კონკრეტული დეტალებით, ზედმეტი გართულებებს შეიქმნიან, რადგან ამას შესაძლებელია მოჰყვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი რეაგირება, მაგალითად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება ან სხვა მსგავსი ქმედება, რომ თავიდან იქნეს არიდებული დანაშაულებრივი ქმედება.
ნების გამოხატვის გამო, რომ მოქალაქეს სურს შეიძინოს ნარკოტიკული საშუალება, რა თქმა უნდა, ვერავინ დასჯის მათ. თუმცა, თუ მოქალაქეთა მხრიდან განხორციელდება კონკრეტული ქმედებები, რაც შეიძლება გამოიხატოს გადაადგილებაში, გარკვევაში, სად შეიძლება შეისყიდონ ნარკოტიკული ნივთიერებები, ან დარეგისტრირდნენ ე.წ. საიტზე, საიდანაც გამოიწერენ ნარკოტიკს და ამას შსს გაიგებს, ეს უკვე დასჯადი ქმედებაა. ამიტომ ყველა მოქალაქის მოწოდება უნდა იყოს, რომ მსგავსი ტიპის მესიჯის მიღებისთანავე შეატყობინოს შსს, რადგან მათ მიერ განხორციელებული თითოეული ქმედება შესაძლოა მათივე წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული“, _ აღნიშნავს იურისტი ლევან ვეფხვაძე.
რაც შეეხება აღნიშნულ შეტყობინებასთან დაკავშირებით გატარებულ სამართლებრივ ღონისძიებებს, როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, უწყება საქმის კურსშია და გამოძიება მიმდინარეობს.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის კურსშია და ამ მიმართულებით მუშაობს. დაწყებულია გამოძიება სსკ–ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვა–გასაღებას გულისხმობს“, _ აცხადებენ შსს-ში.
საქართველოს კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კრძალავს საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა პოპულარიზაციას და რეკლამას.
კერძოდ, “ამ კანონის მე-11 მუხლით აკრძალულია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სიებში შეტანილი ნივთიერებების ყოველგვარი პოპულარიზაცია და რეკლამა − ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და მათი შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, რეკლამის მიზნით წიგნების, ბროშურებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, მათ შორის, ინტერნეტის, გამოყენება, გარდა სპეციალიზებული პროფესიული ლიტერატურისა.
2. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების რეკლამა გულისხმობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, აგრეთვე ნებისმიერი სხვა საშუალებით ა და ფორმით გავრცელებულ მასალას ან/და ქმედებას, რომლის მიზანია ამ ნივთიერების გამოყენების პროპაგანდა.
3 . აკრძალულია: ა) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების რეკლამა;
ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების მოსახლეობისათვის რეკლამის მიზნით დარიგება.
სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე”, _აღნიშნულია კანონში.
რეკლამა, დეზინფორმაცია თუ თაღლითობა? _ რას შეიძლება უკავშირდებოდეს აღნიშნული სმს შეტყობინებების დაგზავნა, ამის გასარკვევად უსაფრთხოების ექსპერტს დავუკავშირდით.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას „ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო კვლევითი ცენტრის“ დირექტორი დავით კუხალაშვილი შეტყობინების შინაარსიდან გამომდინარე მისი გავრცელების და მიზნების შესახებ რამდენიმე მიმართულებაზე საუბრობს. თუმცა, მისივე აზრით, შეტყობინება დეზინფორმაციული ხასიათისაა.
„ეს დეზინფორმაციული შინაარსის შტყობინება მაღალი ალბათობით მიმართულია საზოგადოების განწყობების გამოსავლენად. ეს არის საზოგადოების ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანიდან მეორეხარისხოვანზე. რამდენიმე მიმართულებით შეიძლება მსჯელობა, თუმცა, ეს სამართალდამცავებმა უნდა გაარკვიონ კონკრეტულად რომელია სწორი.
გარდა ამისა, შესაძლებელია ამ შეტყობინების მიზანი მოწყვლადობის გარკვევა იყოს, ვისაც ეს შეტყობინება ეგზავნება _ რამდენად მოწყვლადები არიან ისინი ნარკოტიკების სარეალიზაციო ქსელში ჩასართავად.
კიდევ არის ერთი მიმართულება – კომპრომეტაცია, ვისაც უგზავნიან მათი, თუ მიმღები არ რეაგირებს შეტყობინებაზე, რადგან თვითონ შეტყობინება შინაარსობრივად სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს. ეს შესაძლებელია აგრეთვე იყოს ანტი ან პრო ნარკოტიკული კომპანიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც საბოლოო ჯამში შესაძლოა საკანონმდებლო გადაწყვეტილებისთვის და საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას ისახავდეს მიზნად“, _ აღნიშნავს კუხალაშვილი და დასძენს: როცა ვსაუბრობთ დეზინფორმაციაზე, ფაქტია, რომ ხელისუფლება და მისი სტრუქტურა _ კონტრსადაზვერვო სამსახური ამ მიმართულებით უნდა დაინტერესდეს, რადგან დეზინფორმაცია ცალსახად ჩანს, ამის ყველა ნიშანია. ეს კი სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
„პრაქტიკაში ასეთი სახის ინფორმაციების გადაცემა, ასე ღიად და ორგანიზებულად ძალიან ნაკლებად ხდება. ნარკოკარტელების მუშაობა ამ პრინციპს ნაკლებად იყენებს, ის უფრო კონსპირაციაზეა დამყარებული. მე ერთი ნიშანი მაინტერესებს – თუ ჟურნალისტები არიან ამის ობიექტი, აქ შეგვიძლია მხოლოდ იმაზე ვისაუბროთ რაც ზემოთ ჩამოვთვალე – ეს არის განწყობის შესწავლა და კომპრომეტაცია. ბოლო წლებია საქართველოში მიდის აზრის ჭიდილი, რომ ნარკოტიკების ლეგალიზაცია მოხდეს. ყველა ამ აქციას კი როგორც ხელშემწყობი და დამფინანსებელი, ასევე პროპაგანდისტული მხარდამჭერი ჰყავს, შესაძლოა, ამ კუთხითაც მიმდინარეობდეს მუშაობა. შეისწავლონ საზოგადოების განწყობა. რა კოეფიციენტიც ექნებათ მათ იმის შესაბამისად გააკეთონ შემოთავაზებაც.
თქვენ შესაძლოა დღეს ამას ყურადღება არ მიაქციოთ, მერე კი ეს თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. ვინ მართავს ამ ყველაფერს, ამის ასე დადგენა და გამოკვლევა ძალიან ძნელია. თუმცა, სამსახურებს, ინც კომპეტენტურია, შეუძლიათ იმის გამოვლენა მაინც, რომელი ქვეყნიდან მოხდა ამის გავრცელება“, _ აღნიშნა კუხალაშვილმა.
რაც შეეხება პერსონალურ მონაცეთა დაცვის ინსპექტორის აპარატის პოზიციას, თამარ ქალდანის უწყება მოქალაქეებს სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვას ურჩევს.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალური ქსელებით არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა. იქიდან გამომდინარე, რომ შეტყობინება გამოგზავნილია Viber-ის საშუალებით და სავარაუდოდ, არა საქართველოში რეგისტრირებული ნომრიდან, შეტყობინების შინაარსიდან გამომდინარე კი შესაძლოა საქმე გვქონდეს სისხლის სამართლის დანაშაულთან, ინსპექტორის აპარატი მოქალაქეებს სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვას ურჩევს“, _ აცხადებენ პერსონალურ მონაცეთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.