იაპონელი კლასიკოსის აკუტაგავას მოთხრობაში ,,ცხვირი” მოთხრობილია გრძელცხვირა ბერი ზენტის შესახებ, რომელიც ყველანაირად ცდილობდა რათა დაემოკლებინა საკუთარი ცხვირი, რაც ბოლოს შესძლო კიდევაც. თუმცა მას არაფერი კარგი არ მოუტანია პატრონისთვის და მალე ცხვირი ისევ პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა. იაპონელი ბერისგან განსხვავებით ჰოლივუდში დიდი, გრძელი, კარტოფილა, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ცხვირი შეიძლება წარმატების, პოპულარობისა და შემოსავლის წყაროდ იქცეს. ამაში გვარწმუნებენ ის მსახიობები, რომლებიც ოსკარის მისაღებად ყველანაირ ხრიკებს მიმართავდნენ (და განაგრძობენ ამის კეთებას) რათა მამა_პაპათაგან მოცემული ყნოსვის ამ ორგანოს რამენაირად სახე შეუცვალონ (უმეტესწილად ეკრანზე) და ამით დაიპყრონ არა მარტო მაყურებელთა, არამედ აკადემიის წევრთა გულებიც.
როგორც ამ საქმის (ანუ კინოცხვიროსანთა) მცოდნეები აღნიშნავენ ყველაზე ,,ცხვირიანი” ფილმი ეს არის ალფრედ ჰიჩქოქის ბრწყინვალე თრილერი ,,ჩრდილოეთისაკენ ჩრდილო დასავლეთით”. საქმე იმაშია რომ ფილმის ფინალში, ყველაზე დაძაბულ და ამავე დროს გონებამახვილურ ეპიზოდში, რომელიც ცნობილ მაუნთ რაშმორის კომპლექსზე, კლდეში გამოქანდაკებულ ამერიკელი პრეზიდენტების უზარმაზარი პორტრეტებზე ხდება, ფილმის მთავარი გმირები ქერი გრანთი და ივ მერი სენთი მკვლელს გაურბიან და სამალავად პრეზიდენტების ცხვირებს იყენებენ. ამერიკაში კარიერაგაკეთებულ ინგლისელ ჰიჩქოქს ყოველთვის ახასიათებდა იუმორის გრძნობა, რაც მშვენივრად გამოიხატა სცენაში, როცა გრანთი ჯორჯ უოშინგთონის ცხვირზე ლამობს აძრომას. საინტერესოა, რომ ფილმის სათაურის ერთ_ერთი ვარიანტი ასე ჟღერდა_ ,,ადამიანი ლინქოლნის ცხვირზე”, მაგრამ ბოლოს მისმა კლასიკურმა სათაურმა გადაწონა, სხვა შემთხვევაში ვინ იცის რა შედეგს მივიღებდით. ისიც აღსანიშნავია, რომ ჰიჩქოქს არ მისცეს საშუალება რათა გადაღება ნაღდ მაუნთ რაშმორზე ჩაეტარებინა (ისევე როგორც გაეროს შენობაში, პირველად ამის ნება სიდნი პოლაკს დართეს ფილმისთვის ,,მთარგმნელი”), ამიტომ მოუხდა დეკორაციების გაკეთება.
სტივენ დოლდრის ფილმში ,,საათები” ბრწყინვალე აქტიორული ანსამბლია შეკრებილი (მერილ სტრიპი, ჯულიან მური, ედ ჰარისი), მაგრამ ოსკარი მხოლოდ სახეგადაკეთებულ ნიკოლ კიდმენს ხვდა წილად. კიდმენს გრიმიორებმა იმდენად შეუცვალეს გარეგნობა, რომ კულუარებში ხუმრობდნენ: აკადემიკოსებმა მსახიობი ვერც კი იცნეს და ისე მიანიჭეს ჯილდოო. ამ მშვენიერ ქალბატონს ცხვირი ისე უბადლოდ ჰქონდა გაკეთებული, რომ თვით მის პროტოტიპს, ვირჯინია ვულფსაც კი შეშურდებოდა. სპეცეფექტების ოსტატი სთენ უინსთონი, რომელსაც ბევრი ცხვირი აქვს ნაკეთები და ამ საქმის ნაღდი პროფესიონალია (მის ხელს ეკუთვნის მაიქლ ჯექსონის ცხვირი ფილმში ,,ჯადოქარი”, აგრეთვე მან გადააქცია როდ სთაიგერი 30_40 წლების პოპულარულ კომიკოსად W.C. ფილდსად, რომელსაც უზარმაზარი ცხვირი ჰქონდა, ფილმში ,, W.C. ფილდსი და მე” და მრავალი სხვა). იგი აცხადებს რომ ახალი ცხვირი აძლევს მსახიობს ახალი მწვერვალების დაპყრობის შანსს. ასეა ეს თუ არა, ამას ამერიკული კინოს ისტორიის ზერელე გადახედვაც კი გვიჩვენებს.
