დღეს მორიგი სახალისო მოგონებები უნდა წარმოგიდგინოთ. ტრადიციას არ დავარღვევ და სიტყვას კვლავ ქართველ სამართალდამცავებს მივცემ.
„ისტორიების“ პირველი სტუმარი ბატონი მალხაზ გოგიშვილი იქნება.
„ვისაც მოსკოვის მილიციის აკადემიაში უსწავლია, აუცილებლად ემახსოვრება აკადემიის საერთო საცხოვრებლის კომენდანტი – სტეპანიჩი. ის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იყო და დიდ თაყვანს სცემდა სტალინს. ქართველებიც ძალიან უყვარდა და მეც დამიახლოვდა. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა. ამიტომ, როცა თავისუფალი დრო გვქონდა, კალინინის გამზირზე, ერთ პატარა „ზაბეგალოვკაში“ შევდიოდით და ვქეიფობდით.
ერთხელ ქეიფი გაგვიგრძელდა და საერთო საცხოვრებლისკენ ფეხით გავემართეთ. იმ პერიოდში მოსკოვში როკერები მომრავლდნენ. თუკი სადმე შავგვრემანს მარტო მოიხელთებდნენ, ვაი მისი ბრალი. მეც შავგვრემანი ვარ და ჩემდა საუბედუროდ, ცარიელ ქუჩაში ოთხი მოტოციკლით რვა როკერმა ალყა შემოგვარტყა.
– შენ, მოხუცო, გაიწი, ამ შავტრაკას კი კარგად დავაგუნდავებთ, – ბრძანა როკერების შეფმა და ფოლადის ჯაჭვი დაატრიალა.
– მე თქვენ დაგაგუნდავებთ! – უყვირა ჯაჭვიან აყლაყუდას სტეპანიჩმა და ჯერ მარჯვენა ხელით მარცხენა თვალი გამოიღო, შემდეგ კი მარცხენა ხელი მოიძრო. თვალი ჰაერში ააგდო და მარჯვენაში ჩაბღუჯული თავისი მარცხენით, როკერს ჰაერში აგდებული ბეისბოლის ბურთივით სტყორცნა და შიგ ცხვირში მოარტყა…
ბევრი რომ არ გავაგრძელო, როკერს ერთი კი აღმოხდა: ზომბიო!.. შემდეგ ოთხივემ მოტოციკლები დაქოქეს და სასწრაფოდ გაცვივდნენ იქიდან. თუმცა, ერთი წყვილი ხეს შეეჯახა, მეორე კი – სანაპიროს ჯებირს და მდინარე მოსკოვში ჩაცვივდნენ.
ალბათ, მიხვდით, რომ სტეპანიჩი ინვალიდი იყო, მარცხენა თვალი და ხელი ხელოვნური ჰქონდა, როკერები კი ამას ვერ მიხვდნენ. ოთხი მათგანი ამის გამო საავადმყოფოში მოხვდა“.
ბატონი მალხაზის შემდეგ „მილიციონერულ-პოლიციურ“ ესტაფეტას ბატონი ნიკოლა შკირინი გააგრძელებს.
„მოსკოვში რომ ვმუშაობდი, განყოფილებაში ერთი კაპიტანი მყავდა, გვარად ნესმეიანოვი (გაუცინარი). ისეთი ხეპრე და ბრიყვი იყო, რომ თავის გვარს აბსოლუტურად ამართლებდა. მცირედი დარღვევისთვის, ღვიძლ შვილსაც კი არ დაინდობდა და დაიჭერდა.
ერთხელ მე და ნესმეიანოვი მორიგეები ვიყავით. მე სამმართველოში, ის კი – ოპერატიულ ჯგუფთან ერთად ქალაქში პატრულირებდა. შუაღამისას სამმართველოში ჩოჩქოლი ატყდა. ჩემს კაბინეტში ცნობილი რეჟისორი იური ოზეროვი და ცნობილი მსახიობი მიხეილ ულიანოვი შემოვიდნენ. მივხვდი, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდა. ორივე ძალიან აღელვებული იყო. ვერაფერი გამაგებინეს და მხოლოდ იმას მივხვდი, რომ ნესმეიანოვმა ვიღაც დააკავა და ძერჟინსკის რაიონის მილიციაში დაკითხვაზე ჰყავდა მიყვანილი. მე სასწრაფოდ დავრეკე იქ და ნესმეიანოვს ვკითხე:
– რაშია საქმე?
