დღეს, “გულისტანის“ გაფიცული მუშები გურიის გუბერნატორს გიორგი სახოკიას და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე შარაშენიძეს შეხვდნენ. შეხვედრა გურიის გუბერნატორის ოთახში შედგა.
ორსაათიან შეხვედრას მედიის წარმომადგენლები არ დაასწრეს.
კითხვაზე, თუ რაზე იყო საუბარი შეხვედრაზე, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და მონაწილემ ლადო ურუშაძემ გვიპასუხა, რომ დეტალებს მედიასთან ამ ეტაპზე ვერ დააკონკრეტებდა:
“გადავდივართ მთავარ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება აქციის მონაწილეებსა და “გულისტანის“ წარმომადგენლებს შორის. შეხვედრის თარიღი უცნობია. ახლა ისევ ვბრუნდებით “გულისტანში“ და პროტესტი კვლავ გრძელდება“, _ გვითხრა ლადო ურუშაძემ.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის კორდინატორმა ირაკლიმ მხეიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ აღნიშნული შეხვედრის ზუსტი თარიღი არც მისთვის არ არის ცნობილი:
“კარგია ის, რომ 21 დღის შემდეგ გუბერნატორმა და მერმა იკისრეს მედიატორის როლი და ორივე მხარეს შორის შედგება მოლაპარაკებები. მეტი თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია“, _ გვითხრა ირაკლი მხეიძემ.
შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში აქციის მონაწილეები “გულისტანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაბრუდნენ. მათი პროტესტი გრძელდება _ ისინი სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას და ხელფასების მატებას ითხოვენ.