პირველი გრძელცხვირა ვინც ოსკარი მოიპოვა, იყო ხოსე ფერერი. იგი ცნობილია როგორც ბრწყინვალე პროფესიონალი. მისი პირველი ცოლი თეატრალური მსახიობი უთა ჰაგენი გახლდათ, ხოლო მესამე კი ჯორჯ ქლუნის დეიდა მომღერალი როზმარი ქლუნი. ფერერმა ოსკარი მიიღო 1950 წელს სირანო დე ბერჟერაკის როლისათვის ამავე სახელწოდების ფილმიდან. აკადემიის უმაღლესმა ჯილდომ მას პოპულარობა მოუტანა, მაგრამ ამის შემდეგ მსახიობს არაფერი მნიშვნელოვანი არ შეუქმნია. იმასაც ამბობენ, რომ ფერერს ყველანაირად ხელს უშლიდნენ, რადგან მან საყოველთაო წითელი საფრთხის პერიოდში, შემოკლებით მაკკარტიზმის ხანას რომ ეძახიან, უარი განაცხადა ეთანამშრომლა და ,,ჩაეშვა” თავისი ახლობლები. ხოსე ფერერი ჩვენთვის იმიტომაც არის საყურადღებო ფიგურა, რომ მან გიორგი პაპაშვილის ბესთსელერის ,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს” Anything Can Happen (ჩვენთან ის დაიბეჭდა სახელწოდებით ,,ქვეყანა, სადაც შეიძლება ყველაფერი მოხდეს”) მიხედვით დადგმულ ფილმში (რეჟ. ჯორჯ სითონი, 1952 წ) შექმნა ქართველი ემიგრანტის სახე და მშვენივრად შეასრულა ,,სულიკო” (თუმცა თავად ფილმი ძალიან სუსტი გამოვიდა).
ორმოცი წლის შემდეგ სირანო დე ბერჟერაკის როლი ითამაშა ჟერარ დეპარდიემ. თუმცა იგი საკუთარი ცხვირის ზომებს არასოდეს უჩიოდა, მაგრამ უფრო მოზრდილი ცხვირის გაკეთებაზეც დათანხმდა. სირანო დე ბერჟერაკის როლისთვის იგი ოსკარზე იყო წარდგენილი. ამ ფილმის შემდეგ ევროპაში სახელგანთქმული ფრანგი ჰოლივუდში და შესაბამისად, მთელს მსოფლიოშიც აღიარეს. სირანოს როლი თანამედროვე ინტერპრეტაციით ითამაშა ამერიკული კინოს ერთ-ერთმა ყველაზე სასაცილო მსახიობმა სთივ მართინმაც. ფილმში ,,როქსანა” იგი პატარა პროვინციალური ქალაქის სახანძრო რაზმის უფროსია, რომელსაც შეუყვარდება ქერათმიანი ლამაზმანი დერილ ჰანა და ბოლოს მისი გულის მოგებას შესძლებს და დაამტკიცებს რომ მთავარი ცხვირის სიგრძე არ არის. ამ როლისთვის მართინი ,,ოქროს გლობუსზე” იყო წარდგენილი.