-ჰიტლერი დავაკავე, ლენინს მიაშარდა, – მიპასუხა ხეპრე კაპიტანმა.
ვერაფერს მივხვდი და ყურმილი დავკიდე. ოზეროვისა და ულიანოვის გარეშე რაიონულ მილიციაში გავვარდი, რომ ყველაფერი ადგილზე გამერკვია. მივედი. დასაკითხ ოთახში შევედი და გავშეშდი. ოფლში გაწურული ნესმეიანოვი ფიურერის ფორმაში გამოწყობილ ჰიტლერის მსგავს არსებას, რომელიც ძალიან შეშინებული იყო, დაკითხვას უტარებდა.
– ლენინს როგორ მიაფსი, შე ფაშისტო, შენა, – ღრიალებდა კაპიტანი. აკანკალებული „ფიურერი“ კი პასუხობდა:
– ნე პონიმაი, ნე პონიმაი (არ მესმისო)…
თავიდან მეც დავიბენი. ამ დროს რეჟისორი ოზეროვი და მსახიობი ულიანოვიც მოვიდნენ და გაირკვა, რომ ჰიტლერი გერმანელი მსახიობი ფრიც დიცი იყო. ის მოსკოვში იმყოფებოდა და კინოეპოპეა „გათავისუფლებაში“ იღებდა მონაწილეობას, რომელსაც ოზეროვი იღებდა. შესვენების დროს გრიმიანი მსახიობი ქუჩაში გამოსულა. ლენინის ბიუსტისთვის მიუშარდავს და ამ დროს მას თავზე ნესმეიანოვიც წამოადგა და „ჰიტლერი“ დააკავა…
მსახიობი, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ გავათავისუფლეთ, მაგრამ ისე იყო შეშინებული, რომ კუჭი აეშალა და მოულოდნელად ფაღარათი დაემართა.
დღევანდელ მოგონებებს ბატონი გურამ ბადრიძე დაასრულებს.
„ცხინვალის მილიციაში ერთი ოპერი მუშაობდა, ვინმე ბესთა ბეყოევი და მისი მთელ ქალაქს ეშინოდა, რადგან სასტიკი ცემა იცოდა. თანაც, საკმაოდ ბრიყვი იყო და ჩემი მეგობარი ტიტე სარია ხშირად აგებდა ხოლმე მას თავის ოინებზე.
ერთ მშვენიერ დღეს, სამსახურში მოსულ ბესთას კიბეებზე აქოშინებული ტიტე შეხვდა. ტიტე კი იმიტომ იყო აქოშინებული, რომ მანამდე ჩემთან იყო და „ატჟიმანიებში“ მეჯიბრებოდა. წააგო და მკვახე ხასიათზე დადგა:
– რა ძლივს სუნთქავ, ტიტე, რა გჭირს? – ჰკითხა ბესთამ სარიას.
– ერთი რუსი დავიჭირეთ ამ დილით. მოსკოვში მილიციელი მოკლა. დავკითხე და ვერ გამოვტეხე. ამან გამაოფლიანა და ამაქოშინა. იქნებ შენ აალაპარაკო, – მიუგო ბესთას ტიტემ. უთხრა, თუ რომელ ოთახში იყო რუსი და წავიდა.
ბესთა პირდაპირ მითითებული ოთახისკენ გაემართა. შევიდა და კარი ჩაკეტა. რუსი მაგიდასთან იჯდა. წერდა და ბესთასთვის არც კი შეუხედავს. ბეყოევმა კი იმ კაცს ჯერ სკამი გამოაცალა და ძირს დააგდო, შემდეგ კი იმდენი უბაგუნა, რომ საჭირო ჩვენება დააწერინა. ბოლოს ხელბორკილები დაადო და თავის ჩვენებიანად მილიციის უფროსს მიჰგვარა კაბინეტში.
ნაცემ-ნაბეგვი რუსის დანახვაზე, მილიციის უფროსს კინაღამ გული გაუსკდა. საქმე კი ის იყო, რომ ის რუსი, ჩინით მაიორი, მოსკოვიდან ჩამოსული რევიზორი გახლდათ და ცხინვალის მილიციის მუშაობას ამოწმებდა“.