თბილისის მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთიანი სისტემის დანერგვაზე მუშაობს.
როგორც ცნობილია, თბილისის მერიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის კვლევას ითვალისწინებს.
კვლევის ჩატარება ფრანგულმა კომპანია „სისტრამ“ აპრილში დაიწყო და საბოლოო რეკომენდაციები წელიწადსა და 5 თვეში უნდა გასცეს.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთიანი სისტემის დანერგვამ საზოგადოებაში წარმოშვა აზრი, რომ შესაძლოა, მეტროთი და ავტობუსებით მგზავრობის ღირებულება სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასურს გაუთანაბრდეს.
შეეხება თუ არა ცვლილება სამგზავრო ტარიფს, რას ითვალისწინებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთიანი სისტემის დანერგვა_ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ მერიის ტრანსპორტის სამსახურს ესაუბრა.
როგორც უწყებაში ამბობენ, დედაქალაქში საკმარისი რაოდენობის ავტობუსები არ არის, კვლევა კი აჩვენებს თუ როგორი ავტობუსები უნდა შეიძინოს მერიამ.
მერიის ტრანსპორტის სამსახურში ასევე ამბობენ, რომ კვლევა სამარშრუტო ხაზების თავიდან დაგეგმვას ითვალისწინებს.
„გვაქვს ძალიან დიდი გეგმები საზოგადოების ტრანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებით. უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ 700 ავტობუსის შეძენას. ის რაოდენობა რაც დღეს ქალაქშია, არ არის საკმარისი. ჩვენი მიზანი მხოლოდ ავტობუსების და თუნდაც მეტროს ვაგონების გაზრდით არ შემოიფარგლება. „სისტრამ“ უნდა ჩაატაროს კვლევა და წელიწადსა და 5 თვეში გასცეს რეკომენდაციები, რაც გულისხმობს, თითოეული მარშრუტის თავიდან დაგეგმვას. თითოეულ მარშრუტზე როგორ ხდება მგზავრის გადაადგილება. მათ შორის ფეხით გადაადგილების მარშრუტები, რა შემთხვევაში დასჭირდება მგზავრს გადაჯდომა ერთი მარშრუტიდან მეორეზე. განისაზღვრება როგორი ავტობუსია საჭირო, დიდი თუ პატარა, რა ინტერვალით უნდა იმოძრაოს, სად დაიწყებს ტრანსპორტი მოძრაობას და სად დაამთავრებს, იყოს მგზავრზე ორიენტირებული და ასევე გადახდაც მარტივი“, _ ამბობენ უწყებაში.
მერიის ტრანსპორტის სამსახურში ასევე განმარტავენ, რომ დოკუმენტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ერთიანი გადახდის სისტემის შეთავაზებაა, თუმცა, ამ საკითხზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ მერიასთვის მნიშვნელოვანი სოციალური კომპონენტია და თუ რეკომენდაციები არ იქნება მისაღები, მაშინ ის დაკორექტირდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია მერიისთვის სოციალური კომპონენტი. მერია ყოველ წელს მიახლოებით 60 მილიონი ლარით აფინანსებს შეღავათიან და უფასო მგზავრობას და ეს მეტყველებს იმაზე, რომ სოციალური მომსახურება მერიისთვის მნიშვნელოვანია. ჯერ კვლევა არ დასრულებულა, შესაბამისად რა რეკომენდაციებს შემოგვთავაზებს არ ვიცით და თუ ის იქნება მგზავრისთვის ჩვენი პოლიტიკისთვის შესაბამისი მერია გაითვალისწინებს ან დაკორექტირდება“,_ამბობენ მერიის ტრანსპორტის სამსახურში.
როგორც უწყებაში „გურია ნიუსს“ უთხრეს, ტრანსპორტის ღირებულების გაძვირების საკითხი არ განიხილება.
„მერია არც კი განიხილავს საზოგადოების ტრანსპორტის გაძვირების საკითხს“, _ განაცხადეს მერიის ტრანსპორტის სამსახურში.
კალაძის განმარტებით, თუ ადამიანი მეტროთი მგზავრობისას იხდის, ეს გადახდა შესაძლოა გამოიყენოს ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსით და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, დროის გარკვეულ მონაკვეთში.