1965 წელს ამერიკული კინოს ,,მაჩო” გმირი ლი მარვინი ცხვირმა, უფრო სწორედ ცხვირის უქონლობამ სუპერვარსკვლავების რანგში აიყვანა. კომედიურ ვესთერნში ,,ქეთ ბალუ” მან შეასრულა ტყუპი ძმების როლი, ლოთისა და მისი ბოროტი ორეულისა, რომელსაც ცხვირი ჩხუბში მოაჭამეს და ამის გამო იგი რკინის ცხვირს ატარებდა. მარვინი არც კი ოცნებობდა ჯილდოს მოპოვებაზე. მისი ერთ_ერთი მოწინააღმდეგე იყო როდ სთაიგერი, რომელიც ცერემონიალზე მის უკან იჯდა. მარვინი სთაიგერს მიუტრიალდა და უთხრა: ,,იცი, შენ წინ რატომ დამსვეს? როცა შენ სახელს დაასახელებენ, მე ფეხს დაგიდებ და შენ გასიებულ უკანალზე მოჯდები”. ყველასთვის მოულოდნელად გამარჯვებულად მარვინი დაასახელეს. როგორც თვითმხილველები იუწყებიან, ამის გაგონებაზე სთაიგერი კინაღამ დაიხრჩო. სცენაზე ასულმა მარვინმა კი თქვა: ,,ჩემი კარიერისათვის მე ძალიან ბევრ ადამიანს უნდა გადავუხადო მადლობა. ვფიქრობ, რომ ოსკარის ნახევარი ნაღდად ჩემს პარტნიორ ცხენსაც ეკუთვნის.”
ცხვირი, როგორც სასიგნალო მანიშნებელი, გამოყენებულია ჯორჯ როი ჰილის ,,აფერაში”, სადაც თაღლითები რაიმე საფრთხისა თუ ოპერაციის დაწყების შემთხვევაში ერთმანეთს ცხვირზე თითის მიდებით ანიშნებდნენ. მაგრამ ამან ვერ უშველა ჯექ ქიჰოს გმირს, როცა დეტექტივმა (ჩარლზ დერნინგი) მას ცხვირით მაგიდაზე არტყმევინა. ფილმის დარჩენილ ნაწილში ქიჰოს გმირი ცხვირგადახვეული დადის.
1974 წლის ოსკარზე ერთ-ერთი რეალური პრეტენდენტი ჯეკ ნიკოლსონი გახლდათ ,,ჩინურ კვარტალში” განსახიერებული როლისთვის. ერთ ეპიზოდში ფილმის რეჟისორი რომან პოლანსკი ნიკოლსონის გმირს დანით ლამის მთელ ცხვირს წააცლის, ამიტომ ფილმის მეორე ნაწილში ნიქოლსონი გადახვეული ცხვირით თამაშობს. ბევრი ზუსტად მას უწინაწარმეტყველებდა ოსკარს, მაგრამ ჯილდო ერგო ართ ქარნის, მიუხედავად იმისა რომ სხვა ნომინანტთა შორის იყვნენ ალბერტ ფინი, დასთინ ჰოფმანი და ალ პაჩინო.
1980 წელს ორი დიდი მსახიობი ეპაექრებოდა ერთმანეთს, ორივე რეალურად არსებული პიროვნებების განსახიერებისათვის: პირველი იყო ჯონ ჰერთი დეივიდ ლინჩის ფილმიდან ,,ადამიანი სპილო”. მას ისეთი გრიმი ჰქონდა დადებული სახეზე რომ ვერ გაარჩევდი სად იყო ჰერთი და სად სპილო, მეორე კი რობერტ დე ნირო მარტინ სქორსეზის ,,მძვინვარე ხარიდან”, სადაც მსახიობმა აჩვენა ნატურალისტური კინოთამაშის უბადლო მაგალითი და შექმნა კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ძლიერი პერსონაჟი, რეალურად არსებული მოკრივე ჯეიკ ლამოტა. დე ნირომ გაიმარჯვა, ამისთვის მას არა მარტო ცხვირის ფორმის შეცვლა, არამედ გასუქებაც მოუხდა _ დე ნირომ თითქმის ოც კილოგრამზე მეტი მოიმატა. მსახიობი ამბობდა: ,,ბევრი ჩემი ახლობელი ვერც კი მცნობდა…. საკვირველია, მაგრამ ბევრ ქალს ასეთი მსუქანი მოვწონდი, მათ სათამაშო დათვს ვაგონებდი”. ამ როლმა მას მეორე დამსახურებული ოსკარი მოუტანა. ოსკარის მიღებისას მსახიობმა მადლობა გადაუხადა უკლებლივ ყველა ნათესავს, ახლო თუ შორეული წინაპარს, ამის გარდა ლამოტას ძმას ჯოის. ეს უკანასკნელი ფილმის შემქმნელებს სასამართლოში უჩიოდა მისი სახის არასახარბიელოდ ჩვენებისათვის. მისი როლი ფილმში ჯო პეშიმ განასახიერა.
ოსკაროსან ცხვიროსნებს შორის არიან ისეთებიც, რომელთაც გრიმიორის ხელი არ მიჰკარებია და ამაში წვლილი მხოლოდ ბუნებას მიუძღვის. 1951_54 წწ კარლ მოლდენმა, რომლის ცხვირს ელექტრონათურასაც ადარებენ ხოლმე, ორჯერ აიღო ოსკარი. ასევე მასიური ცხვირით გამოირჩევა ფრანგების სათაყვანებელი გმირი ჟან პოლ ბელმონდო, რომელსაც სამწუხაროდ ეს ჯილდო არ ღირსებია.
1969 წელს უილიამ უაილერის ,,სასაცილო გოგონამ” დებიუტანტი ბარბრა სთრეიზანდი ვარსკვლავად გახადა და მისი პირველივე ნამუშევარი კინოში ოსკარით აღინიშნა. აკადემიის უმაღლესი ჯილდო 26 წლის ბარბრამ გაინაწილა კინოს ლეგენდა ქეთრინ ჰეფბერნთან ერთად, ასეთი რამ მეორედ მოხდა ოსკარის ისტორიაში, პირველად ეს იყო 1932 წელს, როცა ფრედერიქ მარჩმა და უოლეს ბირიმ მამაკაცის საუკეთესო როლებისთვის ერთდროულად მიიღეს ოქროს ქანდაკება. ,,მშვენიერი ამერიკული ვარდი მშვენიერი ამერიკული ცხვირით”, ასე ეძახიან ბარბრა სთრეიზანდს. სხვა ცნობილი მსახიობებისაგან განსხვავებით იგი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო საკუთარი გარეგნობის შეცვლისა. ერთხელ ლონდონში ყოფნისას სოფი ლორენმა მას უთხრა: ,,ყველაფერს მივცემდი თქვენნაირი ხმა რომ მქონოდა. სთრეიზანდმა კი უპასუხა: ,,მე თქვენნაირი გარეგნობა რომ მქონოდა, საერთოდ ხმის ამოღებაც არ დამჭირდებოდა.”
თანამდეროვე ამერიკელი ოსკაროსანი ცხირა მსახიობთა შორის ნამდვილი ჩემპიონი ედრიენ ბროუდია, რომელმაც თავი რომან პილანსკის ფილმით ,,პიანისტი” დაგვამახსოვრა, ამ ფილმისთვის რეჟისორმა დაუსწრებლად მიიღო ოსკარი, რადგან ამერიკაში მას მაშინვე დააპატიმრებდნენ ძველი ცოდებისთვის, არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიერებისათვის, მიუხედავად იმისა რომ მისი ეს ინციდენტი დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, ქალადქცეულ გოგონასაც პრეტენზიები არ გააჩნია, თავის დროზე მან საკმაო თანხა მიიღო პოლანსკისაგან მაგრამ ამერიკული ფემიდას და პურიტანულ საზოგადოებას არ სძინავს.. პოლანსკიმ თავის დროზე პირადი ტრავმა გადაიტანა, როდესაც საკუთარ სახლში მისი ულამაზესი ორსული მეუღლე მსახიობი შერონ თეითი სხვა სტუმრებთან ერთად საშინელი სისასტიკით იყო მოკლული ჩარლზ მენსონის სექტსის ე. წ. ,,ოჯახის” მიერ.
ცხვიროსანი ოსკაროსნებისა და არაოსკაროსნების სია ამით არ დამთავრებულა და ალბათ მომავალშიც გაიზრდება. სამწუხაროა რომ ქართველებიდან ვერავინ მიაღწია ჰოლივუდამდე, თორემ ყველანაირი გრიმისა და კინოხრიკების გარეშეც ჩვენებურ ცხვირებს არანაირი კონკურენცია არ ექნებოდა.